ქვევრში „დამალული“ მომღერლები

ქვევრში „დამალული“ მომღერლები

რამდენიმე დღის წინ ერთ სუფრაზე ვიმყოფებოდი. როდესაც ქეიფი თავის ეშხში შევიდა, იქ მყოფი საზოგადოება ლაპარაკის გუნებაზე მოვიდა და ათასი მართალ-ტყუილი ისტორიების მოყოლა დაიწყო. ერთ-ერთმა სტუმარმა წინა საუკუნის 30-ან წლებში, მოსკოვის დიდ თეატრში მომხდარი დაუჯერებელი ისტორია გაიხსენა. მთხრობელმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ამბავი ერთ-ერთ ქართულ გაზეთში წაიკითხა და მისი ავტორი ცნობილი მსახიობი გივი სიხარულიძე ბრძანდებოდა.

სახლში დაბრუნებული ინტერნეტს მივუჯექი და „ქვევრისა და მომღერალი ქალბატონების“ ამბავი საგულდაგულოდ მოვიძიე. დღეს კვირაა და მორიგი სახალისო ისტორიები უნდა წარმოგიდგინოთ. ნება მომეცით მოგონებები სუფრაზე გაგონილი „ორიგინალური“ შემთხვევით დავიწყო. ამ ამბავს ბატონი გივი სიხარულიძის სიტყვებით გადმოგცემთ.

„მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო ქართული კულტურის დღეები. ლავრენტი ბერიას დაურეკა მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის უშიშროების „ნარკომმა“ ეჟოვმა და ამის შესახებ ამცნო. ბერიამ იმ დღესვე შეკრიბა ბიუროს წევრები, შეატყობინა დავალების ამბავი და კულტურის მინისტრს უბრძანა, მეორე დღიდანვე დაეწყო მზადება. საქმეს სათავეში, იმ დროისთვის, ყველაზე ცნობილი რეჟისორი ჩაუყენეს. კვირაში ერთხელ, ქალაქის პარტიული კომიტეტის მდივანი და კულტურის მინისტრი ერთად ამოწმებდნენ სამზადისის შედეგებს.

მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა და მოსკოვში წასვლამდე ათი დღით ადრე, დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, რომელსაც თავად ბერია ესწრებოდა. გაიხსნა ფარდა და სცენაზე ქართულ ეროვნულ კაბაში გამოწყობილი ქალი გამოჩნდა, რომელმაც მისასალმებელი ტექსტი წაიკითხა და პირველ ნომრად გამომსვლელთა სიაში, ბელადისადმი მიძღვნილი სიმღერით, დები შუშხიაშვილები დაასახელა. სცენაზე ქართულ კაბებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილი 9 ქალბატონი გამოჩნდა.სამწუხაროდ მომღერლები გარეგნული სილამაზით თავს ვერ დაიკვეხნიდნენ. ბერია სილამაზის დიდი მოტრფიალე იყო და კინაღამ გადაირია ამ ქალების შემხედვარე. წამოხტა და დაიყვირა - როგორ მოგაფიქრდათ რეჟისორს და კულტურის მინისტრს, ბელადის წინაშე, ქართველი ქალები ასეთი სახით წარგედგინათო! მათ თავი იმართლეს, რა ვქნათ ბატონო, ამათზე კარგად ვერავინ მღერის დღეს საქართველოშიო. ამოიღო ბერიამ კალამი და ფურცელზე ცხრა ქალის გვარი დაწერა, უბრძანა - ესენი მომგვარეთ სასწრაფოდო. მართლაც მოიყვანეს ყველანი.

ბერიამ ჰკითხა სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა თუ იცითო. ორმა უპასუხა კიო, დანარჩენებმა კი მორცხვად დახარეს თავი. გამწარდა ბერია, ადიუტანტს გადაულაპარაკა: ეტყობა ბუნება სილამაზით რომ გაჯილდოებს ადამიანს, სხვა რამეს გართმევსო. ამ ქალებს დააზეპირებინეს სიმღერის ტექსტი, ჩონგურზე სიმების სწორად ჩამოკვრა და მეორე დღეს გაუყენეს მატარებლით მოსკოვს. ვერავინ მიხვდა რა ჩაიფიქრა ბერიამ.

მოსკოვში, დიდ თეატრში, დიდი ბელადის წინაშე, აიხადა ფარდა და ულამაზესი ქალები გამოგოგმანდნენ. ბუდიონს, მათ შემხედვარეს ისედაც აპრეხილი ულვაშები სულ ყალყზე წამოუდგა. სტალინს სიამოვნებისგან გაეღიმა. სცენის შუაგულში ქართული ჭირნახულით დახუნძლული დიდი ქვევრშემოდგმული კახური ურემი იდგა. ქვევრში დები შუშხიაშვილები ისხდნენ, შიგნით გაყვანილი მიკროფონებით.

მოკლედ, ისინი მღეროდნენ და სცენაზე ლამაზმანები პირს აღებდნენ. სიმღერის დასრულებისთანავე ტაშის გრიალი ატყდა. „ბისზე“ შესრულებული სიმღერა ორჯერ გაამეორებინეს. კონცერტის დასრულების შემდეგ ბელადმა ბერია თავისთან მიიხმო და შეაქო. ბერია სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, მაგრამ აქვე დასრულდა მისი სიხარული. სტალინმა ეშმაკურად ჩახედა თვალებში და უთხრა: ის დები ძალიან მომეწონა, დღეს აუცილებლად წამოიყვანე კრემლში, ბანკეტზე, უნდა ვამღეროო.

ბერიამ ფერი დაკარგა, იფიქრა კრემლში ვინ შემატანინებს ახლა მე ქვევრსო. მოკლედ, ბელადმა შეატყო, რომ საწყალი ლავრენტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, მეგობრულად მხარზე ხელი დაარტყა და დინჯად უთხრა: ნუ ნერვიულობ, ლავრენტი, ქვევრი უკვე კრემლშიაო. ასე ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა კავშირში პირველ ფონოგრამას“.

ზემოთ მოთხრობილმა ამბავმა სერიოზულად დამაინტერესა და დები შუშხიაშვილების ვინაობით დავინტერესდი. დიდი მცდელობის მიუხედავად ამ მომღერლების შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე.

თუ ლავრენტი ბერია კონცერტზე ჩადენილი „ცუღლუტობის“ გამო დიდი სტალინის რისხვას გადაურჩა, ამას ვერ ვიტყვით ბატონ ჯემალ ჭკუასელზე, რომელსაც ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობისას მისი ანსამბლის მავანმა და მავანმა წევრმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

„ერთხელ, გასტროლები გვაქვს ანსამბლს. საერთოდ, მკაცრი ვარ და მოცეკვავეებს წესრიგს ვთხოვ, თან, იციან, დაგვიანებას ვერ ვიტან, მით უმეტეს - სცენაზე ცეკვის დროს. კონცერტის მსვლელობისას, მე კულისებში, ყოველთვის პარტერიდან მარჯვენა მხარეს ვდგავარ.

იმ დღეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მეორე მხარეს დავდექი. დაიწყო ფარიკაობა. ვხედავ, ერთი გოგო აკლია სცენაზე. მომაწვა სისხლი კისერში, ვიფიქრე, სად არის ეს მამაძაღლი-მეთქი. ამ დროს ვიღაცამ დამარტყა ხელი მხარზე და უხეშად მითხრა: რას დამდგარხარ აქ, ვერ ხედავ, ხელს მიშლი, ვერ გავდივარ სცენაზე, გაიწი იქითო.

მივხვდი, ის დაგვიანებული მოცეკვავე იყო. არ გავიწიე. უცებ არ მომაძახა გადი, შე კრეტინო, მომკლავს ჯემალიო?! აი, მაშინ კი შემოვბრუნდი და რომ მიცნო, კინაღამ მოკვდა. სცენაზე კი გავიდა, მაგრამ მკვდრის ფერი ედო, ძლივს იცეკვა“.

დღევანდელი მოგონებების მომდევნო სტუმარი ბატონი ვახტანგ ცხადაძე იქნება. გაგიკვირდებათ და თბილისში არსებული სასტუმრო „ივერიის“ მოსკოვიდან დაფინანსების საქმეში, თავის დროზე განსაკუთრებული წვლილი ბატონ კახი კავსაძეს შეუტანია.

„სასტუმრო „ივერიის“ დაფინანსების ბედი წყდება მოსკოვში. 30 მილიონზეა საუბარი, რადგან მისი რეკონსტრუქციისთვის ამდენი იყო საჭირო. ვიღაც ახალი დანიშნეს, ცეკადან გადმოიყვანეს „ინტურისტში“. არ გვიკარებს ქართველებს, არაფრით არ გვიწერს ხელს დაფინანსებაზე. მოსაცდელში უზარმაზარი რიგი დგას, ყველა დაფინანსებას ელოდება.

მის გვერდით იყო სასტუმრო, სადაც დაბინავებული ვიყავით. მივედი ერთ დღესაც და მოადგილეს ვთხოვე, აქვე ვართ დაბინავებული სასტუმროში, წამოდი, კარგი პურმარილი გვაქვს, კარგი ღვინო, ქართველების სიმღერა ხომ იცი და, ჩავუსხდეთ-მეთქი. ზაფხულია. მართლაც, მოვიდა ეს კაცი ჩვენთან ნომერში, დაჯდა. გაიხედა - მიშიკო შენგელია გამოვიდა აბაზანიდან, ფეხი მოხსნილი აქვს და იქვე მიუყუდებია კედელზე, გადაირია კაცი. უცებ გამოვიდა მეორე კოჭლობით, - ამაზე სულ შეიშალა. ბოლოს კახი გამოვიდა პირსახოცშემოხვეული და მთლად გაგიჟდა. იმ დროს კახის „დონ კიხოტში“ იღებდნენ და ისედი გამხდარი იყო, ლანდი გასდიოდა.

მოკლედ, ძლივს დავაკავე ის კაცი, გამიგიჟდა - ეს სად მომიყვანეო. უცებ, კახის დააკვირდა და მკითხა: „ეტა აბდულა?“ ვერ მოვედი აზრზე. ისევ გამიმეორა: „ბელოე სოლნცე ვ პუსტინე“? უცებ დამკრა თავში, გამახსენდა, ერთ-ერთ ფილმში აბდულას როლს რომ თამაშობს კახი და ვუთხარი - დიახ, ის არის, ჩვენ კოლეგები ვართ-მეთქი.

თვალები გაუბრწყინდა და მითხრა, ხვალ სუფრას მე გავშლი, ჩემს ცოლსა და მის დაქალს წამოვიყვან და ეს კაცი იქ მომიყვანე, თუ გინდა, რომ ზეგ დილით ხელი მოგიწერო დაფინანსების ქაღალდზე, 30 მილიონს გამოგიყოფო. კახის ვუთხარი, არიქა, ბიჭო, შენი იმედი მაქვს ახლა უარი არ მითხრა, თორემ, აქვე მოვიკლავ თავს-მეთქი.

როგორ მეტყოდა უარს? მეორე დღეს კარგადაც ვიქეიფეთ და ჯიბეში 30 მილიონით დავბრუნდით საქართველოში“.

წერილის ბოლოს კიდევ ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელიც ბატონ ვალერიან სულაკაურს ეკუთვნის და ქართული თეატრის ისტორიის ერთ სამარცხვინო ფურცელს ეხება.

„ვახტანგ ტაბლიაშვილის მამა, ვალერიან ტაბლიაშვილი, ყვარელში მოძღვარი იყო. მისი მასწავლებელი გახლდათ ვასილ ბარნოვი, თანაკლასელი კი - ივანე ბერიტაშვილი. სკოლა რომ დაამთავრა, ვახტანგს მამისთვის უთქვამს, თეატრის რეჟისორი მინდა გამოვიდეო. მამა დაეთანხმა, ჩამოიყვანა შვილი თბილისში და მიიყვანა კოტე მარჯანიშვილთან - მაშინ ის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ. უთხრა, იქნებ ჩაახედოთ თეატრის სამყაროში, მოსკოვში მინდა გავგზავნო სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩასაბარებლადო. მაშინ ეს ერთადერთი თეატრალური ინსტიტუტი იყო რუსეთის იმპერიაში.

ერთ მშვენიერ დღეს, ვახტანგმა შეაღო კარი და რას ხედავს: ყველა მსახიობია შეკრებილი, კოტეც იქ არის. კოტემ რომ დაინახა ვახტანგი, თვალები გაუბრწყინდა და უთხრა: მოდი, მოდი, ბიჭი, დაჯექი და კარგად დაუგდე ყური, რას ამბობენ აქ, კოტე მარჯანიშვილს თეატრიდან აძევებენო.

ეს პატარა ბიჭი, მომავალი რეჟისორი, გახდა მოწმე იმ უსაფუძვლო ბრალდებებისა, რომლებიც ბატონ კოტეს წაუყენეს. დიდი რეჟისორი გალანძღეს, მიწასთან გაასწორეს. მოკლედ, ადგა ბოლოს კოტე მარჯანიშვილი, ვახტანგს თავზე ხელი გადაუსვა და უსიტყვოდ დატოვა თეატრი.

გავიდა წლები. ვახტანგ ტაბლიაშვილი ცნობილი რეჟისორი გახდა. გადაიღო ფილმი „ქეთო და კოტე“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და ასე შემდეგ. ოპერის თეატრშიც იყო მთავარ რეჟისორად და ძალიან კარგი დადგმები ჰქონდა. იქიდან წამოვიდა და ახალი ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, გაუჯანჯლეს დაფინანსება, კინოს მოსწყვიტეს და „დუბლიაჟის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს, სადაც არაფერი საქმე არ ჰქონდა, ანუ, თავიდან მოიშორეს.

ნიკოლოზ ბარათაშვილზე და თამარ მეფის პერიოდზე უნდოდა ფილმის გადაღება. წარმოიდგინეთ, რა ზღაპრული ჩანაფიქრია! 18 წლის განმავლობაში არც ერთი ფილმი არ გადააღებინეს. თავისთვის იყო „მოყუჩებული“ და ხშირად იხსენებდა კოტე მარჯანიშვილს: ასეთი სასტიკია ცხოვრება, ახლა ვხვდები, რასაც მაშინ განიცდიდა კოტე მარჯანიშვილი, როგორ დატოვა სიცოცხლე თეატრში, დაიხურა ქუდი და წავიდა, გული კი ისევ თეატრში დარჩა. მე კი, პატარა ბიჭი, მოწმესავით ვიდექი, მისი მისამართით უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ ბრალდებებს ვისმენდი და თავს ზემოთ ძალა არ მქონდაო“.