პატიმარ ლაშა შავაძის სკანდალური ჩვენების დეტალები

პატიმარ ლაშა შავაძის სკანდალური ჩვენების დეტალები

გეგუთის კოლონიიდან, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გადაყვანილი პატიმარი ლაშა შავაძე-აბაშიძე უკვე მოინახულა დამოუკიდებელმა ადვოკატმა. პატიმარმა გამოკითხვის ოქმში დაადასტურა, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებმა 2008 წელს შეუკვეთეს, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლეობა. გარდა ამისა, პატიმარი ამბობს, რომ პოლიციის მაღალაჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ დაავალა ინფორმაციის მოძიება კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ.

ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულმა შავაძემ, მეტრეველს ამის შესახებ ტელეფონით რამდენიმე კვირის წინ აცნობა, რასაც მისი თქმით, კოლონიის მხრიდან მოჰყვა ადეკვატური რეაგირება. მისი თქმით, გეგუთის ციხის უფროსმა კახა ბებიამ მოსთხოვა არ ეხსენებინა ფირცხალავა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ აცოცხლებდნენ. პატიმარი გეგუთის კოლონიიდან რუსთავის მე-6 დაწსებულებაშია გადაყვანილი.

რობაქიცის დედამ, ია მეტრეველმა 10 თებერვალს რეაგირებისთვის მიმართა სახალხო დამცველს. როგორც for.ge-ს სახალხო დამცველის ოფისში განუცხადეს, ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია. თუმცა, კითხვაზე შეხვდნენ თუ არა სახალხო დამცველის წარმომადგენლები პატიმარ შავაძეს, ორი დღის განმავლობაში, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

როგორც პატიმარი გამოკითხვის ოქმში წერს, 2008 წლის ივლისში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. პატიმარი კრიმინალურ დეპატარამენტის შენობაში შსს-ს პირველი სამმართველოს უფროსის გიორგი ხიზანიშვილის კაბინეტში შეიყვანეს, სადაც მას ხიზანიშვილთან ერთად დახვდა ირაკლი ფირცხალავა.

„ხიზანიშვილს ვიცნობდი, ხოლო ირაკლი ფირცხალავას ვიცნობდი შორიდან. როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პოლიციამ დამაკავა, ჩემს ცემას პოლიციის შენობაში ესწრებოდა ფირცხალავა. ხიზანიშვილმა დამიწყო საუბარი და მითხრა, მოკლედ, „სროკზე“ ხარო და 20 წლამდე გელოდებაო. ხოლო თუ ჩვენთან ითანამშრომლებ აქედან სუფთად გაგიშვებთო. ვკითხე თუ რაში მდგომარეობდა თანამშრომლობა, რაზეც ირაკლი ფირცხალავამ მითხრა - გაგიგია საშკა ხუბულოვიო, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი და ტელევიზიით მქონდა გაგებული მისი ამბავი.

ფირცხალავა ასევე დაინტერესდა ვიცნობდი თუ არა ზურაბ ვაზაგაშვილს, რაზეც უარი ვუთხარი. მან მითხრა, რომ შენ ქუჩაში მოძრაობ და შეგეძლება შეაგროვო ინფორმაცია ვაზაგაშვილზე. იქნებ ვინმე ჰყავდეს დაჭრილი, დაყაჩაღებული ან მოკლულიო. იცოდე ეს ძალიან გვაინტერესებსო. თუ დაგვეხმარები მეფესავით გაცხოვრებთო - წამალიც გექნება და ვერავინ ვერ დაგაკავებსო. აღნიშნულზე მე მას თანხმობა ვუთხარი, ვეცდები ყველაფერს-თქო.

ამ დროს ხიზანიშვილმა მითხრა, რომ კიდევ ერთ საქმეზე მინდა იფიქროო. ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველს უნდა მოუაროო, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მე ის უნდა მომეკლა. ხიზანიშვილმა მითხრა იარაღას მოგცემს „მასტერა“ და ვითომ დაყაჩაღების დროს შემთხვევით გაგივარდაო. ჩვენ კი დაგიჭერთ, მცირე სროკს მოგცემთ, ციხეში ყველაფერი გექნება, მეტადონი, სუბოტექსი და თვით ჰეროინიც კი. მე ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. მანაც მითხრა, რომ არ გაჩაქარებთ, იფიქრეო. ამის შემდეგ რამდენიმე ხანში დამირეკა ხიზანიშვილმა და მკითხა თუ რა გავაწვყვიტე. მე მას თანხმობა განვუცხადე. თუმცა, ძალიან მალე მოხდა ომი და როგორც ჩანს, მათ ჩემთვის ვერ მოიცალეს.

მთელი წლებია ამ ამბავს ვინახავდი. 2013 წლის დეკემბერში ჩემს თანასაკნელებს - ირაკლი კონცელიძეს, გიგა მესხიშვილს, თენგიზ ფხაკაძეს მოვუყევი. ვუთხარი მათ, რომ ამის საჯაროდ თქმას ვაპირებდი. 2014 წლის იანვარში ამ ბიჭების თანდასწრებით გეგუთის ციხის უფროსმა კახა ბებიამ მითხრა - შეეშვი ფირცხალავას, თორემ არ გაცოცხლებო“, - წერს 2014 წლის 10 თებერვლის გამოკითხვის ოქმში პატიმარი ლაშა შავაძე-აბაშიძე.

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ამბობს, რომ ფონდი „ქომაგის“ ოფისთან ორ-ორი მანქანით დარაჯობდნენ და თავდასხმის მოლოდინში იყო.

„დილიდან დაღამებამდე იდგნენ, რა უნდოდათ არ ვიცი. შინაგანად მომზადებული ვიყავი იმისათვის, რომ შესაძლოა ან ავარია მოეწყოთ ან თავდასხმა განეხორციელებინათ. ყოველთვის მქონდა ეს შეგრძნება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, ველოდები სახლახო დამცველის რეაგირებას.

თუ დადგინდება, რომ სიმართლეს ამბობს ეს პატიმარი, რა თქმა უნდა, მივმართავ პროკურატურას, მაგრამ პროკურატურას ჯერ ჩემი შვილის საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი. ჩემი სიკვდილი რა მოსატანაია, როცა ჩემი შვილის მკვლელები დასჯილნი არ არიან. კიდევ ველოდები, რომ ეს მკვლელები დაისჯებიან. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი მკვლელობა შეეკვეთათ კონკრეტული პირისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ია მეტრეველი.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი ამბობს, რომ შსს ყველა მეთოდს იყენებდა იმისათვის, რომ მისი შვილისთვის და ოჯახისთვის კრიმინალის იმიჯი შეექმნა იმ მოტივით, რომ საზოგადოებისგან არ ყოფილიყო დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა.

„ქალბატონ ნანა სეროდინაშვილთან მივიდნენ და უთხრეს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილმა მოგიკლა შვილი და ილაპარაკეთ, რომ ზურა მკვლელიაო. ამის შემდეგ დაიწყეს ზეწოლა პაპაშვილებზე, გაგზავნეს პოლიციის თანამშრომელი და დაავალეს, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერით გაეკეთებინა განცხადება, რომ ზურაბ ვაზაგაშვლმა მოუკლა შვილი.

ამას აკეთებდა შსს, რომელმაც შვილი მომიკლა. თუ კი იცოდნენ, რომ ჩემი შვილი მკვლელი იყო, მაშინ რატომ არ დაიჭირეს? ახლა როგორც ირკვევა, 2008 წელს კიდევ ეძებდნენ რაღაცას. ამის მიზეზი იყო ჩვენი და საზოგადოების მოთხოვნა, რომ ეს მკვლელები დასჯილიყვნენ.

როგორც კი გავაკეთე განცხადება, რომ ჩემის შვილის მკვლეობაში ეჭვმიტანილები ისევ მუშაობენ შსს-ში და პროკურატურაში, როგორც ღიად დავასახელე ქალაქის სამმართველოს უფროსი დალაქიშვილი, მისი მოადგილე მირზოევი, მაშინვე გამოჩნდა გაბუნია. აქამდე სად იყო?

მაქვს ინფორმაცია შსს-დან კონკრეტულად ვინ გამოიყვანა გაბუნია და ვინ აიძულა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა. ამ თანამშრომლის გვარს მალე დავასახელებ. შსს-ში არის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი კახა სირაძე, აი, მათ უნდათ ზურას და მის ოჯახს შეუქმნან კრიმინალის იმიჯი. შვილი ამ კრიმინალებმა მომიკლეს და არ უნდათ სამართლიანობის აღდგენა. ამ ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ დანაპირები შეასრულონ და სამართლიანობა აღადაგინონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას იური ვაზაგაშვილმა.  

რაც შეეხება 18 წლის მიშიკო სეროდინაშვილს, რომელიც თითქოს, ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა, მაშინ ოფოციალურად გავრცელდა ინფრომაცია, რომ სეროდინაშვილმა 2006 წლის 27 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლეობით დაასრულა, კონკრეტულად, იგი მე-16 სართულიდან გადმოხტა. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, მისი შვილის წამებით არის მოკლული. ნანა სეროდინაშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი შვილის მკვლეობასთან ვაზაგაშვილის კავშირს.

„ნოემბრის თვე იყო, დამირეკა ადვოკატმა ნანა გვეტაძემ და მეუბნება, რომ თქვენი შვილის მკვლელები ვნახეთო. მე და ჩემი შვილის მეგობარი მივედით მასთან, გვიანი იყო. გვიყვება ასეთ რამეს: შევხვდი შსს-ს ძალიან მაღალჩინოსანს, ველაპარაკეო და მერე მითხრა - ვაზაგაშვილს მიაძახეს, აბა რა გეგონათ სეროდინაშვილის მკვლეობა შეგრჩებოდათო. სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა და ამას დამიდასტურებს ჩემი შვილის მეგობარი. შევშფოთდი, იმიტომ, რომ არაფერი კავშირი ჩვენ და ვაზაგაშვილებს არ გვქონდა.

იმ დღეს, როცა ბიჭები ჩაცხრილეს ჩემი შვილის დასაფლავება იყო. ვინ მიაძახა არ მითხრა, ან საერთოდ, მოხდა თუ არა ასეთი ფაქტი. ვაზაგაშვილი არაა ჩემი შვილის მკვლელი. ჩემი შვილი არის სახლიდან გაყვანილი, მიყვანილია გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში, წამების იარაღებია გამოყენებული და ისე მომიკლეს შვილი. მერე გააფორმეს როგორც თვითმკვლეობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა სეროდინაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში პატიმარ ლაშა შავაძის სკადალური ჩვენების შესახებ არაფერი იციან. უმრავლესობის წევრი ზაზა პაპაუაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას ამის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს.

„იმ ხელისუფლებისგან ასეთი რამ როგორ უნდა გამიკვირდეს. ახალგაზრდა კაცი ჯერ მოკლეს, მერე ძაღლივით დააგდეს. ამის მერე როგორ უნდა გამიკვირდეს. გაოცებული არ ვარ და არც წარმოუდგენლად არ მივიჩნევ ამას. სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრი იძახის, რომ ორი გვამი მომიტანეთო, რატომ უნდა გამოვრიცოთ, რომ ამ ქალბატონის მკვლელობა შეეკვეთათ? მაგრამ როგორც ყველა ბრალდებას, ამასაც სჭირდება არგუმენტირებული და კვალიფიციური გამოძიება“, - ამბობს ზაზა პაპუაშვილი.

უმცირესობის წევრი, გიორგი თევდორაძე განმარტავს, რომ ადამაინის შეკვეთილი მკვლელობა, უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, თევდორაძე ამბობს, რომ დროში ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ასეთი აღიარებები და სისხლიანი ისტორიები იმ პერიოდს, როდესაც ძალიან უჭირს დღევანდელ ხელსუფლებას ეკონომიკის თვალსაზრისით.

„ამიტომ, ბოდიშის მოვიხდი. საკუთარ თავს მივცემ იმის თქმის უფლებას, ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მარტივი და იაფასიანი ბრალდება. ამის მიზანია საზოგადოების ყურადღება სხვა კუთხით იყოს გადატანილი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, როდესაც ადამაინი აცხადებს, რომ დამავალეს მკვლეობა, არსებობს სტრუქტურები, რომელთა უშუალო კომპეტენციაა საქმეების გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებს ეყოფოდათ ზნეობა იმისათვის, რომ ვინმესთვის არ მიეცათ ქალაბატონის მკვლეობის შეკვეთა. მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი და საზოგადეობის ერთ-ერთი რიგითი წევრი, მიმაჩნია, რომ სამართლადამცავმა ორგანოებმა კომპეტენტურად უნდა გამოიკვლიონ ეს ამბავი და დადაგინონ, გაიცა თუ არა მკვლელობის შეკვეთა“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე.