სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილებით ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მამარდაშვილის ნაწილში, ბაჩო ახალაია გამართლდა, დანარჩენ ნაწილებში კი სასამართლომ ახალაია დამნაშავედ სცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ახალაია 3 ნოემბერს შეიწყალა.
პროკურატურის საჩივარში მოთხოვნილი იყო გამამართლებელი განაჩენის შეცვლა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, მეგის ქარდავას მიმართ. სააპელაციო სასამართლომ ქარდავას მიმართაც ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და პლატონ მამარდაშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე ისიც უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქმის სხვა ეპიზოდებზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ქარდავას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალაიას მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით. როგორც პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, დიდი ალბათობით, პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„ამ წუთას ვერ ვიტყოდი გავასაჩივრებთ, თუ არა, თუმცა დიდი ალბათობით, აღნიშნული გადწყვეტილება გასაჩივრდება. დღევანდელი გადაწყვეტილების და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების შესახებ. სასამართლოს დღევანდელ გადწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით“, - განუცხადა for.ge-ს რევაზ ნადოიმ.
ბრალდებულ ახალაიას მამა, როლანდ ახალაია მიიჩნევს, რომ მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლო.
„თუკი მოსამართლე პოლიტიკურ ზეწოლას ვერ გაუძლებდა, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. თუ ვიმსჯელებთ სამართლებრივი კუთხით, დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. თუკი ვერ გაუძლებდა მოსამართლე ზეწოლას, მაშინ ის სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა“, - განაცხადა როლანდ ახალაიამ.
ბაჩო ახალაია მის წინააღმდეგ ახალ, შოკისმომგვრელ ბრალდებას აანონსებს. როგორც თავდაცვის ექსმინისტრმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი წინააღმდეგ ახალი საქმის „შეკერვას“ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლით გეგმავს.
ამასთან ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა განცხადება, რომ ბრალების მხარე მის წინააღემდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს. როგორც ახალაია ამბობს, მას აქვს კონკრეტული განცხადებები, კონკრეტული ჩვენებები კონკრეტული ადმიანებისა, რომლებთანაც, მისივე თქმით, დაძრწიან პროკურორები, აძალებენ ჩვენებების მიცემას.
„აიძულებენ და იცით რას შეეხება სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც ჩვენების მიცემას აიძულებენ? ეს ეხება მკვლელობებს! ეს არის მორიგი პიარაქცია, რომელსაც ახლა აგებენ. სხვათაშორის, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, ვინ, როგორ და სად აკეთებს ამას. ყველა ქართველმა ჩაიხედოს თავის გულში და გასცეს მარტივ კითხვას პასუხი - ამ ხელისუფლებამ აუსრულა თუ არა, რასაც დაპირდა? - რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, ესენი დგამენ ცირკს, რომლის მთავარი ამოცანა არის ხალხის ხელახლა მოტყუება, საზოგადოების ხელახლა შოკირება და ეს ეხება ჩემს საქმეს, რომელსაც ახლა თითხნიან“, - აღნიშნა ახალაიამ.
მისვე თქმით, იგივეს აკეთებენ მერაბიშვილთან დაკავშირებით. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, მას ახალ ბრალდებებს წაუყენებენ, რომელიც ერთგვარად შოკისმომგვრელი იქნება. ახალაია აანონსებს, რომ საქმე ეხება უშუალოდ ადამიანის მკვლელობას.
„ახლა ხდება საზოგადოების ხელახლა შოკირება. ეს საქმეც ემსახურებოდა იმას, რომ შოკისმომგვრელი განცხადებები გაეკეთებინათ, რათა გამოსულიყო ვიღაც პროკურორი და ძალიან მძიმე ბრალდებები გამოეცხადებინა, სრულიად უაპელაციოდ, მაშინ, როცა არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ეს არის ერთ რამეზე გათვლილი - საზოგადოებამ ეს ნახოს ტელევიზორში, მათ განაჩენი არ აინტერესებთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც ამ და არც სხვა საქმეებზე განაჩენი არ დადგება, რადგან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
მტკიცებულებების ფალსიფიცირებით კი ძალზედ რთულია განაჩენის მიღწევა. განსაკუთრებით რთული იქნება იმ საქმეებზე, რომელსაც ახლა კერავენ ჩემი და მერაბიშვილის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პროკურორს და ვეუბნები ივანიშვილს, იმიტომ, რომ ეს მისგან მოდის, რომ ყველა გადაიხდის ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასს და ყველა დამნაშავე წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ.
ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე აცხადებს, რომ რამდენიმე პირი ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის ციხეში გაიყვანეს და მათზე ზემოქმედება მოახდინეს, რათა ბაჩო ახალაის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ. მისი თქმით, დაცვის მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირების მიმართ განხორციელდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. თუმცა, დეკანოიძე არ აკონკრეტებს რომელი პირების გადაყვანა მოხდა გლდანის ციხეში. მისი თქმით, ამ თემაზე ახალაიას მხარეს განცხადება ექნება.
„ერთ-ერთ პირს, ჩვენი ინფორმაციით, გლდანის ციხეში მამამისი მიუყვანეს და ატირეს, ზემოქმედებით სთხოვდნენ, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. მსგავსი ქმედებებით პროკურატურა ცდილობს, არარსებული ბრალდებების გამყარებას. პირები, რომლებიც ე.წ.მატროსოვის ციხიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს ყოფილი სამართალდამცველები არიან“, - განაცხადა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ.
რატომ მარცხდება პროკურატურა ახალაიას საქმეში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს სახალხო დამცველს. როგორც უჩა ნანუშვილი ამბობს, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ამ საქმეს და როგორც კი დამთავრდება საქმის ანალიზი, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
„არ ვიცი რატომ მარცხდება პროკურატურა ახალიას საქმეში, გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება. ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან მიდის ამ საქმის შესწავლა. ჯერჯერობით არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთო, ეს მიმდინარე პროცესია. ჩვენ ვთქვით, რომ როგორც კი დამთავრდება ეს პროცესი, ამის ანალიზს გავაკეთებთ, მათ შორის მივუთითებთ კონკრეტულ ხარვეზებს თუ კი ასეთი არის გამოძიების პროცესში. ამ ეტაპზე გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის განცხადება“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას უჩა ნანუაშვილმა.
For.ge უკვე წერდა, რომ მთავარი პროკურატურის წარმოებაში არის 12 უმძიმესი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩანა ახალაია უშუალოდ მონაწილებოდა.