„კომპანიაზე ზეწოლა რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიწყო“

„კომპანიაზე ზეწოლა რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიწყო“

სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები წინა ხელისუფლებას გაკოტრებაში ადანაშაულებენ. კომპანია, სს „ინჟმშენი“ რომელსაც 50 წლის ისტორია აქვს, დღეს აღარ ფუნქციონირებს. ამ კომპანიის აშენებულია სასტუმრო პრეზიდენტის რეზიდენცია „ქორთიარდ მარიოტი“, სასტუმრო „მეტეხი“. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკო შარაბიძემ აღნიშნა, კომპანიაზე ზეწოლა რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მისი სახელით კი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დავით სირაძე ესაუბრებოდა. 

შარაბიძის განცხადებით, კომპანიამ რამდენიმე წლის წინ მშენებლობა წყალტუბოში დაიწყო, სადაც ჭაობი იყო და საცხოვრებელი უბანი უნდა აეშენებინა. კომპანიამ ობიექტი დათქმულ ვადაში ვერ ჩააბარა, რადგან მშენებლობა გვიან დაიწყო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიას გადააბარეს, მაგრამ ამის მიუხედავად „ინჟმშენს“ გარანტია არ მოუხსნეს და სხვა კომპანიაზე არ გადაიტანეს, დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ახლა პასუხს „ინჟმშენს“ სთხოვენ. ამ პროექტიდან გამოსვლის შემდეგ, შარაბიძის თქმით, კომპანიამ ძალიან დიდი ზარალი მიიღო.

„2010 წელს თნხების გამოძალვის მიზნით „ნაცისტებმა“ დამაპატიმრეს, 4 თვის შემდეგ 1 მილიონის თავდებობით გამომიშვეს და 2 მილიონი გადამახდევინეს. დაპატიმრების მიზეზი იყო შემდეგი - მომიგზავნეს კაცი, რომელმაც მითხრა, რომ მთავრობა ფულის გათეთრებას თხოულობსო. ეს იყო კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორი კახა შენგელია. კახა შენგელიას კავკასიის უნივერსიტეტს ვუშენებდით მახათას მთაზე.

2 მილიონამდე ლარი თავად გადმომირიცხა, შემეშინდა, დავწერეთ, რომ ვითომ, მისი სამუშაოები შევასრულეთ და დავუბრუნეთ ეს ფული. შემდეგ კი დამაპატიმრეს. ზუსტად ვიცი, რომ ახლა ჩემს საქმეს შენგელია ბლოკავს. ჩემი ცოლი დღესაც დეპრესიაშია და 4 წელია სახლიდან ვერ გამოდის. დღეს ეს „ნაცისტები“ გამოდიან ტელევიზორში და ხმის ამოღებას ბედავენ“, - აღნიშნა შარაბიძემ.

მისვე განცხადებით, პირველ რიგში, ფულს ითხოვდნენ, მერე კი ზეწოლა ხორციელდებოდა სამშენებლო ორგანიზაციაზე. როგორც შარაბიძე ამბობს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად რამაზ ნიკოლეიშვილის დანიშვნის შემდეგ, მისი კომპანიიდან მოინდომეს დიდ ფულის წაღება.

„დიდი ბრუნვა გვქონდა წელიწადში - 30-40 მილიონის. ამათმა იფიქრეს, რომ ეს ფული სახლში მიგვქონდა და მოგვთხოვეს ფული. როდესაც უარი ვუთხარით, დამაპატიმრეს. ნიკოლეიშვილის ხელით ვიზარალე დაახლოებით 8-10 მილიონი. ციხიდან 3 თვის გამოსული ვიყავი როდესაც საქველმოქმედოდ ქალაქის პროკურატურა ამაშენებინეს.

ვუთხარით, რომ ფული არ გვქონდა, მაგრამ სესხი აგვაღებინეს ბანკში და შენობა როგორც შევძელით ავაშენეთ, მაგრამ არ ჩაგვითვალეს და გამოვიდა, რომ უფასოდ ავაშენეთ. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, მოვიგეთ, მაგრამ ტენდერი გააუქმეს. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. საჩივარი შეტანილი გვაქვს პროკურატურაში. მათ ჩვენი კომპანიის განადგურება უნდოდათ. ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეგვეძლო, მაგრამ არ ვაწყობდით ამ ფაშისტებს. ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ. ბანკის ვალები გვაქვს, ჩვენი ქონება სულ წაიღეს, ოფისები, ტერიტორიები, სახლები, მათ შორის ჩემი შვილის და მძახლის სახლი ბანკში მაქვს ჩადებული და ახლა უკვე ბანკი მართმევს სახლს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნიკო შარაბიძე.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოდაგილის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, სააარჩევნოდ ფულის მოთხოვნა, ზეწოლა, სახელშეკრულებო ურთიერთობაში გარკვეული კორექტურების შეტანას მასიური სახე ჰქონდა.

სს „თბილმრეწვმშენის“ დირექტორს გენო ნიჟარაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს, მათ შორის არჩევნების დროს დახმარებას და კონკრეტულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ხშირად სთხოვდნენ. ერთხელაც, როდესაც თანხის გადარიცხვაზე უარი განაცხადა, კომპანიას ფინანსური პოლიცია ესტუმრა.

„16 კაცი შემოვიდა ფინანსური პოლიციიდან. ორჯერ დამაჯარიმეს 230 ათასით. ვალებს რომ ვერ ვისტუმრებდით, ბანკებიდან ვიღებდით პროცენტიან სესხს, ბანკმა კი ყველა ქონება წაიღო, რაც გაგვაჩნდა. ახლა კომპანია ვერც ერთ ტენდერში ვერ მონაწილეობს“, - განაცხადა გენო ნიჟარაძემ. 

გაკოტრებული კომპანიის წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სთხოვენ, აღნიშნული საქმეების გამოძიების მიზნით, პორკურატურას მიმართონ.

როგორც ნიკო შარაბიძე აცხადებს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან მიმართა მთავარ პროკურატურას, თუმცა საქმეზე გამოძიება ამ დრომდე დაწყებული არაა. ცნობისთვის, იმ წლებში შარაბიძის ინტერესებს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იცავადა. ჩვენ დაუკავშირდით ა-ო „საქართველოს ევროპული არჩევანი“-ს დამფუძნებელს, არჩილ კბილაშვილს, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

For.ge ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარებითს ყოფილ მინისტრს, პარლამენტის წევრს რამაზ ნიკოლაიშვილსაც დაუკავშირდა. ყოფილმა მინისტრმა ჩვენთან საუბრისას უარყო კომპანია, სს „ინჟმშენი“-ს გენერალურ დირექტორთან ნიკო შარაბიძესთან ნაცნობობა.

„საერთოდ არ ვიცნობ ამ კაცს, არ ვიცი ვინ არის. არ მსურს ამ საკითხზე საუბარი“, - აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.