„ხარისხიანი პატიმარი“ ციხეში დარჩენას ელოდება

„ხარისხიანი პატიმარი“ ციხეში დარჩენას ელოდება

ე.წ. დასაქმების საქმესა და კვარიათის აგარაკზე, მოსამართლე ნათია ბარბაქაძე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ განაჩენს 21 თებერვლამდე გამოიტანს, თუმცა, ყოფილი პრემიერი უკვე პროგნოზირებს, რომ „ციხეში იმდენი ხანი დარჩება, რამდენიც მთავრობას სურს“.

პატიმრობაში მყოფმა მერაბიშვილმა საკუთარ პროგნოზებსა და ხედვებზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ისაუბრა, აღნიშნულ ეპიზოდებზე თავი უდანაშაულოდ მიიჩნია, მანამდე კი, ყურადღება ხონის გამგებელისა და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ოტიაშვილის დაკავებაზე გაამახვილა.

ნაციონალების „ხერხემალმა“ გიგი უგულავას მსგავსად, საკუთარი საკანი აღნიშნულ პირებს შესთავაზა და დარწმუნებით განაცხადა, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებში ხონში, კაკო ბობოხიძე გაიმარჯვებს.

„ბიძინა ივანიშვილმა დაპირება შეასრულა და ხარისხიანი რაიონები და კანდიდატები ამოარჩია და დააკავა. გამგებელის დაპატიმრება არ უშველით. ნახევარი ხონის დაპატიმრებაც არ უშველით, რადგან კაკო ბობოხიძეს ალტერნატივა არ ჰყავს. მათ თანაგრძნობას ვუცხადებ. საკანში მარტო ვარ და ზურაბ ოტიაშვილს დავუთმობდი ადგილს“, - განაცხადა მერაბიშილმა, რომელიც სასამართლო დარბაზში ჩვეული სტილით - ღიმილიანი სახით შევიდა, შემდეგ, დასკვნითი სიტყვის წარდგენისას კი, პროკურატურა გააკრიტიკა და მათ კომპეტენცია დაუწუნა.

მერაბიშვილის შეფასებით, მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მის დანაშაულს ხაზს უსვამს.

„პროკურატურამ არაფერი არ გააკეთა, რომ მყარი მტკიცებულებები წარმოედგინა. პროკურატურამ თავისი სიზარმაცით თუ დაუდევრობით სასამართლო უხერხულ ვითარებაში ჩააყენა. არცერთი პირდაპირი დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ჩემს და მითუმეტეს, ზურაბ ჭიაბერაშვილის დანაშაულს ადასტურებს“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა, რომელმაც საკუთარ თავს „ყველაზე ხარისხიანი პატიმარი“ უწოდა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის თაობაზე ისაუბრა.

მერაბიშვილის განცხადებით, ის აღიარებს, რომ არ ყოფილა გაუპატიურების მცდელობაც კი.

„ჩემს მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება და ამის დასტურია ისიც, რომ ციხიდან გამიყვანეს, მაგრამ საქმე არც გამოუძიებიათ. ბიძინამ თქვა და ვაღიარებ, რომ არ ყოფილა გაუპატიურების მცდელობაც კი. ალბათ, პროკურორის გემოვნებაში არ ვჯდებოდი. რაც შეეხება პროკურატურას, ბრალდების მხარე სრულიად მოუმზადებელია და ამ პროკურორების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე ჩვენ დუმილის უფლება რომ გამოვიყენოთ, გამამართლებელი გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა გამოიტანოს. ჩივიაშვილს ვკითხე, ნუთუ, ასეთი ბრალდებებით ვასამართლებდით ადამიანებს-თქო?! შეგუებული ვარ, თქვენ რომ გამამართლოთ, ახალ მუხლს მოიგონებენ და ციხეში მაინც ჩამსვამენ იმდენი ხანი, რამდენიც მთავრობას უნდა. იგივე შედეგებს 26 მაისის საქმეზეც ველოდები. ალბათ, ახალი ბრალდება გაჟღერდება და არ არსებობს გამონაკლისი, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს“, - განაცხადა მერაბიშვილმა, რომლის „ქება-დიდებაც“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ოთარ კახიძემ დაიწყეს.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ყურადღება ბრალდების პოლიტიკურ მხარეებზე გაამახვილა და მოსამართლეს „რჩევებით“ მიმართა.

ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, სახეზეა რევანში იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების მანძილზე, საქართველოში რეფორმების გატარების და საგარეო კურსის წინააღმდეგნი იყვნენ.

„ყველაზე აქტუალური კითხვა - 9 წელიწადია და ჩემი მეგობრის ზაზა ბიბილაშვილის წერილს წაგიკითხავთ, რომელიც ნაციონალებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუერთდა. ამ წერილს - „სად ვიყავი 9 წელიწადი?“ ჰქვია. წარმატებული ადამიანები, რატომ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს? - იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილმა 9 წლის მანძილზე „ასავალ-დასავალის“ იდეოლოგების ლანძღვა აიტანა. მისი დემონიზაცია იმისთვის მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკეთესი დღე ჰქონოდათ. მოსამართლევ, დაფიქრდით - თქვენი ცოდნით და პატიოსნებით იჯდებოდით მაგ სკამზე, რომ არ ყოფილიყო 2003 წლის რევოლუცია და ის რეფორმები, რომელიც ვანო მერაბიშვილმა, მიშა სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გაატარეს?! ამ 9 წელს არ გაყვედრით, უბრალოდ, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ გესმოდეთ - რა დევს ფსონზე“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც ოთარ კახიძე მოსამართლის უპატივცემულობისთვის დააჯარიმა.

თავის მხრივ, გამოსვლისას ოთარ კახიძემ მოსამართლის მიმართ პატივისცემა გამოხატა, იუსტიციის სამინისტროში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილია ერთ-ერთი არქიტექტორი საქართველოში გატარებული რეფორმების.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ არამარტო ამ ადამიანების ადვოკატი, არამედ ვარ მათი იდეების თანამოაზრე. მერაბიშვილი ერთ-ერთი არქიტექტორი გახლავთ რეფორმების და პოლიციის ფეხზე დაყენებაც მისი დამსახურებაა. ალბათ, იმ შედეგებით ყველანი ვამაყობთ, რაც ვანომ შექმნა და დადო. ჩემთვის მერაბიშვილის, ჭიაბერაშვილისა და ადეიშვილის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი მარტივი არ არის, პირიქით, ამ რეფორმატორების სკამზე ჯდომა ტრაგედიად მიმაჩნია“, - განაცხადა კახიძემ, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ოთარ კახიძისგან განსხვავებით, პროკურორი ნათია სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს წაყენებული ბრალდებების კვალიფიკაციის და ისრების შეცვლა სურთ.

„დაცვის დასკვნით სიტყვაში ერთმანეთის შეჯერებული პოზიციები ვერ მოვისმინეთ. ერთის მხრივ, ადვოკატები სხვა რაღაცას ამბობდნენ, ბრალდებულებები სხვას. ისინი ამბობენ, რომ კვარიათის აგარაკზე დანაშაული ოთარ გოგოძემ ჩაიდინა, ხოლო ე.წ. დასაქმებაზე ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ დანაშაული დასაქმების მინისტრმა ჩაიდინა. ანუ, ბრალდებულები დანაშაულს ხელქვეითებს აბრალებენ და პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ. დაცვის მხარემ ორი გზავნილი გააკეთა - ეს დანაშაული თუ ჩადენილია, მაშინ ხელქვეითებმა ჩაიდინესო. მათ გამოიყენეს ტერმინები - „უნდა გაეკონტროლებინათ, უნდა გაეკეთებინათ“, რაც იურისტის ენაზე არის მოხელის გულგრულობა, რადგან მას კონკრეტული ევალებოდა და არ გააკეთა. ეს იყო შეფარული მესიჯი. მათი მცდელობაა, რომ თუ მაინცდამაინც რაიმე საშუალება იქნება, სასამართლომ კვალიფიკაციის შეცვლაზე იმსჯელოს“, - განუცხადა for.ge-ის სონღულაშვილმა.

თუ რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე ნათია ბარბაქაძე, ამის პროგნოზი ძნელია, მაგრამ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში წაუყენა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.