„სლავა უკრაინა“ ხალხის სათაყვანებელმა ზელენსკიმ ფიცი რადას წინაშე დადო, სანდუმაც ფიცი პარლამენტის წინაშე დადო, ასე რომ, ყაველაშვილის გაშავება აღარ გამოდის“

„სლავა უკრაინა“ ხალხის სათაყვანებელმა ზელენსკიმ ფიცი რადას წინაშე დადო, სანდუმაც ფიცი პარლამენტის წინაშე დადო, ასე რომ, ყაველაშვილის გაშავება აღარ გამოდის“

ორი დღეში საქართველოს ახალი რიგით მე-6 პრეზიდენტი ეყოლება. 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება. სად და როგორ დადებს პრეზიდენტის ფიცს მიხეილ ყაველაშვილი, რომლის ინაუგურაცია ოპოზიციისთვის კვლავ სპეკულაციების საბაბი ხდება? ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის ინაუგურაციას არაფორმალურ პროცესს უწოდებენ, რადგან ცერემონიის დიპლომატების გარეშე ჩატარებას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ. ასევე სპეკულაციები დაიწყეს ჯართან დაკავშირებით და ოპოზიციაში იმასაც ამტკიცებენ, თითქოს ყაველაშვილმა ჯარის წინაშე ფიცი ვერ გაბედა, რადგან ჯარში მას მთავარსარდლად არ მიიჩნევენ.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ისევ კოლეგიის თანდასწრებით და ისევ პარლამენტში შედგება. სამი მოწვევის ყოფილი დეპუტატი საპრეზიდენტო ფიცს საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დადებს კონსტიტუციის იმ რედაქციაზე, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა. ცერემონია 40 წუთს გაგრძელდება. სწორედ ამის შემდეგ შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას მიხეილ ყაველაშვილი, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი. ინაუგურაციას ორგანიზებას პარლამენტის თავმჯდომარე უწევს. ცერემონიის დეტალებზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია სპეკულირებს და ინაუგურაციის ცერემონიის დაკნინებას ცდილობს. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს საპარლამენტო რესპუბლიკის მნიშვნელობას და სხვა ქვეყნების პრაქტიკას ახსენებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარლამენტის სასახლე მომავალშიც ინაუგურაციის ტრადიციული ადგილი იქნება.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ზუსტად 11 საათზე დაიწყება. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კონსტიტუციური ორგანოებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

„29 დეკემბერს, კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად ცერემონია პარლამენტის სასახლეში იმართება. კერძოდ, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით, 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

„რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესს, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენთვის პირველი და ისტორიული მომენტი, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხდება. როგორც საპარლამენტო რესპუბლიკების ტრადიციაა, ინაუგურაციის პროცესი პარლამენტის შენობაში იმართება. ჩვენ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საინუგურაციო კონსტიტუცია დავბეჭდეთ, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას, ზუსტად ეს იქნება გამოყენებული, ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე სახელმწიფო არქივს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა განსაზღვრული არც ჰქონდათ.

„ელჩები დაპატიჟებულები არ არიან... მე არც მქონდა განსაზღვრული, რომ მოგვეწვია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამ ინაუგურაციაზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს არის მთავარი განმაპირობებელი. მთავარი არის ის, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრონ და ასევე კონსტიტუციური ორგანოები სრულად იყვნენ წარმოდგენილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ სასოწარკვეთილი რადიკალები, ზურაბიშვილის თაოსნობით, ყაველაშვილის და ინაუგურაციის გაშავებას ცდილობენ.

„როდესაც ჩვენ გეზი საპარლამენტო რესპუბლისკენ გვაქვს აღებული, ყაველაშვილის ინაუგურაციასაც პარლამენტში სწორედ ეს დატვირთვა აქვს. პარლამენტის და პარლამენტარების წინაშე ფიცის დადებს კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რაც შეეხება დიპლომატებს და სხვადასხვა ქვეყნის აქტორებს, პირველ რიგში, პრეზიდენტი ანაგრიშვალდებულია ხალხთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პარლამენტი ხალხმა აირჩია, პრეზიდენტი ვალდებულია უმრავლესობის მანდატის მქონე დეპუტატების წინაშე დადოს ფიცი.

რაც შეეხება ელჩების მოწვევას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მათ პარლამენტში ინაუგურაციის დროს დასწრებას. მთელმა სამეზობლომ აღიარა ყაველაშვილის არჩევა. მან მიიღო მილოცვები და განსაკუთრებული მხარდაჭერა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატა. მთელი სამეზობლო მშვენივრად ათვიცნობიერებს რა დატვირთვა და პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის და ასევე სამეზობლოს წინაშე, რა როლი შესაძლოა მან ამ დაძაბულ სიტუაციაში რეგიონში შეასრულოს. ამიტომაც მიულოცეს მას ძალიან გულწრფელად და დიდი მხარადჭერა გამოხატეს. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დაეწსრება თუ არა გერმანიის ელჩი საქართველოს პარლამენტში ყაველაშვილის ფიცის დადებას. პროტოკოლი იქნა ესე გაწერილი, რომ პრეზიდენტმა ფიცი უნდა დადოს პარლამენტის წინაშე“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, 29 დეკემბრის შემდეგ დასავლეთიც იძულებული გახდება, უნდათ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ. რაც შეეხება სპეკულაციებს იმაზე, რომ თითქოს ყაველაშვილმა საჯაროდ, ჯარის წინაშე ფიცის დადება ვერ გაბედა, დიდი აბსურდია. ქადაგიძე ამბობს, რომ ეს არის აკერმანისეული ტაქტიკა, რომელსაც უკევ დიდი ხანია ჩვენი ოპოზიცია პოლიტიკაში რიგი ინსტიტუტების გასაშავებლად იყენებს.

„ხალხი, რომლებიც „სლავა უკრაინაზე“ იკლავს თავს, ვნახეთ სუპერსაპრეზიდენტო ქვეყანაში, უკრაინაშიც კი, მათმა სათაყვანებელმა ზელენსკიმ ფიცი რადას წინაშე დადო, ყაველაშვილის რატომ გაუკვირდათ, როცა ჩვენი სახელმწიფო მოდელი მოწყობის მხრივ საპარლამენტო მმართველობას გულისხმობს? იგივე მოხდა ასევე მათთვის მისაღები მოლდოვის შემთხვევაშიც. ქალბატონმა სანდუმ ფიცი პარლამენტის წინაშე დადო. ამიტომ ეს პროპაგანდა, რომლითაც უნდათ, რომ ყაველაშვილი გააშავონ აღარ გამოდის. მსგავსი ფიცის დადების ანალოგები შორს რომ არ წავიდეთ, მათივე სათაყვანებელი ლიდერების მოვიყვანე. რაც შეეხება ჯარის თემას და მის წინაშე დადებულ ფიცს, ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ ჩვენი სამხედროები, გმირი ადამიანები ქართველ ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობენ. შესაბამისად, დაიწყეს მანიპულაციები იმაზე, თითქოს პრეზიდენტ ყაველაშვილს ჯარი არ იღებს. ეს არის აბსურდი და ყურით მოთრეული ტყუილი, რომელიც ისევ და ისევ, ამ აკერმანის და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ არის შემუშავებელი - მოხდეს ქვეყნის ისნტიტუტების მარგინალიზება, რათა სახელმწიფოს მიმართ მოსახლეობაში უნდობლობა გააჩინონ; ფუთავენ ამ სიტუაციას ისე, თითქოს მთავარსარდალს ჯარი არ იღებს. ეს ხალხი ხომ ყველანაირ პროვოკაციაზე არიან წამსვლელი, ამიტომ მათი არც ერთი სიტყვა და მოქმედება რეალობას არ შეესაბამება“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, იქნება 29 დეკემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს რაღაცა დისკომფორტის შექმნის მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ, საქართველოს ეყოლება რიგით მე-6 პრეზიდენტი და ის საკუთარი უფლებამოვალეობების შესრულებას შეუდგება.