„დიპ სტეიტი“, ანუ არაფორმალური ჯგუფები ყოველთვის არსებობდა, ძნელია მეფეებისთვის ვეზირების გავლენისგან გათავისუფლება“

 „დიპ სტეიტი“, ანუ არაფორმალური ჯგუფები ყოველთვის არსებობდა, ძნელია მეფეებისთვის ვეზირების გავლენისგან გათავისუფლება“

რთულია იმის თქმა, ტრამპი მოიგებს დიპ სტეიტთან ბრძოლაში, თუ პირიქით, - დიპ სტეიტი, ვინ ვის აჯობებს, კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტი კენედიც კი რაღაც ძალებმა მოიშორეს, იმდენად გასაიდუმლოებული აღმოჩნდა მისი მკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ სულით ავადმყოფის მიერ ჩადენილ საქციელად დაფიქსირდა სტორიაში. დიპ სტეიტი სწორედ ამერიკელი დემოკრატების მიერ გადგმული ფესვებია. თუ ეს ფესვები არ მოიკვეთა, ძალიან გაუჭირდება ტრამპს, როგორც რესპუბლიკელ პოლიტიკოსს, თავისუფლად მოქმედება ამერიკაში, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

ბოლო წლებში მსოფლიოში დამკვიდრდა ახალი ტერმინი- დიპ სტეიტი, რაც ზოგიერთებს შეთქმულების თეორიის ნაწილად მიაჩნიათ. მანამდე Deep State-ს მნიშვნელობას გადმოსცემდა ტერმინი გლობალური ომის პარტია, რომელიც მთელ მსოფლიოს ერთადერთ რამეს სთავაზობდა და ეს იყო ომები, ოღონდ პროქსი ომები, როცა ომობენ პატარა სახელმწიფოები დიდი სახელმწიფოების მეთვალყურეობის ქვეშ. უფრო ადრე დიპ სტეიტის მნიშვნელობას გადმოსცემდა სიტყვები ამერიკის ქორების ფრთა, რომელიც მტრედების თვინიერი ფრთისგან განსხვავებით, აგრესიულობით გამოირჩეოდა. დიპ სტეიტის დამარცხება რამდენად ხელეწიფება დონალდ ტრამპს, რომელმაც პირველი პრეზიდენტობის დროს ვერაფერი მოუხერხა აშშ-ის არაფორმალურ მმართველობას?

- რა თქმა უნდა, გარანტიის მექანიზმების შესახებ ლაპარაკი ძნელია. თქვენ სწორად ბრძანეთ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელები ერქვა არაფორმალურ მმართველობას ამერიკაში და ამ სახელის იქით კიდევ სხვადასხვა რამ იგულისხმებოდა ხოლმე. ასეთი არაფორმალური ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფოს მართვის პრეტენზია აქვთ ისე, რომ არ არიან საჯარო პოლიტიკაში ჩართულნი და კულისებიდან უნდათ მართვა, ყოველთვის არსებობდა. ძალიან ძნელია რეალური ხელისუფალისთვის, მეფეებისთვის ვეზირების გავლენისგან გათავისუფლება. ასეთი გარემოცვა სახიფათოცაა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში დაფიქსირდა სულით ავადმყოფების მიერ ჩადენილ საქციელად, მაინც ფაქტია, რომ კენედი რაღაც ძალებმა მოიშორეს, იმდენად გასაიდუმლოებული აღმოჩნდა მისი მკვლელობის ამბავი. ანალოგიური ტიპის მოვლენები სწორედ დიპ სტეიტისნაირი ჯგუფების მოქმედების შედეგია. ლაპარაკი იმაზე, რა გარანტია შეიძლება ჰქონდეს ტრამპს იმისთვის, რომ ასეთ ჯგუფებს მოუაროს, ძალიან ძნელია, ვინ ვის აჯობებს, კიდევ კაცმა არ იცის.

მით უმეტეს, ერთი ტერაქტი მოუწყეს ტრამპს და ლამის შუბლი გაუხვრიტეს ...

- დიახ, ეს უფრო რთული ომია, ვიდრე სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი სააშკარაოზე მაინც დევს, სამოქალაქო ომის დროს ბრძოლის ველი ჩანს და იქ მიმდინარეობს სამოქალაქო ომები, მაგრამ დიპ სტეიტთან ომი ფარული ომია, რომელიც ადვილად დასანახი არაა და ასეთი ომის დროს მტერიც შესამჩნევი არ არის.

დიპ სტეიტში, (ან თუნდაც გლობალური ომის პარტიაში, ან ქორების ფრთაში) რა დატვირთვა აქვთ სხვადასხვა ქვეყანაზე მომუშავე ლობისტებს, რომლებიც კი არ ალაგებენ საქმეებს, არამედ უფრო ურევენ?

- რა გითხრათ, ქორები უფრო პოლიტიკური ტენდენციის აღმნიშვნელი ტერმინია. რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში არიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ომით, რადგან საომარი რეჟიმის დროს ტექნიკის წარმოება აქვთ აწყობილი, ან სხვისი ტერიტორიების მიტაცების მერკანტილური ინტერესი ამოძრავებთ. ყოველთვის მოიძებნებიან ასეთი ჯგუფები, ისინი ძალიან ხშირად კვეთენ ერთმანეთს. ასევე, პოლიტიკური ქორების დიდი ნაწილი შეიძლება იყოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული და შესაძლოა, ატარებდეს მათ ინტერესს. მით უმეტეს, ყველაზე შემოსავლიანია ირაღით ვაჭრობა, მე მგონი, უფრო შემოსავლიანია, ვიდრე ნარკოტიკებიდან მიღებული ფული.

შეგვიძლა დავასკვნათ, რომ ე.წ. არაბული გაზაფხულები-სირია, ლიბია, მუამარ კადაფი და მთელი ეს ტრაგედიები სწორედ დიპ სტეიტის მიერაა მოწყობილი და მათი ხელწერა იკვეთება?

- ამ სფეროს კიდევ თავისი მცოდნე ხალხი ჰყავს, მაგრამ არაბული გაზაფხულები და ჩვენი ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები გაკეთებული იყო ჯინ შარპის რეცეპტებით, იგი პოლიტოლოგი გახლდათ და მისი შრომები ტახტზე წამოსაწოლად და უბრალოდ წასაკითხად არ იყო გათვალისწინებული, მისი შრომები ინსტრუქცია იყო სპეცსამსახურების მუშაობისთვის.

შემთხვევითი არც ისაა, რომ ტრამპი სოროსის ფონდის აკრძალვასაც აპირებს.

- რა თქმა უნდა, სოროსიც იმავე „მისამართზეა“, რაზეც ე.წ. დიპ სტეიტი. ყოველ შემთხვევაში, მიმართულება ერთნაირია, რადგან სოროსი ძალიან ღრმად ჩართული პირი იყო დემოკრატების სამზარეულოში. დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ მსოფლიოს დემოკრატები, უფრო სწორად, დემოკრატები მართავდნენ ამერიკას და, აქედან გამომდინარე, მსოფლიოსაც, შესაბამისად, მათი ამგვარი სტრუქტურები უფრო ღრმა ფესვების მქონეა და ამიტომ უცხადებს ტრამპი ბრძოლას, რადგან კარგად იცის, თუ ეს ფესვები არ მოიკვეთა, ძალიან გაუჭირდება ტრამპს, როგორც რესპუბლიკელ პოლიტიკოსს და პერსონას, თავისუფლად მოქმედება ამერიკაში წლების შემდეგ. „დიპ სტეიტი“ კი სწორედ ფესვებია დემოკრატების სტრუქტურის. ანუ პრეზიდენტობა არ აძლევს ტრამპს იმის საკმარის ძალას, ასეთ ფარულ ფესვებს გაუწიოს წინააღმდეგობა. ამიტომ ეს ფესვები უნდა ამოიღოს. ერთ-ერთი ასეთი ფარული მექანიზმის ავტორი იყო ჯერ მამა სოროსი და, როგორც ჩანს, შვილმა განაგრძო ეს ტრადიცია. სხვათა შორის, სოროსი ძალიან საინტერესო ფიგურაა ჩვენთვისაც. ვარდების რევოლუცია რომ შედგა საქართველოში, სწორედ სოროსმა თქვა, რომ „ექსპერიმენტი გამოვიდაო“, რაც გულისხმობს, რომ სოროსი, როგორც პოლიტიკური ინტერესების მქონე ფიგურა, ჩართული იყო ვარდების რევოლუციის პროცესში.

რატომ უჩნდებათ ზესახელმწიფოებს ცდუნება, ჩამოაყალიბონ „დიპ სტეიტები“? ამერიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, აშშ-ს ყოველთვის სურდა გავლენების მოპოვება სხვადასხვა სახელმწიფოებზე. თუნდაც ავიღოთ ავღანეთის მაგალითი, სადაც რუსების ინტერესებიც იკვეთებოდა, ხოლო ბინ ლადენი აშშ-ის დახმარებით სარგებლობდა და შემდეგ მათვე მოუბრუნდა საწინააღმდეგოდ. ზესახელმწიფოებს სურვილი აქვთ, აკონტროლონ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მერე შეიძლება საწინააღმდეგოდ მოუბრუნდეთ „დიპ სტეიტის“ რეჟისორობით დადგმული სცენარები. ცხადია, სომოსასნაირი „ძაღლიშვილების“ გამო კეთდება ეს ყველაფერი, რომელთაც ეს ზესახელმწიფოები გააკონტროლებენ და მოიპოვებენ საკუთარ დასაყრდენს მსოფლიოში, თუმცა საბოლოოდ ამ „სომოსების“ გამო ისე ერევათ სიტუაცია, რომ მერე შეუქცევად პროცესებს თავადაც ვეღარ მართავენ?

- კი ბატონო, თქვენ ისე დეტალურად აღწერეთ, მეც მგონია, რომ ასეა. გავლენების მოპოვება არ არის გამონაკლისი ამერიკისთვის. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით საინტერესო ფრაგმენტი მახსენდება, ხშირად გვსმენია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა. ალბათ, ეს ტყუილია, რადგან არათუ ბელარუსი და სომხეთი არ მიიერთა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავად ეხვეწებოდნენ მიერთებას, არამედ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც არ მიუერთებია. ანუ რუსეთი უარს ამბობს იმაზე, რაზედაც თავის დროზე ინგლისმა თქვა უარი, ამერიკაც ამბობს უარს საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიულ გაფართოებაზე, სხვა ტერიტორიების დაპყრობაზე, რადგან მერე ეს ტერიტორიები უნდა არჩინოს.

მაგრამ რუსეთის შემთხვევაში, ეს წმინდა არარუსული საქციელია, თუმცა ეკონომიკის თავი არ აქვთ, რომ კოლონიები შეინახონ...

- ცხადია, არარუსული საქციელია, მაგრამ ეკონომიკურად არის წამგებიანი კოლონიის არსებობა. ამიტომაც დათმო ინგლისმა ინდოეთი. თავის დროზე ფულმა აიძულათ, დაეშალათ საბჭოთა კავშირი. ეს დაინახა ყველა ქვეყანამ. რუსული ხასიათი აქ არ არის გადამწყვეტი, ამერიკელი ბუღალტერიც, რუსიც და ქართველიც ერთნაირად ითვლის ფულს, როგორი განსხვავებული ფსიქოლოგიაც არ უნდა ჰქონდეთ. ამ ფონზე რუსეთმაც ორიენტაცია აიღო იმაზე, რომ გავლენები გაზარდოს. რუსეთი უკრაინაშიც იმისთვის შედის, რომ საკუთარი გავლენა გაზარდოს და არა იმისთვის, რომ უკრაინა ამყოფოს თავის კმაყოფაზე. საქართველოსაც წაართვა რუსეთმა ტერიტორიების 20%, არა იმიტომ, რომ ტერიტორიები აინტერესებდა, სულაც არ იერთებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, მაგრამ იმისთვის წაართვა, რომ საქართველოზე ხელი ჰქონდეს ჩავლებული, რომ ადვილად არ მიიღოს საქართველომ ანტირუსული გადაწყვეტილებები და აკონტროლოს საქართველო. ასე რომ, რუსეთი თავის მილიტარიზმს, რაც მას ახასიათებს, უკვე გავლენებისთვის იყენებს და არა ტერიტორიების მიერთებისთვის. რუსეთიც კი, რომელიც შუასაუკუნეებში ჩარჩენილი ქვეყანაა, დღეს გადასულია გავლენებით მანიპულაციაზე და არა ტერიტორიების გაფართოებაზე. მით უმეტეს, ასე მოქმედებს ამერიკა, რომელიც ამხელა ქვეყანაა და კოლონიები არ აქვს, ოღონდ, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოა ამერიკის კოლონია, ცხადია, გავლენების მხრივ კოლონია და არა ტერიტორიების მხრივ.

მით უმეტეს, ტრამპის პერიოდში ეს პოლიტიკა გამყარდება, რომელიც ბიზნესმენია და ისეთნაირად უყურებს ყველა სახელმწიფოს, რომ არ უნდა არჩინოს მუქთამჭამელები.

- დიახ, მკაფიოდ ასე იქცევა ტრამპი, ევროპასაც კი უთვლის ფულს. დღეს უკვე ყველა სახელმწიფო მოქმედებს გავლენების პრინციპით და ალტერნატიული ვარიანტი, რომ ტერიტორიების წართმევა უნდოდეს, აღარ გვხვდება.