ორბელიანების სასახლის ინტრიგები

ორბელიანების სასახლის ინტრიგები

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამ დღეში ამოწურავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ოპოზიციასთან ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზეც ვერადავერ ჩამოყალიბდნენ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარლამენტის დათხოვნა უნდა მოხდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, თუმცა სამართლებრივად ზურაბიშვილს ამის უფლება არ აქვს. ყველა ვარიანტში ამ პროცესში „ოცნებამ“ უნდა მიიღოს მონაწილეობა და მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს შეძლებენ.

ასევე არსებობს გეგმა, რომ ზურაბიშვილმა 29 დეკემბერს ათონელის სასახლე არ დატოვოს. ამაზე ღიად ოპოზიციის ლიდერმა ანა დოლიძემ ისაუბრა. როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, 29 დეკემბრის შემდეგ დარჩეს ორბელიანების სასახლეში, ხოლო თუ მისი ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ამას ოპოზიცია მოახერხებს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია. მათ შორის, რაც შევთავაზეთ, ეს არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, აქ ყოფნა და სასახლეში დარჩენა“, - ამბობს დოლიძე.

პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამაც.

„29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, იმიტომ რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადმოგდებული ხაფანგი, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება. საქართველოს პრეზიდენტი, ბუნებრივია, ამაზე ლიდერობას აიღებს. ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოზე, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და, სავარაუდოდ, პრეზიდენტიც, ასევე, შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, მისი საქმეა სრულად, ეს საბჭო იქნება ამ გადაწყვეტილებების მიღების ავანგარდში“, - აღნიშნა გვარამიამ.

სრულიად სხვა აზრზეა ექს-პრესმიერი გიორგი გახარია, რომელიც ფიქრობს, რომ წარმოუდგენელია არჩევნები დანიშნო, როცა მისი ჩატარების უფლება არ გაქვს. გახარია ამას ივანიშვილთან თამაშში შესვლად აფასებს და ფიქრობს, რომ თუ იანვარში სიტუაციის პირველი ფაზა არ დასრულდა, „ოცნება“ ოპოზიციას საკუთარი თამაშის წესებს შესთავაზებს.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ანტიეროვნულმა, ანტიქართულმა და სახელმწიფოებრივმა ძალებმა, რომელთაც ოპოზიციას უწოდებენ, შესანიშნავად იციან, რომ 29 დეკემბრის შემდეგ არ მოხდება ისეთი არაფერი, რის შედეგადაც ახალი არჩევნების დანიშვნა გხდება საჭირო. მამრაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კარგად დატრეინინგებული ახალგაზრდები ცდილობენ, ქუჩაში უწყვეტი პროტესტის განცდა შექმნან, „ოცნებამ“ ამ პერიოდის განმავლობაში თუ რამე შეცდომა არ დაუშვა, ოპოზიცია ვერაფერს შეძლებს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა და ერთმანეთს ცოცხლად ჭამენ. შიგნით ვერაფრით ვერ მორიგდნენ, ვინ უნდა იყოს ლიდერი და ა.შ. მათ შეთანხმებული მოქმედების უნარიც არა აქვთ. ჩვენთან ყველას უნდა პირველი იყოს. ოპოზიცია ახლა იმაზეა დამოკიდებული, დაუშვებს თუ არა ხელისუფლება რამე საბედისწერო შეცდომას. სხვა, მათ ხელთარსებული ყველა რესურსი ამოწურულია და ყველანაირი შანსი ხელიდან გაუშვეს.

დავუშვათ, 29 დეკემბერს უფრო მეტ ხალხი შეაგროვეს -

ისევ ფულს გადაიხდიან და მოახერხებენ იმ რაოდენობის ხალხის მობილიზებას, რომ დასავლეთისთვის რაღაცა სურათი იყოს ნაჩვენები. თუმცა, მერე რა? იცეკვებენ, იმღერებენ და მერე დაიშლებიან. ოპოზიციას აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ხელსიუფლება მძიმე და საბედისწერო შეცდომას დაუშვებს, რასაც გამოიყენებენ. ერთმანეთს ამხნევებენ, რომ კიდევ ცოტა და ხელისუფლება ვერ გაუძლებს დიდიხანი ასეთ ზეწოლას. მათ ჰქონდათ ამის მცდელობა, რომ პოლიციასთან შეტაკების დროს, იქნებ, რომელიმე ბავშვი დაღუპულიყო. აი, მაშინ კი ხალხი მართლა იხუვლებდა და ამ ხელისუფლებას გამოუვარდებოდა. ჩვენ გვახსოვს მაკკეინის ინსტიტუტის გაკვირვება - ამდენი ხანი, როგორ, მსხვერპლი არ არის და როგორ უძლებს ხელისუფლება ამ სიტუაციასო. აი, ეს არის მათი ძირითადი გათვლა, რომ როგორმე ხელისუფლებას ხელი წაუცდეს და რაღაცა ცუდი გააკეთოს“, - ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მძიმე შეცდომას არ დაუშვებს, ოპოზიცია, რომელსაც არც ერთი ლიდერი არ ჰყავს ისეთი, რომ არჩევნების მოთხოვნა საერთო სახალხო მოძრაობაში გადაზარდოს, ვერაფერს გააწყობს.

„კი ბატონო, ფულით შესაძლებელია ხალხის გამოყვანა, მაგრამ შედეგი ვერ იქნება დადებული. ჩემი შორეული ახლობლის ბავშვმა ამ აქციებზე სიარულით ძვირადღირებული „აიფონი“ იყიდა. მშვენიერი თანხა გამოიმუშავა. ისიც ყველამ იცის, სტუდენტებს რა თანხებს სთავაზობენ აქციაზე გასვლის სანაცვლოდ. ახლა მიდის ნერვების ომი, ვის წაუცდება ხელი და როდის - ვინ დაუშვებს პირველ შეცდომას. ოპოზიციაშიც მშვენივრად იციან, რომ არჩევნებს ვერც პრეზიდენტი დანიშნავს, რომელსაც ლეგიტიმაცია 29 დეკემბერს ეწურება და ვერც თავად ოპოზიცია. ისევ „ოცნების“ თანხმობა და ამ პროცესებში მონაწილეობაა საჭირო. ზურაბიშვილი არ არის ის ლიდერი, რომელსაც გაჰყვება ოპოზიცია და ხალხი. ის საკუთარ აპარატთანაც ვერ ნახულობს საერთო ენას და რისი ლიდერი შეიძლება იყოს?! არსებობს მეორე ვარიანტიც, თუ აქ ვერაფერს გახდნენ, დასავლეთმა ზურაბიშვილი გაიყვანოს და საზღვარგარეთ წავიდეს, როგორც „დევნილობაში“ მყოფი პრეზიდენტი.

კი ბატონო, იძახოს 70 წელს გადაცილებულმა ქალმა რომ პრეზიდენტია, მერე? ამას რა აზრი ექნება?! საქმე ისაა, რომ „ოცნებამ“ ეს კრიზისი უკვე გადალახა და ის ახერხებს ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი შესთავაზოს. იგივეს აკეთებს დასავლეთთან დაკავშირებითაც. პრემიერმა როგორც თქვა, აღარ აპირებენ ხვეწნას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე და აქეთ ელოდებიან შეთავაზებას. ამიტომ ოპოზიციის მოლოდინი, რომ 29 დეკემბრის შემდეგ რაღაცა იქნება და „ოცნებას“ ნებისყოფა უღალატებს, არასწორია, პირიქით, ხელისუფლება სულ უფრო შეძლებს პროცესების კონტროლს და საბოლოო ჯამში იძულებული გახდება, წაგება აღიაროს“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება მისდევს თავის დღის წესრიგს და პრეზიდენტის ინაუგურაციასაც უპრობლემოდ ჩაატარებს. იქნება რაღაცა პროტესტი, მაგრამ ვერაფერს შეძლებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზურაბიშვილმაც კარგად იცის, რომ სასაცილოდ გაიხდის თავს არჩევნების დანიშვნით, რადგან ამის უფლება არა აქვს.

„ვიცი,ზურაბიშვილს საკუთარი გარემოცვა ურჩევს, რომ ათონელის სასახლეში ჩაკეტვა და ფეხების გაჭიმვა სამარცხვინო იქნება და ამ გადაწყვეტილებამდე არ მივიდეს, მაგრამ არავინ იცის ზურაბიშვილი საბოლოოდ რას გადაწყვეტს. ამ ქალბატონის პროგნოზირება ძალიან რთულია. ის თუ ამას იკადრებს, ალბათ, მთელი ქვეყნის დასაცინი გახდება. ალბათ, ოპოზიციას უნდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგოს და ამაზეც მიდიან“, - ამბობს მამარაძე.

ლევკოთეა ანუ, ამ სტატიის სურათზე ვისაც ვხედავთ, ესენი არიან ტოპ-ტვინები, რომელიღაც ბროწეულის ყვავილი რომ ამბობდა?
6 საათის უკან
დოი გვარამიას და დოლიძის გამაგრება არ გაიშვას,ისე ჩაიკუკავენ,თვითონვე შეწუხდებიან და გაიქცევიან!...დაანებეთ თავი ქვეყნის ჯიჯგვნას და თუ რამე შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ქვეყნისთვის სასიკეთო,აორთქლდით!.ოჯახები,მეზობლები,ნათესავები წაკიდეთ ერთმანეთს,ხელოვან და სპორტსმენ ხალხს დაერიეთ და თქვენ როგორ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში?!
5 საათის უკან