კნუდ ბარტელსი: „ნატოსთვის საქართველო ძალიან ფასეული პარტნიორია“

კნუდ ბარტელსი: „ნატოსთვის საქართველო ძალიან ფასეული პარტნიორია“

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სამხედრო კომიტეტის სხდომა, 28+1 ფორმატში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად გაიმართა. სამხედრო კომიტეტი ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე რეკომენდაციები წარუდგინოს და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ კნუდ ბარტელსის შეფასებით, საქართველო არის სანდო სამხედრო პარტნიორი და ურთიერთობა ხორციელდება ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით. კნუდ ბარტელსმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატოსთვის საქართველო ძალიან ფასეული პარტნიორია.

„ჩვენი ვიზიტის მიზანია, რომ განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობა. მინდა მადლიერებით აღვნიშნო საქართველოს წვლილი ISAF-ის ოპერაციებში და ასევე მინდა წუხილი გამოვთქა ავღანეთში მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მიმართ. ეს ყველაფერი არის მაჩვენებელი საქართველოს მზადყოფნისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან საუბრებში გამოვიტანე დასკვნა, რომ საქართველო აგრძელებს მზადყოფნას ნატო-ში ინტეგრაციისთვის და საქართველო აგრძელებს შეიარაღებული ძალების რეფორმირებას, რათა მიღწეული იქნას განსაკუთრებული წინსვლა. ნატო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ასევე მხარს უჭერს შეიარაღებული ძალების რეფორმირების კურსს. ნატოსთვის საქართველო ძალიან ფასეული პარტნიორია“,- განაცხადა თვადაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კნუდ ბარტელსმა.

ამასთან, ნატო–ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეფასებით, ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულნი არიან, განსაკუთრებით - ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც გადამზადება ISAF–ის პროგრამის ფარგლებში გაიარეს.

„წლის ბოლოსათვის ჩვენ ვამცირებთ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში და იქ დარჩება არასაბრძოლო მისია შეზღუდული რაოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ ის გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ, გაზიარებული იყოს. ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალების მიზანი მოქნილობაა, რომელიც იქნება მთავარი ინსტრუმენტი საერთო გამოცდილებისა და ურთიერთქმედებების განვითარებისათვის, რომ შევძლოთ მოკლე დროში რეაგირების მოხდენა ერთობლივად, რადგან გვაქვს ურთიერთგაგება. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა და მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილებით“, - განაცხადა გენერალმა.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან.

„მინდა გითხრათ, საქართველოს და ნატო-ს სამხედროებს შორის თანამშრომლობა პრაქტიკულად ისეთივეა, როგორიც არის ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებს შორის. არის ნდობა და უკვე გამოცდილება ერთობლივი ბრძოლის. ძირითადად ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალზე და ერთადერთი სიტყვა, რითაც შეიძლება ეს დახასიათდეს, არის სრული ინტეგრაცია და გაღრმავება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვას აშშ დაასპონსორებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი ქართული მხარე 2015 წლიდან გახდება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მზადყოფნას ნატოს სამხედროებთან, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება განვახორციელოთ. ეს კი მინისტრის განცხადებით უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა.

შეხვედრაზე გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიარაღებული ძალები მზადაა, ბევრ ქვეყანას სამხედრო გამოცდილება გაუზიაროს. ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, საქართველოს შიარაღებული ძალები ნატო-სთან ერთად დასახულ ამოცანებს მჭიდრო ურთიერთქმედებით ახორციელებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს პირველი ვიზიტი საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ამჟღავნებს ნატო-ს სამხედრო კომპონენტი ჩვენი შეიარაღებული ძალების და იმ რეფორმების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში. შეხვედრის დროს მიმოვიხილეთ ის ძირითადი საკითხები, რომელიც მუდმივად არის ჩვენი განხილვის თემა.

ეს არის რეფორმები შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სფეროში, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა იმ სამშვიდობო, საერთაშორისო ოპერაციებში, რომელიც მიმდინარეობს ნატო-ს ეგიდით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ასპექტებს, რომ დღეს უკვე საქართველოს შეიარაღებული ძალები მზადაა, არა მარტო მიიღოს და გაიზიაროს გამოცდილება, არამედ მზადაა, თავად გაუზიაროს გამოცდილება ბევრ ქვეყანას და ასევე, გაუწიოს დახმარება შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს შიარაღებული ძალები ნატო-სთან ერთად ძალიან მჭიდრო ურთიერთქმედებით ახორციელებს დასახულ ამოცანებს, რაც წაადგება როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ასევე, საქართველოს ნატო-სთან გაერთიანებისკენ მიმართულ გზას“, - განაცხადა კაპანაძემ.

გენერალ-მაიორის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვით, საქართველოს ეყოლება ნატო-სთან სრულად თავსებადი სამხედრო დანაყოფი.

„სპონსორობას თავის თავზე იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ნიშნავს, რომ ის გაგვიწევს ტექნიკურ დახმარებას, გაგვიწევს ექსპერტების მხრიდან დახმარებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სრულად დააფინანსებს ამ დანაყოფს. ეს ერთობლივი პროექტია, სადაც ქართულმა მხარემაც უნდა გაიღოს თავისი წვლილი.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება მოგვცემს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება კიდევ ერთი დანაყოფი, რომელიც სრულად იქნება თავსებადი ნატო-ს ძალებთან და იქნება მომზადებული იმ უმაღლესი სტანდარტებით, რაც შეესაბამება ნატო-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნის შეირაღებული ძალების სტანდარტებს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ისინი პირველად ჩამოვიდნენ. კომიტეტი იშვიათად დადის ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს უკვე მიუთითებს მის მნიშვნელობაზე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ნატო-სთან დაახლოების გზაზე. ძალიან წარმატებული ვიზიტია. მე გუშინ დელეგაციასთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. ვესაუბრე იმის თაობაზე, თუ რა ნახეს მათ უკვე საქართველოში. დღეს მათ აქვთ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა და დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მხრიდან გამოხატული ეს უდიდესი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოვებს ნატო-სთან და ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას“, - განაცხადა მაი ფანჯიკიძემ.