განათლების სამინისტროს თანდათან დღის სინათლეზე გამოაქვს ის ინიციატივები, რომლის დანერგვასაც სულ მალე დაიწყებს. რეფორმა სკოლებს, მოსწავლეებს და მთლიანად სასწავლო პროცესს ეხება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის 25-მდე შემცირების პროექტზე მუშაობს. შესაბამისი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აღნიშნავს, დაგეგმილია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეთა რაოდენობა 25-ით განისაზღვროს, თავდაპირველად მხოლოდ პირველ კლასში. ამ ეტაპზე მაღალი კლასების „დაშლა“ არ იგეგმება.
„ჩვენ დავასრულეთ შედარებითი ანალიზი, სხვა ქვეყნის წარმატებულ მოდელებთან, გავიარეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. კვლევებზე დაყრდნობით ვიცით, რომ კლასები, რომლებიც გადატვირთულია, ეფექტური არ არის, არც საკლასო მენეჯმენტის, არც საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით.
ჩვენი გეგმაა, სასწავლო კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 25-მდე შემცირდეს ეტაპობრივად და წელს პირველ კლასში მივიდეს 25 მოსწავლე. შემდეგ კი ცვლილებების დანერგვა ეტაპობრივად მოხდეს, რადგან არსებული კლასების გადანაწილება შეუძლებელი იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, სკოლებს პრობლემა შეექმნებათ, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პროცესები სხვანაირად არის დაგეგმილი, ამიტომ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, დაიწყოს პირველი კლასიდან და ყოველ წელს უკვე ახალ მიღებულ კლასზე გავრცელდეს ეს მოთხოვნა“, - განმარტა ლია გიგაურმა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეროვნული სასწავლო გეგმა სხვა მიმართულებითაც გადაიხედება. სავარაუდოდ, მოხდება სასწავლო წლის ხანგრძლივობის კორექტირება, რადგან მთელ მსოფლიოში საქართველოშია ყველაზე მოკლე, 34-კვირიანი სასწავლო წელი, რაც მინისტრის მოადგინის აზრით, საგანმანათლებლო შედეგების მისაღწევად ეფექტური არ არის.
ეს უკვე დამატებით 2 ახალი ინიციატივაა, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებით გაჟღერდა. პირველი და ასევე მნიშვნელოვანი საწყისს სასკოლო ასაკს უკავშირდება. იგი 5-ის ნაცვლად ისევ 6 წლით განისაზღვრება. 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალი პერიოდი იქნება და სასკოლო ასაკის მქონედ ჩაითვლებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
ყოველი შემდგომი სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ასაკის ბავშვებად მიჩნეული იქნებიან ისინი, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება.
განათლების სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ ამგვარი ცვლილება პოზიტიურ შედეგს მოიტანს, ვინაიდან 5 წლის ბავშვს ფსიქოსოციალური და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასკოლო მზაობა არ აქვს.
თუ რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სწავლა სკოლაში, ამაზე ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში კამათობენ. იგი სერიოზული განხილვის თემად იქცა, თუმცა ერთიანი შეთანხმება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ არსებობს.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შვეიცარია, ფინეთი, დანია, უნგრეთი, ლიხტენშტეინი და ესტონეთი, ოფიციალური სკოლის დაწყების ასაკია 7 წელი, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 5 წელი, ხოლო დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებში - 6 წელი.
5 წლის ასაკში სწავლის დაწყების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ ასაკის ბავშვებს აქვთ სასკოლო პროგრამის შემეცნების უნარი და ფორმალური სწავლების ადრე დაწყება მათი განათლების საქმეს საგრძნობლად წინ წასწევს.
ფორმალური სწავლების 5 წლის ასაკში დაწყების მოწინააღმდეგენი მიუთითებენ, რომ ეს მიდგომა არასასურველი შედეგების მომტანია გრძელ ვადაში. ისინი მიუთითებენ კვლევებზე, რომლებიც უჩვენებენ, რომ წერა-კითხვის უნარების ადრე ათვისების უპირატესობა ვერ ნარჩუნდება გრძელ ვადაში. მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი დევიდ ვაითბრედი ამტკიცებს, რომ 5 წლის ასაკში კითხვის შესწავლა არ გულისხმობს უკეთესი შედეგების ქონას 11 წლის ასაკში. 2009-2012 წლებში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც კითხვას უფრო გვიან, 6-7 წლის ასაკში სწავლობენ, 11 წლის ასაკში უფრო მეტად კითხულობენ სიამოვნებისთვის და ტექსტის აღქმის უკეთესი უნარი აქვთ.