არ არის გამორიცხული, დავით კეზერაშვილს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში 7 600 000 დოლარის ოდენობის თანხა დაუყადაღონ. აღნიშნული თანხის დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა დააყენა.
კონტრაბანდული სპირტის საქმეზე ბრალდების განხილვისას პროკურორმა აღნიშნა, რომ ახლახანს აღმოაჩინეს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში კეზერაშვილის მიერ განთავსებული თანხა. ამდენად, ბრალდების მხარე ეჭვობს, რომ აღნიშნული თანხა დაკავშირებულია სწორედ იმ ბრალდებასთან, რომელსაც კეზერაშვილს კონტრაბანდული სპირტის საქმეზე უყენებენ.
თავის მხრივ, კეზერაშვილის ადვოკატი, შოთა მინდელი აცხადებს, რომ აღნიშნულ თანხას კავშირი არ აქვს ბრალდების პერიოდთან. ადვოკატის განმარტებით, ბრალდების ეპიზოდი ეხება 2007-2011 წლებს, ხოლო თანხა, რომლის დაყადაღებასაც პროკურორი ითხოვს, მონაკოს ბანკში განთავსებულია 2012 წელს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, კეზერაშვილს 7 პირთან ერთად კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის სქემის მფარველობაში ედება ბრალი.
მონაკოს ბანკში არსებული 7 600 000 დოლარის დაყადაღდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო შემდგომ პროცესზე მიიღებს, რომელიც 24 თებერვლისთვისაა ჩანიშნული.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სპირტის კონტრაბანდა უბრალო საქმე არ არის, რადგან ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. ამდენად, ეს მნიშვნელოვანი და დიდი თემაა და ლოგიკურია, სადაც იქნება მიკვლეული კეზერაშვილის აქტივები, იქ უნდა იყოს დაყადაღებული. თუმცა ესეც სამართლებრივი საკითხია და ამ საკითხის ჯეროვნად მომზადებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
„თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, ძალიან კარგი იქნება. კეზერაშვილს ბევრად მეტი თანხები აქვს დასაბრუნებელი. მე ვფიქრობ, კეზერაშვილს დასაბრუნებელი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ სალარო, რადგან ეჭვი მაქვს, რომ მას შეხება აქვს ამ სალაროსთან. ამიტომაც არის ასე უბადრუკ მდგომარეობაში. თუ ამ ხერხით მოხერხდება დაყადაღება და შემდეგ ქვეყანაში ამ ფულის დაბრუნება, ეს მნიშვნელოვანი იქნება. როცა გვესმის, რომ შეიძლება კეზერაშვილს მონაკოში თანხები დაუყადაღონ, სიტყვა - „შეიძლება“ არ მომწონს. წინასწარ საუბარი რთულია.
იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით კეზერაშვილის სასამართლო პროცესის ირგვლივ საქართველოში წინაწარ ატეხილი ამბავი ქართული პოზიციის საზიანო უფრო იყო, ვიდრე - სასარგებლო. საფრანგეთში კეზერაშვილის საქმის არსობრივი განხილვა ჯერ არ ყოფილა, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ სამართალი იზეიმებს“, - განმარტავს გია ხუხაშვილი.
ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეალურად, სპირტის ბიზნესი იმ დიდი ბიზნესის შენიღბვა იყო, რასაც კეზერაშვილი იარაღის კონტრაბანდის სახით აწარმოებდა. ამ საქმის ძირითადი მიზანი კი კონტრაბანდული გზით სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის მაქსიმალურ შეტანას უკავშირდებოდა.
„მონაკოს გარდა, არის სხვა ქვეყნებიც, სადაც თემურ ალასანიას ფრთებქვეშ აქტიურად მოქმედებდნენ. აქ 7 მილიონზე მეტ თანხაზეა საუბარი. სეიშელის კუნძულებზეც დაახლოებით მილიარდ ნახევარია მობილიზებული. მთლიანობაში, კონტრაბანდული გზებით იარაღის ვაჭრობიდან მიღებული თანხა 2-3 მილიარდამდე აღწევს სხვადასხვა ქვეყანაში. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც კეზერაშვილი იარაღის გაყიდვას აწარმოებდა, არის მონაკოც. მონაკოში მობილიზებული თანხების 80 % იარაღის კონტრაბანდის გზით მოპარული თანხებია. ლათინო-ამერიკული ქვეყნების გარდა, სადაც მათ ბიზნესი ჰქონდათ, დანაშაულებრივი არეალი მოიცავდა ირანსაც“, - აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
ამასთან, ადასტურებს, რომ აღნიშნულ თემაზე უკვე მუშაობს პროკურატურა და პირადად იგიც ამ საკითხების შესახებ პროკურატურაში იმყოფებოდა და მათ გარკვეული დოკუმენტაციაც მიაწოდა. გარდა ამისა, ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გარდა, ამ საკითხით დაინტერესებულია FBI-ც.
იგი განმარტავს, რომ 25 იანვარს თბილისში ნატოს შტაბბინის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათაც მიაწოდა დოკუმენტაცია კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ.
For.ge პროკურატურასაც დაუკავშირდა. თუმცა განგვიმარტეს, რომ სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილის ბრალეულობა ის შემთხვევაა, რაზეც კომენტარს ვერ გააკეთებდნენ.
შეგახსენებთ, ამჟამად ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში იმყოფება. ექსან პროვანსის სასამართლომ იგი წინასწარი პატიმრობიდან 3 თებერვალს გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა. ფრანგი მოსამართლე კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას 27 თებერვალს გამოაცხადებს.