კომპანია „ელიზის“ დამფუძნებლი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი და მისი ახლობლები საქალაქო სასამართლომ მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში გაამართლა. სისხლის სამართლის საქმე 4 წლის შემდეგ დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 11 თებერვალს მიიღო.
თამაზ ელიზბარაშვილი, მისი რძალი სალომე ივანიშვილი, რძლის მამა ზურაბ ივანიშვილი და მეგობარი თეიმურაზ მაჭავარიანი 2010 წლის ივლისში ქრთამის მიცემისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდეს.
„დარწმუნებული ვიყავი, დადგებოდა ობიექტური განაჩენი, რადგან ჩემს საქმეს იხილავდა მთელს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და სამართლიანი მოსამართლე ეკა არეშიძე. მან არ დაკარგა ჩემი სიმართლე და დაადგინა სამართლიანი განაჩენი. მოგეხსენებათ, პროკურატურა ჩემთვის წელიწადითა და 6 თვით პატიმრობას ითხოვდა“, - განუცხადა For.ge-ს თამაზ ელიზბარაშვილმა.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივით იყო აღძრული და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, პროკურატურას, წესით, საქმე უკან უნდა გაეთხოვა.
„მერჩივნა, მადლობა პროკურორისთვის და პროკურატურისთვის მეთქვა, ველოდი, პროკურატურა საქმეს მთლიანად უკან გაითხოვდა. ეს საქმე ადეიშვილის პროკურატურამ პოლიტიკური აქტიურობისთვის „შემიკერა“ - რადგან სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური მტერი ვიყავი. მაგრამ, პროკურატურამ ეს არ გააკეთა და ჩემი და ჩემი ოჯახის ბედი მოსამართლის სამართლიან გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. მადლობა მინდა გადავუხადო არაჩვეულებრივ მოსამართლეს“, - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
ბიზნესმენის ადვოკატი კი განმარტავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება, თითქმის, უპრეცედენტო ფაქტია, რადგან წინა წლებში მსგავსი გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო.
„აღნიშნულ საქმეზე ყველა განსასჯელის მიმართ ყველა ეპიზოდში დადგა გამამართლებელი განაჩენი. ჩვენ დიდი ხანი არ ვიყავით განებივრებული სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილებებით. ეკატერინე არეშიძის განაჩენი არის იმის ნიშანი, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესში ჩართულია მოსამართლეთა ის ნაწილი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა და სიტუაციას სწორად აფასებს, ვისთვისაც ძვირფასია პიროვნული და პროფესიული ღირსება“, - განუცხადა For.ge-ს ადვოკატმა ელზა ჯმუხაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რასაც თამაზ ელიზბარაშვილი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკური და შეთხზული იყო.
* * *
თამაზ ელიზბარაშვილი, მისი რძალი სალომე ივანიშვილი, რძლის მამა ზურაბ ივანიშვილი და მეგობარი თეიმურაზ მაჭავარიანი 2010 წლის ივლისში დააკავეს. ოფიციალური ბრალდების თანახმად, მათ 2003 წელს ფსიქიატრების მოსყიდვა სცადეს, რათა თამაზ ელიზბარაშვილის პატიმარი შვილისთვის სპეციალური ცნობა დაემზადებინათ, რის საფუძველზე ელიზბარაშვილის შვილი, რომელიც სასჯელს 2000 წლიდან იხდიდა, გათავისუფლდებოდა.
თამაზ ელიზბარაშვილი კი აცხადებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციურ პარტიებს ფინასურად ეხმარებოდა და მათ მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა.
ელიზბარაშვილი ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან საუბრისას ხშირად იხსენებდა, რომ მის დაკავებას წინ უძღოდა კუთვნილი კომპანიის „ელიზი ჯგუფის“ საგადასახადო შემოწმება და მილიონ სამასი ათასი ლარის ჯარიმის დაკისრება, რაც ფინანსთა სამინისტროში გაასაჩივრა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით, მუქარის გამო, საჩივარი უკან თავადვე გამოიტანა.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, თამაზ ელიზბარაშვილს და მის ახლობლებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, რის გამოც ელიზბარაშვილმა გირაოს სახით 6 მილიონი ლარი გადაიხადა. მისვე განმარტებით, გირაოს თანხის გადახდა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც, მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და რძლის გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.
გირაოს გადახდის შემდეგ ელიზბარაშვილმა და მისმა ახლობლებმა საპატიმრო 2010 წლის დეკემბერში, დაკავებიდან რამდენიმე თვეში დატოვეს. პროკურატურამ კი სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვა გონივრული ვადით გადადებულიყო. მოგვიანებით, ელიზბარაშვილს კუთვნილი ავტომანქანის სახელმწიფოსთვის იძულებით ჩუქებაც მოუხდა.
ელიზბარაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვა სასამართლოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 18 ოქტომბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდებოდა.
P.S. ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საამისოდ, ბრალდების მხარეს ერთი თვის ვადა აქვს. თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ელზა ჯმუხაძე For.ge-სთან აცხადებს, რომ „თავმოყვარე პროკურორი ამ განაჩენს არ გაასაჩივრებს“.