„მსოფლიო დონის დილემა - „ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი?", ადგილობრივ დონეზე დღეს ასე ჟღერს: „ჯერ ოფშორმედიას კვლევები ჩატარდა, თუ სააკაშვილმა დაწერა თავისი უკანასკნელი მონოლოგი?“. მე უფრო მგონია, რომ ჯერ მონოლოგი დაწერა და მერე მოარგეს მას „ფორმულას რისერჩები". იმდენად გრძელი და უაზროა ეს მონოლოგი, მის ციტირებას აზრი არა აქვს (მსურველს მისი გაცნობა „ბელადის" კედელზე შეუძლია).“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და „ფორმულას“ მიერ გავრცელებული წინასაარჩევნო კვლევები საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა“ სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
„ბავშვობა გამახსენდა - პაპაჩემს ქიზიყში ერთი „გრამოფონის" ფირფიტა ჰქონდა, სამედიცინო-მეცნიერული ჩანაწერით: „მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი", სადაც ამ მძიმე სენით დაავადებული პაციენტის მონოლოგი იყო ჩაწერილი. რატომღაც ხშირად ვუსმენდი ბავშვობაში - მიზიდავდა ეს ოხერი. რა ვიცოდი, რომ ოდესღაც „ვივამედელი“ დემენციური, დისტროფიული, შიზოფრენიული პაციენტის ტექსტების გარჩევაში დამეხმარებოდა.
ტიპს მომაკვდავი გიჟი ეძახე და „ფორმულას" კვლევებს ისე დააჯდა მისი „ოქტომბრის რევოლუციის" დეტალებში გაწერილი გეგმა, ვითარცა „ავრორას" გასროლა 107 წლის წინანდელ მოვლენებს. სააკაშვილის ამ მონოლოგს ფირფიტაზე თუ არა, შესაბამისი სამედიცინო განხრის სახელმძღვანელოებში შევიტანდი სამკურნალო პრაქტიკაში უნიკალურ სასწავლო მასალად.
გარდა დამატებითი მოტივაციისა, თუ რატომ უნდა დავასრულოთ ესენი სამუდამოდ, სააკაშვილის „ოქტომბრის რევოლუციის" სცენარის წაკითხვის შემდეგ, მე დიდად არაფერი შემძენია. თვით მონოლოგის ტექსტი დაწერილია ხმის ჩამწერ ხელოვნებაში აპრობირებული ცნობილი ხერხის -„ბექმასკინგის" საუკეთესო ტრადიციებში, როდესაც ტექსტის საბოლოო ვარიანტის ნორმალური მიმართულებით მოსმენისას, მისი ხმოვანი შინაარსი უკუღმად ჟღერს და ეს მიზანმიმართულად კეთდება.
„ბექმასკინგის" ილეთებით ცდილობენ დღეს რევოლუციური მუხტის წამოწევას, რეალობის განზრახ დამახინჯების გზით, სადაც თითოეული „ფაქტი" თუ მოწოდება უკუღმად უნდა იკითხებოდეს. „ოკუპანტურ" ენაზე ამ პროცესს - „უკანალის გავლით რაღაცის კეთება" ეწოდება, ხოლო ამ გზით განხორციელებულ რევოლუციასაც ამ ადგილიდან გამოყოფილი ნაყოფის შესაბამისი ეფექტი ექნება.“ - წერს დავით ქართველიშვილი.