დაზვერვის სამსახური სუს-ში გადადის

დაზვერვის სამსახური სუს-ში გადადის

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება და ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

განმარტებით ბარათში წერია, რომ ახლანდელი საკანონმდებლო მოწესრიგებით, „დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია“. როგორც დაგეგმილი ცვლილების ავტორები აცხადებენ, ეს ფუნქციები და ამოცანები მთელ რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციების, ამოცანებისა და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას“.

კანონის დამტკიცების შემდეგ, დაზვერვის სამსახური სუს-ის შემადგენლობაში 2025 წლის პირველი ივლისიდან გადავა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს და არც გვაქვს მოლოდინი, რომ გვქონდეს ინფორმაცია იმ რისკების შეფასების შესახებ, რომელიც იდენტიფიცირებული საფრთხეებიდან მომდინარეობს და თუ ამ რისკების გათვალისწინებით არის მიღებული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ზიანის შემცველი არ უნდა იყოს.

„მაგრამ ჩვენ გვაქვას პრაქტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობის პერიოდში, როდესაც გაერთიანებული სახელმწიფო უწყებების, როდესაც დაზვერვა და კონტრდაზვერვა ერთად იყო გაერთიანებული, მაშინ გვიფიქსირდება ტერორისტული აქტი მაღალი რანგის თანამდებობის პირის მიმართ. ამიტომ, რამდენად სარგებლიანია - ვფიქრობ, რომ იმ რისკების შეფასებაში ეს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს.

როდესაც ასეთ საკითხებს ვაანალიზებთ, მე განსაკუთრებულ აქცენტებს ვაკეთებ იმ გარემოებაზე, რამდენად სწორი არის ერთი უწყების ქოლგის ქვეშ ორი სხვადასხვა მიმართულების ოპერატიული და ანალატიკური ინფორმაციების არსებობა, იმიტომ რომ, ზოგადად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეზინფორმაციული ნაკადების გამოკვეთზე და ზოგადად, მაღალი რანგის თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე, სასურველია, რომ ყველა უწყებას ჰქონდეს ინდივიდუალური ინფორმაციები.

ვსაუბრობ საიდუმლო ინფორმაციებზე, იმისათვის, რომ არ მოხდეს გარკვეული დეზინფორმაციული ნაკადების მიწოდება ხელისუფლებისათვის, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიიღოს საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ვიმედოვნებ, რომ ასეთი ტიპის საფრთხეები იყო იდენტიფიცირებული, შეფასდა რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე კი თვლის, რომ დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში მოქცევით, მისი ხარისხი მკვეთრად დაეცემა. გოცირიძე თვლის, რომ სახეზეა ძალაუფლების კონცენტრაცია და მცდელობა, რომ ერთ ხელში მოხდეს ამ ყველაფრის თავმოყრა, ამას უნდა გულისხმობდეს სადაზვერვო სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტეგრაცია.

„ასეთი მოდელები არსებობს და, ძირითადად, არსებობს ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიც გახლავთ რუსეთი, ბელარუსი, სადაც უშიშროების სამინისტროში შედის სადაზვერვო მიმართულება. სპეცსამსახური იმდენად არის ახლა პოლიტიზებული, რომ პრობლემა ის კი არ არის, ერთი უწყება მეორეს შეერწყმება თუ არა, პრობლემა ის არის, რომ ეს უწყებები მუშაობენ პარტიის ინტერესების გასატარებლად, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს.

ამ შემთხვევაში, პარტიული ინტერესი დასავლეთთან კონფრონტაციის, საარჩევნო ელექტორალური მობილიზების ინტერესი საერთოდ არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს და ამიტომ, დაზვერვის სამსახურიც, შევა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, უფრო მეტად პოლიტიზებული იქნება და უფრო მეტად დამოკიდებული იქნება კონიუნქტურაზე.

ამასთან, საერთოდ მოშლილია დამოუკიდებელი კონტროლის, დამოუკიდებელი აუდიტის, გენერალური ინსპექციის ფუნქცია. გენერალური ინსპექცია, ნაცვლად იმისა, რომ იყოს დამოუკიდებელი მაკონტროლებელი, ექვემდებარება მინისტრს ანუ პოლიტიკურ პირს და უფრო მეტად ასრულებს პოლიტიკური ფილტრის ფუნქციას, ვიდრე დამოუკიდებელი მაკონტროლებლის“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.