შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია

ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს, პირდაპირ მსხვერპლზე და რადიკალიზაციაზე საუბრობენ, საინტერესოა ამაზე ზოგიერთი ელჩის პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი რომელიმე NGO კიდევ ერთხელ გაერევა ძალადობაში, ეს პირდაპირ იქნება ბრალი იმ დონორის, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს.

„არ ვიცი ვინ ვის ხვდება, მაგრამ მე მართლაც ვაკვირდები რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და NGO-ებმა დააანონსეს ძალადობა 26 მაისს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და საუბრობს რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე. აქ რა თქმა უნდა, საინტერესოა პოზიცია ზოგიერთი ელჩისა. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს NGO-ებისა და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა, როგორ სცადეს რადიკალიზაცია, იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამ ყველაფერს უყურებდნენ ამ NGO-ების დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ.

9 აპრილიდან გავიდა თვეზე მეტი და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორებისგან, როდესაც მათმა დაფინანსებულმა NGO-ებმა ძალადობის აქტი ჩაიდინეს 9 აპრილს მემორიალთან. ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი NGO და პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ აანონსებენ პროვოკაციებს, ძალადობას. შესაბამისად, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუკი რომელიმე NGO კიდევ ერთხელ გაერევა ძალადობაში, პირდაპირ, ეს იქნება ბრალი იმ დონორისა, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. უნდა ითქვას ცალსახად, რომ ან დონორების საელჩოები ემიჯნებიან სიძულვილს, ძალადობას, ტერორს ან ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.