გერმანიის ბუნდესტაგის წევრი თომას ჰაკერი განმარტავს, რა საკითხებზე იმსჯელეს ევროინტეგრაციის საკითხებზე კონფერენციაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა და რომელშიც საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. მან ასევე ისაუბრა მაისში თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც თავად დაესწრო.
„მე ვარ ბუნდესტაგის წევრი და მომიწვიეს, რომ გერმანიის პარლამენტიდან ჩემს კოლეგებთან და ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად მქონოდა ერთობლივი დისკუსია იმ ქვეყნების რეალურ მდგომარეობაზე, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. შესაბამისად, ვისაუბრეთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, ასოცირებულ ტრიოზე, მათ შორის საქართველოზე.
ბუნდესტაგის დელეგაციის შემადგენლობაში აქ ჩამოვედით, რომ წინანდალში ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტს დავსწრებოდით. ამ კონცერტამდე კი დემონსტრაცია გაიმართა. კვირას იყო ოპოზიციის დემონსტრაცია, ახალი თაობის დემონსტრაცია, რომელთაც სურთ საქართველოში ცვლილება და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. მომდევნო დღეს კი „ქართული ოცნების“ აქცია იყო. მე დავესწარი კვირას გამართულ აქციას, ორშაბათს კი ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენათა განვითარებას“, - აღნიშნავს გერმანელი დეპუტატი.
საქართველოს ევროინტეგრაციაზე მესამე სექტორი, გერმანიის ელჩი, გერმანელი დეპუტატები და ანა ნაცვლიშვილი დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. კონფერენციაზე მიწვეულია „ლელოს“ დეპუტატი, რომელსაც ცხრა ნაბიჯის, მანამდე კი 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია.