ხელისუფლებამ უკვე ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში, ქვეყანა განწირულია იზოლაციისათვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულობის სტანდარტებს როცა არ შეესაბამება, ხელისუფლება დასავლეთის მეგობარი ვერ იქნება.
„დღე არ გავა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მძაფრი კრიტიკა არ გავიგოთ იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების კურსს ასცდა. ეს არის ქვეყნის კონსტიტუციისა და ჩვენი მოქალაქეების დასახული გეგმის პირდაპირი ღალატი. პროცესი თუ გაგრძელდა, საქართველოს მთავრობა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. ეს კი იქნება უმძიმესი შედეგი როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა. ეს მხოლოდ აგენტების კანონს არ ეხება – აგენტების კანონი ბოლო წვეთი და გამოვლინება იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო პირდაპირი შტურმი პარტნიორების მიმართ – მათი გლობალური ომის პარტიად გამოცხადება, მეორე ფრონტის გახსნაში მათი მონაწილეობა, აბსურდული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს თურმე ორჯერ სურდათ რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების რევოლუციის გზით ჩამოგდება. ამ ქმედებებმა, ასევე ანტიუკრაინულმა და პრორუსულმა ქმედებებმა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. ამ ყოველივეს გამოსწორების ერთადერთი შანსი არის ის, რომ მავნებლური მმართველობა ოთხ თვეში დასრულდეს. ამ ხელისუფლებამ უკვე ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში, ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისათვის. პროცესი, რომელიც დაიწყო და რაც უკვე სამხედრო დახმარებების შეჩერებაში გადავიდა, უკიდურესად საგანგაშოა და იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება, ბევრი სხვა დახმარება შეჩერდება. ასევე გაგრძელდება პერსონალური სანქციები, ხოლო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ისეთ კატასტროფულ ვითარებაში ჩავარდება, რომ სანქციები სანატრელი გაუხდებათ. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულობის ელემენტარულ სტანდარტებს როცა არ შეესაბამება, მოქმედი ხელისუფლება დასავლეთის მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.