ვინ ლობირებს სკოლაში პორნოგრაფიის სწავლებას?

ვინ ლობირებს სკოლაში პორნოგრაფიის სწავლებას?

ვის მოვთხოვოთ პასუხი მსგავს ფაქტზე, განათლების სამინისტროს თუ ევროკავშირს, თუ ორივეს ერთად? ამ თემაზე "ალიას" განათლების ექსპერტი, მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს.

- შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ განათლების სამინისტრო არ არის საქმის კურსში. საქართველოში სკოლებში მსგავსი წიგნების შეტანის მცდელობა ადრეც მოხდა. თქვენ იტყვით, ამაზე უარესი ტექსტი რა უნდა იყოსო, მაგრამ გარწმუნებთ, ასევე საშინელი ტექსტები იყო, რომელიც სახელმძღვანელოდ უნდოდათ შეეგზავნათ სკოლებში. უფრო მეტიც, სექსუალური განათლების საათების ჩასმა უნდოდათ ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მახსოვს, არასამთავრობო ორგანიზაციები შევიდნენ სკოლებში, ბანანები და პრეზერვატივები შეიტანეს და დაარიგეს, პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მცდელობაც კი იყო, მაგრამ ეს მაშინ დამთავრდა მარცხით, რადგანაც ამოვაგდებინეთ ეს წიგნები. მაშინ ჩვენ ამას ვახერხებდით იმის ხარჯზე, რომ არასამთავრობოები ვიყავით გაერთიანებულები, კოალიცია გვქონდა შექმნილი და მსგავს სიმახინჯეებს ერთად ვცემდით პასუხს, იგივე პორნოგრაფიულ ლიტერატურას, კინოფილმებსა და სხვა. მაგრამ მერე ეს ცენტრი დაიშალა და ამჟამად ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე მოძღვარი იბრძვის და ასევე, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი". მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანები შემორჩნენ ამ პრობლემას. ახლა, როგორც ჩანს, ეს საკითხი ისევ გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით პარაფირება მოხდა. თქვენ იცით, რაზეც მოვაწერეთ ხელი?

- პირადად მე, არა, ეს არ გასაჯაროებულა ჯერ, ვთარგმნითო, როგორც ამბობენ, და ისიც გავიგე, რომ ტექსტის არასრული ვარიანტი გამოქვეყნდება.
- არც თქვენ და არც საზოგადოებამ არაფერი იცის და რადგანაც ევროკავშირში გვინდა შესვლა, ეტყობა, უნდა ვაღიაროთ ჰომოსექსუალიზმი, ეს უნდა ავიყვანოთ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის რანგში და სკოლებში უნდა დავიწყოთ ამის პროპაგანდა. ამ დროს მსოფლიო ჯანდაცვის რეგიონულმა ორგანიზაციამ და გერმანიის განათლების ფედერალურმა ცენტრმა შეიმუშავა და გამოაქვეყნა მათ მიერ რეკომენდებული დოკუმენტი: ევროკავშირის სექსუალური განათლების სტანდარტები და კითხვა ჩნდება, რა არის ეს? წესით, ბავშვს ამდაგვარი საკითხები უნდა ასწავლო ზოგად ბიოლოგიასთან და ადამიანის ანატომიის შესწავლის დროს მეცნიერულ დონეზე, სამეცნიერო ტერმინებით და, როცა ცნობილია, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ტვინის ქერქის ავადმყოფობა და ამის პროპაგანდას ვეწევით, უმცირესობის ხარჯზე უმრავლესობას რატომ აყენებენ ზიანს? გაიგოს ეს ევროპამაც! რა, მათ არ იციან, რომ ეს მძიმე დაავადებაა?

- პატარა ბავშვებთან ამ ლიტერატურის შეტანის უფლება ვის აქვს?
- საქმე აქ რთულადაა. მაინტერესებს, ეს უვარგისი კანონები, რაც სააკაშვილის დროს არის მიღებული, რატომ არ იცვლება "ქართული ოცნების" მიერ? უმაღლესი განათლების შესახებ რომ მიმდინარეობს კანონზე მუშაობა, მაინტერესებს, რატომ არავინ მუშაობს პარლამენტში ზოგადი და პროფესიულ განათლების შესახებ კანონზე? კანონში სიტყვა "აღზრდაა" ამოღებული და ამას შეცვლა არ სჭირდება? რომ ჩაწერეს იქ "ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებიო", ეს რას ნიშნავს, რომ ეს ღირებულებები მხოლოდ სექსუალიზმის გაშმაგებული პროპაგანდაა?

- მასწავლებლებს უთქვამთ, რომ არც კი წაიკითხეს, ისე დაარიგეს ეს ლიტერატურაო და თქვენ ამის გჯერათ?
- არ მჯერა. როგორ არ წაიკითხა და რატომ არავინ წაიკითხა? მაგ 147-ე საჯარო სკოლას მასეთი რამეები სჩვევია, მანდ მსგავსი კიდევ იყო სხვა შემთხვევებიც. თურმე, ბავშვებმა გულისყურით უნდა წაიკითხონ ეს წიგნი და მერე მოვლენ ევროკავშირის წარმომადგენლები და თურმე ერთად განიხილავენ წაკითხულს? რას განიხილავენ, ხალხო? რა წიგნის განხილვა და რა ევროპული ლიტერატურა? ეგ ჟან ჟენე დიუმაა, ჰაინეა თუ გოეთეა? ესაა ევროპული ლიტერატურა, ეს ავადმყოფი სექსუალური მანიაკი?

- ევროკავშირი რატომ აძალებს ჩვენს ბავშვებს ამის წაკითხვას?
- არ ვიცი, ევროპას რომ ჰყავს მსოფლიო კლასიკოსები, იმას რატომ არ გვთავაზობენ? იმ კლასიკოსების დღეები ჩაატარონ. მაგ ამბიდან კიდევ სხვა საკითხებიც წამოიჭრა. ადრე კარტოზია იძულებული გახდა სწორედ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნით გამოეცა სპეციალური ბრძანება და აეკრძალა სკოლებში ყოველგვარი ლიტერატურის შეტანა. საინტერესოა, ამ წიგნებს უფასოდ არიგებენ?

- რა ინფორმაციაც მაქვს, ჩანს, უფასოა.
- გასაგებია და ხედავთ, რამხელა ფული იხარჯება ამ უზნეობის პროპაგანდაზე? ისე, ცნობისთვის, უფასოდ ბუნებაში არაფერი არ არსებობს. რა ფულით დაიბეჭდა ეს წიგნები, საქართველოს ბიუჯეტის ფულით? თუ ევროკავშირის ფულით და გრანტებით? ესეც გამოსარკვევია. არ არსებობს ორგანო, რომელიც აკონტროლებს წიგნების, ჟურნალების შეტანას სკოლებში: ვისაც უნდა და რაც უნდა, ის ვრცელდება სკოლებში და ეს უნდა აიკრძალოს, განათლების კანონები უნდა შეიცვალოს, აღმზრდელობითი სისტემა უნდა ჩაიწეროს კანონში და მის შესაბამისად, მთლიანი აღზრდის სისტემა უნდა აღდგეს, სახელმწიფომ კი იდეოლოგია უნდა შეიძინოს. ჰომოსექსუალიზმი და ავადმყოფური სექსი არ არის საქართველოს გზა, საქართველოს გზა არის ეროვნული ფასეულობები და ეს ავადმყოფური ბოდვა და ავადმყოფობის პროპაგანდა ჩვენი ერისათვის შეუთავსებელია.

- საინტერესოა, ამაზე მთავრობა ხმას რატომ არ იღებს?
- ეგ მეც მაინტერესებს, რას ფიქრობს ამაზე მთავრობა? განათლების სამინისტროს ცალკე ვერ გამოვყოფთ ნამდვილად. რა პოლიტიკა გატარდეს, ეს პარლამენტის და პრემიერის საქმეა. გვითხრას პარლამენტმა, რისი პარაფირება მოხდა, მხოლოდ იმას რომ აცხადებენ, ეს ევროპული ღირებულებებიაო? ევროპული ღირებულებები სხვაგვარად მესმის, მათ შესანიშნავი კულტურა აქვთ და ამიტომ ვერ ვიგებ ევროკავშირის ამ ნაბიჯებს, რას ნიშნავს ჰომოსექსუალიზმის ასეთი გაშმაგებული პროპაგანდა? რა უბედურებაა, სხვა საქმე არაფერი აქვთ? სექტამდე დავიდა ევროპული ღირებულებები? არ მესმის...

კომენტარისთვის ვუკავშირდებით განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს ნატა ასათიანს:

- ეს იყო ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროექტი: "ისაუბრე წიგნებზე", რაც მიზნად ისახავდა ევროპელი მწერლების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. ინფორმაცია მიეწოდათ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და სკოლებმა თვითონ აირჩიეს მათთვის საინტერესო ლიტერატურა.

- იქ ასარჩევად იყო საქმე?
- კი, დაწყებული "პეპი გრძელი წინდათი" და დამთავრებული ჟან ჟენეთი.

- და მაინცდამაინც ჟან ჟენეთი რატომ დაინტერესდა 147-ე სკოლა?
- ეგ მაგ სკოლას ჰკითხეთ.

- კი, მაგრამ განათლების სამინისტრო რას აკეთებს, არ აკონტროლებდა, რა ლიტერატურას შეარჩევდა სკოლა?
- არა, ეგ ევროკავშირის პროექტია და არა ჩვენი, თორემ ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნებოდა შემოწმებული. ჩვენ მხოლოდ ინფორმაცია მივაწოდეთ სკოლებს. სკოლები თვითონ განსაზღვრავენ. ევროკავშირს მოთხოვეთ პასუხი, თუ სია გაინტერესებთ და სკოლას, რატომ შეარჩიეს. ეს ავტორი დღეისთვის ამოღებულია სკოლებიდან, მაგრამ, ვიმეორებ, ავტორზე უკვე სკოლის დირექტორს მოჰკითხეთ.

რის ვაი-ვაგლახით ვაზუსტებთ სკოლის დირექტორის ნომერს, მაგრამ გიორგი შავლაძის ტელეფონი გამორთული დაგვიხვდა. სამწუხაროა, კითხვები მასთანაც გვქონდა.