მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში კორუფციის დაბალი მაჩვენებლების მიხედვით, ფინანსების და ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთოდ ლიდერი სახელმწიფოა. მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს. ამიტომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკა და ის მიდგომა, რითაც ხელისუფლება მოქმედებს და კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ყველას, ვისაც ასეთი დარღვევა, გადაცდომა და დანაშაული ექნება ჩადენილი, მასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.