მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, ინაუგურაციის წინა დღეს კი მოქალაქეები მის გარეშე დაემშვიდობნენ სასახლეს, რომელშიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველობის წლები გაატარა. მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ინტერნეტ-აუდიტორიას ეკონტაქტება "ფეისბუქის" საშუალებით. კითხვა კი, რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, პასუხგაუცემელი რჩება...
Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, თუ რა მისიით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი ამ დროისათვის საზღვარგარეთ, და რა გეგმებით დაბრუნედება საქართველოში ექსპრეზიდენტი. როგორც მისი თანაგუნდელები და ყოფილი პრესსამსახურის უფროსი, ნათია ბანძელაძე ამბობენ, სააკაშვილის სამომავლო გეგმების შესახებ კონკრეტული არაფერი იციან. ნათია ბანძელაძის თქმით, არსებობს ვერსია, რომ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა საქმიანობა უცხოეთში რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში გააგრძელოს, ან დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხოს.
სააკაშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ განსხვავებულ ვერსიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბრობს. მისი თქმით, სააკაშვილს ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს უცხოელებისგან, რისი მომსწრე თავადაც გამხდარა:
"დარწმუნებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ექნებოდა შეთავაზებები. რაღაც პერიოდი შეიძლება მან ეს გზა აირჩიოს, დაისვენოს აქტიური პოლიტიკისგან, მაგრამ გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი თავისი ენერგიითა და გამოცდილებით ქართული პოლიტიკიდან არ გაქრება. კონკრეტულად სად, რომელ უნივერსიტეტში ან კვლევით ცენტრში სთავაზობდნენ საქმიანობის გაგრძელებას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იდეების დონეზე რომ გამოითქმებოდა, ვადასტურებ. საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პრეზიდენტობა ისეთი გამოცდილებაა, რომ ნებისმიერი კვლევითი ცენტრი ან უნივერსიტეტი დაინტერესებული იქნება ამ გამოცდილების გაზიარებით," - ამბობს დავით დარჩიაშვილი.
პრეზიდენტის კიდევ ერთი თანაგუნდელი, გოგა ხაჩიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არც მან იცის სააკაშვილის სამომავლო გეგმებზე იმაზე მეტი, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გარდა იმისა, რომ შესაძლოა, საქართველოში დაბრუნებულმა სააკაშვილმა დიდი დრო არა პოლიტიკას, არამედ მეღვინეობას დაუთმოს...
ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი და მისი სამომავლო გეგმები საზოგადოებისთვის ბუნდოვანია, ექსპრეზიდენტი აქტიურობას თავის ოფიციალურ "ფეისბუქზე" არ წყვეტს და მისი პრეზიდენტობის პერიოდში განახლებული თბილისის ფოტოებს თავის კედელზე ათავსებს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დიდი პოლიტიკური გეგმებით დაბრუნდება. მოუწევს თუ არა მას ცვლილებების შეტანა პარტიული დროშის მსგავსად იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებში. ამ თემაზე პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა"-ს უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს ვესაუბრეთ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალეს, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული ვირტუალური რეალობის შექმნა, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. 2007 -2008 წლის შემდეგ ინვესტიციებმა იკლო ქვეყანაში და სახელისუფლებო ჯგუფს აღარ ჰქონდა ადამიანური და ფინანსური რესურსი ვირტუალური რეალობის შესაქმნელად. შემდეგ ეს ვირტუალური რეალობა რეალურ ცხოვრებას ასცდა და მათ მოუწიათ მათივე გამოგონილი პროცესების მართვა. ამ გაორებამ კი მათი მარცხი გამოიწვია - პროპაგანდა ასცდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამან გამოიწვია სააკაშვილის არა მარტო რეალური, არამედ პიარ-დამარცხება.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თეორიულად არ არის გამორიცხული, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით მისი მოსვლა შეუძლებლად მიმაჩნია. რადგან ნაციონალური მოძრაობა დაცლილია იდეებისგან. ისინი ხელისუფლებაში კონკრეტული მიმზიდველი იდეებით მოვიდნენ - არა კორუფციას, დასავლეთისკენ მიმავალი კურსი და ეკონომიკური განვითარება. სამივე ვექტორი ამჟამად ქართულ ოცნების ხელთ არის. სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარ ნაკლად კი ის მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში დანაშაულებრივი სისტემები შექმნეს, არ ჩამოიშორეს. ამან კი საზოგადოების ნდობის დაკარგვა განაპირობა".
სოსო გალუმაშვილის მსგავსად სააკაშვილის ოპონენტებიც მიიჩნევენ, რომ 9 წლიანი მმართველობის შემდეგ, სააკაშვილს, პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ მოუწევს საზოგადოების ნდობის აღდგენა, თუმცა როდის და რა ფორმით გახდება ექსპრეზიდენტი დიდი ქართული პოლიტიკის მოთამაშე, ამას მომავალი გვიჩვენებს...