დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი IV მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს სამხედრო ნაწილში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა: „დიდი პატივია დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა, პატივია მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში სტუმრობა. თქვენი ღვაწლი სამშობლოს და გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის საქმეში ფასდაუდებულია. მეოთხე მექანიზირებული ბრიგადა სამართალმემკვიდრეა პირველი ოპერატიული პოლკისა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე შეიქმნა. ამ შენაერთს უდიდესი საბრძოლო გამოცდილება აქვს. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან თქვენ ერთგულად იდექით და დგახართ სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და, ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ISAF მისიაში, ავღანეთში. საქართველოს მოქალაქეთა სახელით, მადლობას გიხდით ქვეყნის უსაფრთხოებისა და ერთიანობისთვის მსახურისათვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ჩვენს ხალხს სძინავს მშვიდად, იმიტომ რომ თქვენ მწყობრში დგახართ. თქვენი სიძლიერე, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი უსაფრთხოების უმთავრესი გარანტია. თქვენი მხედრული მიღწევები, რომელთაც აღვნიშნავთ დღეს, ჩვენი ხალხისთვის საამაყოა. მადლობა სამსახურისთვის. თქვენთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მეგობარ ქვეყნებს. მათი მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში ფასდაუდებელია. ვაცხადებთ რა, ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას ქვეყნის უცვლელ კურსად, ჩვენ მოვალენი ვართ მუდმივად ვიზრუნოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. უდიდესი მხედართმთავარი სუნ ძი ამბობდა: „ყველაზე უკეთესია დაამარცხო სხვისი არმია უბრძოლველად. ყველაზე უკეთესი ომი არის მოსპო მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები.“ ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეიარაღებული ძალების მომზადების ისეთ დონეს, რომელიც ბრძოლის სურვილს დაუკარგავს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. დიახ, მშვიდობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ თუ სამშობლოს დაჭირდება, ყოველი ჩვენთაგანი მზად იქნება თავი გასწიროს. მე ვიცი, რომ თქვენ ასეთ დროს კვლავაც პირველ რიგებში იდგებით და თავდადების მაგალითს მისცემთ სხვებს. ამიტომ, ამ საზეიმო ღონისძიებაზე ტკივილით და ამავე დროს სიამაყით უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის ბროლაში გმირულად დაღუპული თქვენი თანამებრძოლები, ოფიცრები და ჯარისკაცები. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. წარმატებას გისურვებთ ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოებისთვის სამსახურში. ღმერთმა დალოცოს საქართველო.“
IV მექანიზირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიესალმა: „მინდა, დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველად ეწვია შეიარაღებულ ძალებს, მოგილოცოთ ის დიდი მიღწევები, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა ბიჭებმა მიაღწიეთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინდა ქედი მოვიხარო IV ბრიგადის იმ ვაჟკაცი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავლის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ოჯახების მოვლა, მათი სახელის პატივისცემა იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვალეობა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება მთავარი გარანტი ჩვენი უწყების, შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის და თქვენთან ერთად ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა გვერდით დაუდგეს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას. მინდა, ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, ბატონო ჯარისკაცებო, გისურვოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სამსახური გავაგრძელოთ ისეთივე სულიერი სიმხნევით, სიმტკიცით, როგორც აქამდე აკეთებდით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გვერდში დაუდგება და წაუძღვება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. დიდი მადლობა ქვეყნის სამსახურისთვის. ღმერთი იყოს თქვენი და შეიარაღებული ძალების მფარველი“.