საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის დამფუძნებელთა ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს
ბატონებო,
2 საუკუნეზე მეტია დედამიწაზე დომინირებენ მცირე მეწარმეები, რომლებიც ქმნიან რა მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვან საშუალო ფენას, წარმოადგენენ ყველაზე დიდ ელექტორატს და მათი საარჩევნო ხმებით იმართება დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა, ეკონომიკა და ცივილიზაცია. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მცირე მეწარმეობაზე მოდის მსოფლიო დასაქმების 80-90% და მსოფლიო მშპ-ს 60-70%. საქართველო კი 7 წელიწადია ამ კუთხით მოწყვეტილია მსოფლიო პოლიტიკას, ეკონომიკასა და ცივილიზაციას. ეს მოხდა 2006 წელს, როცა მაშინდელმა ვაიპრემიერმა ნოღაიდელმა დანაშაულებრივად გააუქმა 1998 წელს დაფუძნებული ჩვენი ასოციაციის დიდი ძალისხმევით 1999 წელს პარლამენტის მიერ მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და ამ კანონით დაარსებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი სტრუქტურა - ”მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი.” 7 წელიწადია საქართველოში მცირე მეწარმეობა დღემდე არ ფინანსდება და გამოცხადებულია კანონგარეშედ, რაც ნონსენსია, რადგან ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვართ მოწყვეტილი ცივილიზაციასა და ვამართლებთ საყოველთაოდ აღიარებულ თეზას: ქვეყანას, რომელსაც არა აქვს მცირე მეწარმეობა, არა აქვს მომავალი!
დიახ, ჩვენ არა გვაქვს მცირე მეწარმეობა არც დე იურე და არც დე ფაქტო. ის, რასაც დღეს საქართველოში ეძახიან მცირე მეწარმეობას წლიური ბრუნვით 500 ათას ლარამდე და მიზერული ერთადერთი შეღავათით 100 ათას ლარამდე, ახლოსაც კი ვერ მიდის ევროსაბჭოს სტანდარტებით გათვალისწინებულ მცირე მეწარმეობის 10 მილიონიანი ევროს წლიურ ბრუნვებთან თავისი უდიდესი შეღავათებით. ნამდვილად ტრაგიკული სინამდვილეა, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს მცირე მეწარმეობა და, შესაბამისად, არ გვაქვს მომავალი. აქედან გამომდინარე, ბატონო ირაკლი, თქვენ ჩაიბარეთ ქვეყანა, რომელსაც არ ექნება მომავალი, თუ საქართველოში სასწრაფოდ არ აღორძინდება მცირე მეწარმეობა.
რა თქმა უნდა, მთელ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენც უდიდეს პატივს მივაგებთ ბატონი ბიძინას კოლოსალურ დამსახურებას ნაციონალების ფაშისტური რეჟიმისაგან საქართველოს განთავისუფლებისათვის და მზად ვართ ჩვენი 15-წლიანი აბსოლუტურად უფასოდ და უხელფასოდ ნაშრომ-ნაღვაწით უანგაროდ დაგიდგეთ გვერდში თქვენ, ბატონო ბიძინა, რომელმაც გადმოინაცვლეთ ჩვენსკენ, არასამთავრობო სექტორში და თქვენ, ბატონო ირაკლი, რომელმაც იტვირთეთ დღევანდელი პოლიტიკურად დანგრეულ-დანაწევრებული და ეკონომიკურად განადგურებული საქართველოს პრემიერობის მძიმე ჯვარი, რათა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების ერთიანი ძალისხმევით საქართველოში 2-3 წელიწადში დავაფუძნოთ ნამდვილად ევრო-ატლანტიკური სტანდარტების მცირე მეწარმეობა და გავუჩინოთ ქვეყანას მომავალი!
დიახ, მზად ვართ ჩვენი 15-წლიანი ნაამაგარით უშურველად დაგიდგეთ გვერდში. ეს ნაამაგარი კი არც თუ ისე მცირეა: საქართველოში გარდაუვალი რევოლუციური ეკონომიკური რეფორმების თემებზე 1998-2013 წლებში გამოქვეყნებული გვაქვს 500-ზე მეტი პუბლიკაცია. ჩვენი ასოციაციის 10 წლის იუბილეზე, 2008 წელს დავამუშავეთ ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების რეფორმების პროექტები”, რომლებიც თეზისების სახით გამოვაქვეყნეთ 2010 წლის იანვრის ჟურნალში ”ბიზნესი და კანონმდებლობა” სათაურით ”როგორ გვესმის საქართველოს ეკონომიკის რეფორმირება” და ანოტაციების სახით 2011 წლის 18-24 აპრილის გაზეთში ”ასავალ-დასავალი” სათაურით ”მივმართავთ ხელისუფლებას - დაიწყეთ ეკონომიკური რევოლუცია და გადარჩებით პოლიტიკურ რევილუციას!” 4 გამორჩეული რეფორმის პროექტი დავამუშავეთ და დავაპატენტეთ პროგრამებად, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ფეისბუქზე ”თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია.”
ამ პროგრამებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების 2 უნიკალური პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ერთიან კომპლექსურ პროგრამას და ერთი პროგრამის დაფინანსება-ამოქმედებით პარალელურად უფასოდ ამოქმედდება მეორე პროგრამა. მაგალითად, 2009 წელს ნაციონალებმა მიზნობრივად მცირე მეწარმეობა ბიუჯეტში დააფინანსეს 21 მილიონი ლარით. ჩვენ სააკაშვილს ოფიციალურად ამაოდ მივწერეთ, რომ გამოეცხადებია ტენდერი მცირე მეწარმეობის საუკეთესო პროგრამაზე და საბიუჯეტო ხარჯების გარეშე საგადასახადო თამასუქებით უფასოდ მოვუგვარებდით მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების პრობლემას. 4 წლის შემდეგაც იმავეს ვითხოვთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტში მცირე მეწარმეობა დაფინანსდეს 20 მილიონი ლარით და გამოცხადდეს ტენდერი. 10 მილიონი ლარი მოხმარდება ”მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის” აღდგენასა და, ამერიკული მოდელის შესაბამისად, მისი ფილიალების დაარსებას საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. ამ ამერიკული მოდელის მთავარი ნიშანია, რომ რეგიონულ ფილიალებად დაქსელილი მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომელიც წარმოადგენს ამერიკის მცირე მეწარმეობის მართვის ძირითად ორგანოს, არ ემორჩილება არც ერთ სამინისტროს და ემორჩილება მხოლოდ უშუალოდ ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტს. ასეთი მოდელი შემოღებული აქვს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენს მეზობელ რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და აუცილებელია შემოვიღოთ საქართველოშიც. 10 მილიონი ლარით ამ ცენტრთან დაარსდება მცირე მეწარმეთა საინვესტიციო ფონდი. თანაც ეს 20-მილიონიანი დაფინანსება იქნება ერთჯერადი, რადგან ერთი წლის შემდეგ პროგრამა მუდმივად გადადის თვითდაფინანსების უწყვეტ რეჟიმში. რაც მთავარია, მცირე მეწარმეობის ამ პროგრამის ამოქმედებისთანავე პარალელურ რეჟიმში უფასოდ ამოქმედდება საგადასახადო თამასუქებით მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების ჩვენი დაპატენტებული პროგრამაც და 2-3 წელიწადში საქართველოში შეიძლება მოგვარდეს მცირე მეწარმეობის, მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის 4 უდიდესი, ქართველი ხალხის სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემა!
ჩვენ კიდევ უფრო შორს წავედით და ვფიქრობთ, რომ მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურების ჩვენს მიერ მიგნებული მოდელით შესაძლებელია 2004-2012 წლებში ნაციონალების მიერ ქონებისა და ბიზნესის წართმევით 20 ათასი დაზარალებულის 7 მილიარდი ლარის ზარალის ანაზღაურებაც. ეს 7 მილიარდი ლარის ზარალი ტრანსფორმირდება იგივე 7 მილიარდი ლარის მცირე მეწარმეობის ადგილობრივ ინვესტიციებად, მცირე მეწარმეობის აყვავებად და დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებად პირდაპირი საბიუჯეტო ხარჯების გარეშე!
ვინაიდან ჩვენი პროგრამით სახელობითი საგადასახადო თამასუქების გაცემა გათვალისწინებულია გაყიდვის უფლებით, შეიქმნება საგადასახადო თამასუქების სავაჭრო ბირჟა და ამ თამასუქების მეპატრონე ზემოდ დასახელებული ყველა დაზარალებული გახდება გარკვეული ფინანსური კაპიტალის კერძო მფლობელი. მათ შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდება ბანკებში ჩადებული და წასართმევად გამზადებული საცხოვრებელი სახლების მფლობელები, რომლებისთვისაც ეს სახელობითი საგადასახადო თამასუქები გახდება უბინაოდ დარჩენის საშიშროებისაგან თავის დაღწევის კარგი საშუალება!
აი, მცირე მეწარმეობის რა პროგრამა არ დააფინანსა მცირე მეწარმეობის აყვავების წინასაარჩევნო პროგრამით ხელისუფლებაში მოსულმა ”ქართულმა ოცნებამ” 2013 წლის ბიუჯეტში. სამწუხაროდ, იგივეს აპირებენ 2014 წლის ბიუჯეტშიც. ეს რომ გავიგეთ, მცირე მეწარმეობის დაფინანსების მოთხივნით კვლავ ვაფრინეთ საპროტესტო ოფიციალური წერილები 2013 წლის 4 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარესთან და 11 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრთან. 18 ოქტომბერს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან ტელეფონით გვაცნობეს, რომ წერილი დაეწერა კომიტეტს და ჩვენი წინადადებები გაზიარებულია ბიუჯეტის კანონპროექტის შენიშვნებში. ამრიგად, პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოში მცირე მეწარმეობის აღდგენას. ახლა სიტყვა კვლავ მთავრობაზე და ფინანსთა სამინისტროზეა. როგორც ძველ, ისე ახალ პრემიერ-მინისტრს კი არა და არ აყენებენ საქმის კურსში. ჩვენთვის გაუგებარია ფინანსთა სამინისტრო დღემდე რატომ იზიარებს ნოღაიდელის მუქარას, რომელიც კიდეც შეგვისრულა: თუ არ გაჩერდებით, საქართველოში მცირე მეწარმეები ვერასდროს ვერ ეღირსებიან ფიქსირებულ გადასახადებს, რეფორმებს და საერთოდ აღარ იარსებებს მცირე მეწარმეობაო. ჩვენ კი, სანამ ვარსებობთ, გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ და 15-წლიან უკომპრომისო ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, რათა ამ ქვეყნიდან ჩვენი წასვლის შემდეგ საქართველოში იარსებოს მცირე მეწარმეობამ და მომავლის იმედმა.
ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტროს მცირე მეწარმეობის სააგენტოს დაარსებით დამუშავებული აქვს მცირე მეწარმეობის განვითარების სამთავრობო პროგრამა, რასაც მივესალმებით. თუ ღმერთმა ინება, 2014 წლის ბიუჯეტში დაფინანსდა მცირე მეწარმეობა და გამოცხადდა ტენდერი მცირე მეწარმეობის საუკეთესო პროგრამაზე, საკონკურსოდ უკვე იქნება მინიმუმ 2 პროგრამა, ეკონომიკის სამინისტროს სამთავრობო და ჩვენი აქ ნაწილობრივ წარმოდგენილი არასამთავრობო. დაე, გაიმარჯვოს საუკეთესომ. თანაც არასმთავრობოები უფრო იმედიანად ვგრძნობთ თავს, რადგან ჩვენს სექტორში გადმოინაცვლა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და დამთავრდა სამთავრობოების მიერ არასამთავრობოების ხელების გადაგრეხვის ეპოქა.
ოთარ დოლიძე, ანზორ საკანდელიძე, ანზორ ბაბუხადია, თამაზ ვაშაკიძე, თამაზ ცქიტიშვილი, მალხაზ ცისკარიშვილი, ვალერი ლომაძე, ილია ლეჟავა, ფრიდონ გუნცაძე