კეზერაშვილის მორიგი 100 მილიონიანი ბრალდება

კეზერაშვილის მორიგი 100 მილიონიანი ბრალდება

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე 35 წლის დავით კეზერაშვილს, ბედმა სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქ ექს-ან-პროვანსის საპყრობილეში გამოკეტვა არგუნა. თუმცა, როგორც დასავლეთის მედია იუწყება, კეზერაშვილის დანაშაული პატარა ქვეყნის ჩინოვნიკის მიერ ჩადენილი უკანონობის ფარგლებს ცდება და საერთაშორისო მასშტაბებს იძენს.

კეზერაშვილი მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნით რომ არ დაუკავებიათ, ამას ის მნიშვნელოვანი დეტალიც მოწმობს, რომ „წითელ ცირკულარში" მინისტრყოფილი ინტერპოლმა მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ ჩასვა.

კეზერაშვილის დაპატიმრებისთანავე, საფრანგეთში მისი ბოლოდროინდელი ვოიაჟებით დაინტერესდნენ.

ფრანგული მედიის ცნობით, კეზერაშვილი დაპატიმრებამდე ბოლო ერთ თვის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. საფრანგეთის ქალაქ ნიცადან კი, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაფრენას გეგმავდა. შესაძლოა, მისი მარშუტი უმნიშვნელოდ მოეჩვენოს ვინმეს, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - კეზერაშვილი ჯერ კიდევ გასულ წლებში იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში იყო შემჩნეული, რის გამოც, ამერიკული მხარე FBI-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა.

თუმცა, ვიდრე მინისტრყოფილის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრალდებებს შევაჯერებდეთ, მას მორიგ დანაშაულში ამხელენ, - კეზერაშვილის შესაძლო დანაშაულის ნუსხას შესაძლოა, კიდევ ერთი ბრალდება დაემატოს.

The Georgian Times-თვის ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილს ბულგარული კომპანია „არსენალი" თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. ქარხნის წარმომადგენლობა ოფიციალური კომენტარისგან ჯერჯერობით, თავს იკავებს და უახლოეს პერიოდში კეზერაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

ჩვენი ინფორმაციით კი, ბულგარული „არსენალი" კეზერაშვილს 100 მილიონ დოლარს ედავება. მათი მტკიცებით, ქარხნის პროდუქცია ქართულმა მხარემ 2008 წელს შეისყიდა, თუმცა, თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით100 მლნ, აღარ გადაუხადა.

საინტერესოა, რატომ დუმდა დიდი ხნის განმავლობაში ბულგარული მხარე. თუმცა, ვიდრე ამის მიზეზებს კომპანია ოფიციალურად განმარტავს, geotimes.ge აღნიშნული ტრანზაქციის დეტალების გარკვევას შეეცადა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კონკრეტულ ტრანზაქციაზე ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ სააკაშვილის მთავრობის მმართველობა მთლიანად „გრიფით საიდუმლო" იყო.

„ბულგარეთთან მიმართებაში ამ ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. მსგავს შესყიდვებს „გრიფით საიდუმლო" ედო და არ ხმაურდებოდა. მათი გასაჯაროება ახლა ხდება",- აცხადებს სამხედრო ექსპერტი.

თუმცა, ვახტანგ მაისაია იმ საერთაშორისო სკანდალზე საუბრობს, რომლის გამოც, კეზერაშვილი ფრანგულმა მხარემ პატიმრობაში დატოვა; საფრანგეთის გადაწყვეტილებას კი, გამოძიების პროცესში ამერიკული მხარის ჩაბმას უკავშირებს.

„თავის დროზე ამერიკული მხარის ჩაბმა ნიშნავდა იმას, რომ გაცილებით მძიმე დანაშაულებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. დეტალებით ვერ გეტყვით, საფრანგეთის პროკურატურა არ ვარ, მაგარამ იკვეთება სამი ძირითადი დანაშაული, რის გამოც საფრანგეთის პროკურატურა ასეთ აქტიურ ქმედებებს ახორციელებს - ეს არის ტერორისტებთან ურთიერთკავშირი, იარაღით უკანონო ვაჭრობა და ნარკოტიკები. იარაღით უკანონო ვაჭრობა რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ტერორისტებთან, რადგან ისინი ამ იარაღის ძირითადი მომხმარებლები არიან. ტერორისტების მსხვილი დილერების მეშვეობით ხდება ჩამოწერილ იარაღზე გასვლა. დეტალურად როგორ ხდება და რა, - გამოძიების პრეროგატივაა. მაგრამ მსგავს დანაშაულთან, რომ გვაქვს საქმე, ფაქტია. ისრაელით აპელირებაც არასწორია, რომ თითქოს მის მოქალაქეს არ შეეხებიან ზედმეტად. სწორედ კეზერაშვილმა და მისმა გუნდა ჩაუგდეს ისრაელის ტექნიკა რუსებს 2008 წელს, რაც ასევე ძალიან დიდი სკანდალი იყო", - აცხადებს მაისაია და მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი „ისტერიული ვოიაჟები" სწორედ, კეზერაშვილის საქმიდან თავის დაძვრენის მცდელობაა.

„რაც უნდა ეცადოს სააკაშვილი სიტუაციიდან გამოძრომას, ფაქტია, რომ ის მსხვილი გარიგებების საქმის კურსში იყო. ახლა სწორედ ამ საქმიდან გამოძრომას ცდილობს და ამიტომაცაა ამერიკაში. გაურკვეველია ვისთან აქვს შეხვედრები, მაგრამ ფაქტია - მისი ვიზიტი კეზერაშვილის საქმესთანაა დაკავშირებული, რადგან როგორც ჩანს, კეზერაშვილმაც გადაწყვიტა სამართალდამცავებთან თანამშრომლობა და სააკაშვილი შეშინებულია. კეზერაშვილი მიხვდა, რომ თავი დიდ ყულფში აქვს გაყოფილი და სააკაშვილსაც გაიყოლებს. ეს იმ ტენდენციიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რასაც ვუყურე - სააკაშვილი ჯერ გიჟივით ჩავარდა საფრანგეთში, ახლა კი ამერიკაში გაიქცა. თუ დაუდასტურეს დანაშაული, მას ვეღარაფერი უშველის" - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტის ვერსიას ამყარებს ამერიკულ ონლაინ გამოცემა New Eastern Outlook- ში გამოქვეყნებული სკანდალური სტატია, რომელშიც დავით კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ვრცლად არის მოთხრობილი.

„აშკარა გახდა, რომ კეზერაშვილი აგვისტოს ომს და ქართველი ადამიანების სიცოცხლეს იმისთვის იყენებდა, რომ დაუსჯელად ექურდა და დაეცვა საკუთარი თანაგუნდელები", წერს მიმომხილველი ჰენრი კამენსი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში კეზერაშვილის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებით და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებენ.

„2004-2006 წლამდე კეზერაშვილი საფინანსო პოლიციის უფროსი იყო. ის წყვეტდა რომელი მეწარმე დაეჭირათ, რა დაეხურათ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ის თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, თუმცა, მას ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა. ის „ნაციონალურ მოძრაობას" ხელს აძლევდა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან და თავისუფლად მეტყველებდა ივრითზე. ცნობილია, რომ ისრაელში იარაღის ვაჭრობის ყველაზე შავი ბაზარი არსებობს. კეზერაშვილი ამყარებს ურთიერთობებს ამ კრიმინალურ სფეროშიც. მას ურთიერთობები ჰქონდა არა მარტო ისრაელთან, არამედ იარაღის სერბ მწარმოებლებთანაც. მათ განკარგულებაში შედის აგრეთვე, ავიაგადაზიდვის რამდენიმე კომპანია, რომლებიც მსოფლიოს ცხელ წერტილებში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ. მრავალი საერთაშორისო კანონი და კონვენცია კრძალავს იარაღით ვაჭრობას მათთვის, ვინც შეიძლება ეს იარაღი გამოიყენოს არაკანონიერი საქმიანობისთვის. ამის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფებები ყალბი სერტიფიკატებით ყოველთვის შოულობენ იარაღს. ქართველები იღებდნენ იარაღს, როგორც ის ქვეყანა, რომლის ჯარსაც შეიარაღება კანონიერი მიზნებისთვის სჭირდებოდა"- წერს სტატიის ავტორი.

New Eastern Outlook-ის სტატიაში ასევე, საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალების შესახებ. სტატიის ავტორი კეზერაშვილის და მიხეილ სააკაშვილის ბიძის - თემურ ალანიას თანამშრომლობის შესახებ წერს და მათ მიერ იარაღით ვაჭრობის თაღლითური სქემის სკანდალურ დეტალებს ახმაურებს.

„ის, რომ იარაღს არ ყიდულობდნენ მხოლოდ ჯარისთვის, ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც ქართველ ახალგაზრდა ჯარისკაცებს ხელცარიელს უშვებდნენ რუსეთთან საომრად. ის, თუ სად წავიდა დიდი რაოდენობით იარაღი, უცნობია. ვარაუდია, რომ ის იარაღი ტერორისტებს ურიგდებოდათ. სწორედ მათთან თანამშრომლობდა კეზერაშვილი. ბევრი მინისტრი მოაშორეს, მაგრამ კეზერაშვილი ხელუხლებელი იყო. ის ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა და ყველა იმ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. იგი სააკაშვილის ბიძასთან თემურ ალასანიასთან იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში თანამშრომლობდა. ქართველი ჟურნალისტებისთვის მალე გახდა ცნობილი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები საზღვრებთან იარაღს უკანონოდ არიგებდნენ, რათა ამ იარაღის გამოყენება რუსებს დაბრალებოდათ. მალევე გახმაურდა იარაღის ბიზნესში ცნობილი ალექსანდრე ისმაილოვის საქმე. იგი დათანხმდა, საქართველოში უსარგებლო სამხედრო იარაღის და ტექნიკის შემოტანას. ყველასთვის ცნობილი გახდა მათი სახელებიც, ვინც ალასანია-კეზერაშვილის ბინძურ და სისხლიან ბიზნესში მონაწილეობდა. აშკარა გახდა ის, რომ კეზერაშვილი იყენებდა აგვისტოს ომს და ქართველი ადამიანების სიცოცხლეს იმისთვის, რათა დაუსჯელად ექურდა და თანამოაზრეთა ჯგუფი დაეცვა. ომის შედეგად საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა, კეზერაშვილი კი განზე გადგა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ისევ სჭირდებოდა იარაღიდან და ნარკოტიკიდან ნაშოვნი ფული, თუმცა, ამას სახალხოდ ვეღარ ახერხებდნენ. ამიტომ, კეზერაშვილმა გააგრძელა „მისი ბიზნესინტერესების კონცენტრირება". 2012 წელს, როცა მისმა მეგობრებმა დაკარგეს ხელისუფლება, მან ქვეყნიდან გაქცევის გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია სტატიაში.

დავით კეზერაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, თემურ ალასანიას, ვანო მერაბიშვილსა და გივი თარგამაძეს იარაღით უკანონო ვაჭრობაში, გენერალი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, საბრძოლო ქვედანაყოფ „ავაზას" მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილიც ადანაშაულებს.

გენერლის მტკიცებით, კეზერაშვილი აქტიურ კავშირში იყო იარაღით უკანონოდ მოვაჭრე საერთაშორისო დამნაშავე ვიქტორ ბუტისთან. მისი თქმით, საქართველო იარაღს უკრაინისგან ყიდულობდა, თუმცა, ისეთი ტიპის სამხედრო ტექნიკაა შეძენილი, რომელიც რუსეთის გარეშე საქართველოში ვერ მოხვდებოდა.

„უკრაინის „უკსპეცექსპორტს", რომელიც იარაღს ყიდის, პირდაპირი კავშირი აქვს „რუსვაარუჟენიასთან". შესაბამისად, „რუსვაარუჟენიასთან" თანხმობის გარეშე, უკრაინა საქართველოს ვერ მიყიდდა ამ შეიარაღებას. დავით კეზერაშვილის მაქინაციური სქემები იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, 2007 წელს, კეზერაშვილის მინისტრობის დროს გამოიკვეთა. მან ოფიციალურად მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს პარლამენტში და მის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს. კეზერაშვილის მიმართვის საფუძველზე თავდაცვის ბიუჯეტი გააორმაგეს და ის 400 მილიონით გაიზარდა. კეზერაშვილის მინისტრობის დროს უშუალოდ სააკაშვილმა დაამყარა კავშირები იუშენკოს მეშვეობით „უკსპეცექსპორტთან", რომლის ხელმძღვანელიც ბონდარჩუკია. მიუხედავად ყველაფრისა, ძვირადღირებული იარაღის ნუსხა საქართველოში არ შემოსულა. იარაღის ტრაფიკს სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია აკონტროლებდა. თემურ ალასანია ამ იარაღით ამარაგებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ რომელიმე კონკრეტული ტიპის იარაღის შეძენა. მხედველობაში მაქვს შემდეგი ქვეყნები: სირია, ირანი, ლათინო-ამერიკული ქვეყნები", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

გენერლის თქმით, ის ძვირად ღირებული ტექნიკა და სამხედრო შეიარაღება, საქართველოში მართლაც რომ შემოსულიყო და არ გაყიდულიყო, 2008 წელს საქართველო იმ შედეგს არ მიიღებდა, რომელიც მიიღო.

წითელაშვილი იმ მაქინაციური სქემის შესახებაც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შეძენილი სამხედრო ტექნიკა გაქრა.

 „არის ასეთი ფირმა „ბელ თრეინგი", რომელიც დარეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა „ბელ თრეინგში", იქიდან კი, „სპეცექსპორტში". თავდაცვის სამინისტროს შეეძლო პირდაპირი წესით თანხები უკრაინაში ამ ორგანიზაციისთვის გადაერიცხა, მაგრამ თანხის პირდაპირი გადარიცხვა იცით, რატომ არ ხდებოდა? ფულს ვერ გააკეთებდნენ. მაგალითად, „ბელ თრეინგში" ჩაირიცხა 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოფშორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მილიონი კი ირიცხებოდა „უკსპეცექსპორტში". იარაღის შესყიდვა უკრაინიდან მართლაც ხდებოდა, მაგრამ, ამის შემდგომ საქართველო ამ იარაღს სირიაზე და ირანზე ყიდდა," - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.

გენერლის ინფორმაციით, საერთაშორისო დანაშაულის წყალობით, წინა ხელისუფლებამ 100 მილიარდი იშოვა.

 ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პარალელს კეზერაშვილის დაკავებასა და „ვიკილისქში" გამოქვეყნებულ ჰილარი კლინტონის წერილს შორის ავლებს, სადაც იარაღის ვაჭრობის საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მონაწილეობაზეა საუბარი.

„კეზერაშვილს იმდენად სერიოზულ დანაშაულს უყენებს აშშ-ს ფედერალური სამსახური, რომ მისი გადმოცემის შანსი ძალიან დაბალია. ფაქტია, რომ კავშირი კეზერაშვილსა და ვლადიმერ ბუტს შორის იკვეთება. ეს არის ადამიანი, რომელიც იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო კონსტრუქციუმის ერთ-ერთი ლიდერია, ის დაკავებული ჰყავთ ამერიკელებს და სასჯელს ამერიკულ ციხეში იხდის", - აცხადებს არეშიძე.

რაც შეეხება ალბანელებთან კეზერაშვილის კავშირს, საითკენაც მას დაკავების დროს ჰქონდა გეზი აღებული, მამუკა არეშიძის განმარტებით, ყოფილ მაღალჩინოსანს ალბანეთში სათამაშო ბიზნესის სერიოზული სქემა აქვს.

„მართალია, კეზერაშვილი ქართული მხარის ძალისხმევით, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ არის დაკავებული, მაგრამ გარდა იმისა, რომ მას პასუხი აქვს გასაცემი ქართული გამოძიების მიმართ, ასევე, ბევრი კითხვა აქვთ მასთან ამერიკის სპეცსამსახურებს. ეს დაკავშირებულია იარაღით ვაჭრობასთან და ალბანეთში აბსოლუტურად უკანონო ბიზნესის შექმნასთან. გასაოცარია, მაგრამ კეზერაშვილმა მოახერხა ალბანეთში შეექმნა სათამაშო ბიზნესის სერიოზული ქსელი. ალბანური მაფია დღეს ერთ-ერთ სერიოზული პრობლემაა ევროპისთვის. ის ჩართულია საერთაშორისო ტრეფიკინგში, იარაღით ვაჭრობასა და ათას უბედურებაში. მაინცდამაინც მათთან დაამყარა კეზერაშვილმა ურთიერთობა. უნდა გითხრათ, რომ ისრაელის სპეცსამსახურები, რომლის მოქალაქეც არის კეზერაშვილი, ეჭვით უყურებდნენ მის აქტიურობას. ისრაელი ხმამაღლა იცავს თავის მოქალაქეებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადამიანი მილიონერია და კეზერაშვილი მილიონერია ნამდვილად... მაგრამ ახლა ისინი დუმან... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებსაც არ აწყობთ კეზერაშვილი დარჩეს თემიდას პირისპირ. ის ინფორმაცია, რაც კეზერაშვილს აქვს, ამერიკელებს უფრო აინტერესებთ", - ასკვნის ექსპერტი.

ფაქტია, რომ დანაშაულებრივი სქემების დამტკიცების შემთხვევაში, კეზერაშვილს თავისუფლებასთან გამომშვიდობება ძალიან დიდი ხნით მოუწევს. ჯერჯერობით კი, geotimes.ge-ს თავდაცვის სამინისტროში ბულგარული ტრანშისა და 100 მილიონიანი დავალიანების შესახებ ინფორმაციას არ უდასტურებენ. იარაღის შესყიდვის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას სამინისტრო 10 დღის ვადაში დაგვპირდა - იმ შემთხვევაში, თუ ტრანშს „გრიფი საიდუმლო" არ ადევს.

თუმცა, ვიდრე გამოძიება და დაზარალებული კომპანია ოფიციალურად მორიგ ახალ ბრალს გააჟღერებენ, დავით კეზერაშვილი ორ გახმაურებულ საქმეზეა ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედის" საქმეზე, მას თებერვლის ბოლოს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. კეზერაშვილს ბრალად ედება 2008 წელს პირდაპირი მუქარის გამოყენებით, „იმედის" მაშინდელი მფლობელის ჯოზეფ ქეის იძულება - გადაეფორმებინა „ტელეიმედის" წილი პანამის ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია Bordex Limited-ზე, რომელიც კეზერაშვილის საკუთრება იყო. ამავე დროს, გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილი დაპირდა ქეის, რომ წილის ღირებულებას - 10 მილიონ დოლარს, მას თბილისის მერი გიგი უგულავა გადაურიცხავდა. ქეი აცხადებს, რომ ეს ფული არ მიუღია.

მეორე საბრალდებო საქმეში კეზერაშვილს 12 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება და 50 მლნ ლარის ოდენობის გადასახადების დამალვა ბრალდება. საქმე კონტრაბანდული ეთილის სპირტის ბიზნესს ეხება, რომელსაც, გამოძიების მტკიცებით, კეზერაშვილი 2007-2012 წლებში მფარველობდა.