საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე რუსი ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი იულია ლატინინა გვესაუბრება.
- თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის არჩევა ორი ქვეყნის ამჟამინდელ ურთიერთობებზე?
- უკვე ერთი წელია, ბიძინა ივანიშვილი, მისი გუნდი რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, თუმცა, განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწიეს. საქართველოს ყველა პრეზიდენტისთვის პრინციპულად შეუძლებელი იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთთან ახლანდელზე კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებს. უხეშად რომ ვთქვათ, პუტინს მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, ამიტომ, სანამ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში არ შევა, პუტინი მას ცუდად მოექცევა.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტისადმი, რომელმაც ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილი შეცვალა?
- საქართველოს ახალ პრეზიდენტზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, მას ვერავინ ვერასოდეს დაახასიათებს მის წინამორბედზე, მიხეილ სააკაშვილზე უკეთ, რომელმაც ის შეადარა კალიგულას ცხენს, რომელიც იმპერატორმა სენატში შეიყვანა... ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობამ კალიგულას ცხენი აირჩია. აქამდე ვფიქრობდი, რომ კალიგულას ცხენის მხოლოდ დანიშვნა შეიძლებოდა, ქართველმა ხალხმა კი ის აირჩია, თუმცა, დემოკრატიის მიღწევა ისაა, რომ ასეთი არჩევანიც შესაძლებელია - საქართველოს, ვენესუელის და რუსეთის მაგალითზე, რომელიც პუტინს ირჩევს. საქართველოს უახლესი ისტორია ჩემთვის დიდი გაკვეთილი და იმის დადასტურებაა, რომ ღარიბ ქვეყანაში რეფორმების გამტარებელ ხელისუფალს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს, იყოს დემოკრატი. ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობას არ ეყო რაციონალიზმი იმის გასაგებად, რომ ფუნთუშა ხეზე არ იზრდება, რომ ადამიანი, რომელიც პენსიის ოთხჯერ გაზრდას გპირდება, ამ დანაპირებს არ შეასრულებს და სანაცვლოდ პოლიტიკურ დევნა-დაპატიმრებებს დაიწყებს, გააკეთებს იმას, რაშიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდა.
- ანუ მიიჩნევთ, რომ სააკაშვილის პარტია "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ იმის გამო დამარცხდა, რომ არაპოპულარულ რეფორმებს ატარებდა? ოპონენტები, და არა მარტო საქართველოში, მას ადამიანის უფლებების დარღვევაში, პატიმრების წამებაში, ბიზნესის შევიწროება-რეკეტში სდებენ ბრალს, რამაც საბოლოოდ ხალხის არჩევანი განსაზღვრა...
- ის ადამიანები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რეკეტს, წამებასა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს არ ერიდება, ხოლო ბიზნესმენი ივანიშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, ნახევრად კრიმინალი მილიარდერია, თავისი პარტიით საზოგადოებას საკუთარი მიზნებისთვის არ გამოიყენებს, მძიმე ავადმყოფებად მიმაჩნია, მათ ფსიქიატრთან სჭირდებათ მკურნალობა. როცა რეფორმატორი ხელისუფლების მიერ ნაჩვევი პოსტებიდან გათავისუფლებული ბილწი ადამიანები გაჰყვირიან, რომ ბიზნესს ახრჩობენ, სინამდვილეში ის აწუხებთ, რომ ქრთამს ვეღარ იღებენ.