„ფსევდოარჩევნები ავტორიტარული მმართველის ქვეშ, რომელიც დაფუძნებულია ცენზურაზე, რეპრესიებსა და ძალადობაზე“

„ფსევდოარჩევნები ავტორიტარული მმართველის ქვეშ, რომელიც დაფუძნებულია ცენზურაზე, რეპრესიებსა და ძალადობაზე“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 87%-ით გაიმარჯვა და საკუთარი რეკორდი მოხსნა. ასეთი გამარჯვების მიუხედავად, დასავლეთმა არჩევნებს არათავისუფალი და უსამართლო უწოდა.

გერმანიამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ასე შეაფასა:
„ფსევდოარჩევნები ავტორიტარული მმართველის ქვეშ, რომელიც დაფუძნებულია ცენზურაზე, რეპრესიებსა და ძალადობაზე“.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, პრესმდივანმა კერსტინ გამელინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინისთვის მილოცვას არ აპირებს. „პუტინისადმი წერილი არ იქნება“, - თქვა მან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია: „თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობები კიდევ ერთხელ არ შესრულდა და ისინი ჩატარდა ყოველგვარი საერთაშორისო დაკვირვების გარეშე“.

„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგალურად, თავისუფლად და სამართლიანად“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში - „კენჭისყრა ჩატარდა მოსახლეობის მიმართ მკაცრი რეპრესიების პირობებში, რამაც შეუძლებელი გახადა თავისუფალი დემოკრატიული არჩევანი“.  რეპრესიების თემა მოგვიანებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა წამოსწია: „პუტინი ანადგურებს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, აკონტროლებს მედიას და შემდეგ საკუთარ თავს აკურთხებს გამარჯვებულად. ეს არ არის დემოკრატია“, - აღნიშნა მან.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ რუსეთში არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ნების დემოკრატიულ გამოხატულებად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვილიუნიუსი არ ცნობს მათ შედეგებს: „ეს არ არის დემოკრატიული არჩევნები, არამედ ავტორიტარული ძალაუფლების თვითდამკვიდრების რიტუალი იყო. რუსეთის არჩევნები არც სამართლიანია და არც თავისუფალი“, - აცხადებენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხოსეპ ბორელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიზე გამართული არჩევნები: „ევროკავშირი არ ცნობს და არასოდეს აღიარებს არც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას უკრაინის ტერიტორიაზე და არც მათ შედეგებს. მათ არ აქვთ იურიდიული ძალა და არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათ ორგანიზაციაში ჩართული პირები დაზარალდებიან ამ უკანონო ქმედებების შედეგების წინაშე“.

„ეს არჩევნები აშკარად არც თავისუფალია და არც სამართლიანი, იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა პუტინმა დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები და ხელი შეუშალა სხვებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე.

თუმცა, არიან ქვეყნები, რომლის ლიდერებმაც პუტინს გამარჯვება მიულოცეს. ესენი არიან - ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი, ბოლივიის პრეზიდენტი ლუის არსი, ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მიანმარის პრემიერ-მინისტრი მინ აუნგ ჰლაინგი, ჰონდურასის პრეზიდენტი ქსიომარა კასტრო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგეს პარილია.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან პუტინს ტელეფონით მიულოცა და არჩევნების შედეგებს „გამაოგნებელი“ უწოდა.

„შედეგები ძალიან სერიოზულია და აქტივობა ძალიან მაღალი იყო. ასეთი აქტივობა რუსეთის ფედერაციაში არასდროს ყოფილა. ამიტომ, მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, ასეთი შედეგები გარკვეულწილად მოულოდნელი არც ყოფილა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ასევე დაურეკა პუტინს და იმედოვნებს, რომ მისი ხელმძღვანელობით „რუსეთი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს ეროვნულ განვითარებაში“, - იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.