„ისრაელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მომავალი „ჰამასები“ აღარ შეიქმნას, რადგან „ჰამასი“ იკვებება სწორედ იმ პალესტინელი ბავშვებისგან, რომელთაც ისრაელმა მშობლები დაუხოცა“

„ისრაელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მომავალი „ჰამასები“ აღარ შეიქმნას, რადგან „ჰამასი“ იკვებება სწორედ იმ პალესტინელი ბავშვებისგან, რომელთაც ისრაელმა მშობლები დაუხოცა“

დღეს უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან მკვეთრ გამონათქვამებს ისრაელის მიმართ, რომ, ფაქტობრივად, ისრაელმა ჰოლოკოსტი მოუწყო პალესტინელებს. პარალელურად, ჰააგის სასამართლო პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის ქმედებებს განიხილავს. საუბარია 1967 წლიდან მოყოლებულ სამართლებრივ შედეგებზე, რაც ისრაელმა ჩაიდინა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ შორის, აღმოსავლეთ იერუსალიმში.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პროცესებზე 52 სახელმწიფოს წარმომადგენლები ისაუბრებენ და შეეხებიან ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების მუდმივ დარღვევას.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე for.ge - სთან საუბრისას აცხადებს, რომ რადიკალურადაა შეცვლილი განწყობები ისრაელის მიმართ. კონფლიქტი რა სახითაც დაიწყო, ეს ადასტურებს, რომ ისრაელი არის პროექტი და რაღაც სხვა გათვლებია ამ პროექტთან დაკავშირებით. თვითონ ებრაელებშიც არ არის ერთი აზრი ამასთან დაკავშირებით.

„კისინჯერი ათი წლის წინ ამბობდა, ისრაელი თავისი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლისო. ისრაელი ამერიკის სატელიტი იყო, თუნდაც იმავე 70-იან წლებში, არაბ-ისრაელის ომი რომ წარმოებდა, ნიქსონის ადმინისტრაციის პირობებში ძალიან კარგად გამოიყენეს ეს დაპირისპირება, რაც ნავთობის ფასზე აისახა. იმ პერიოდში ნიქსონმა თქვა, დოლარი აღარ არის გამყარებული ოქროთიო, ამის შემდეგ კი დოლარი გამყარდა ენერგომატარებლებით და არაბ-ისრაელის ომმა დოლარის გამყარებაში დიდი როლი ითამაშა. ანუ ისრაელი გარკვეული სატელიტი იყო და ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდა. ახლა სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი, რადგან ამერიკა, რომელსაც ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი აქვს, იზოლაციონიზმისკენ მიდის“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

პოლიტოლოგის განმარტებით. ამერიკა უკვე გადის ახლო აღმოსავლეთიდან, ავღანეთიდან, ევროპიდანაც კი. ამიტომ ახლა მიმდინარეობს ახალი გლობალური მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი და ჩვენ უნდა ვიხილოთ, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ფორმას იცვლის, ზოგი გაქრება, ზოგი წარმოიშობა და ა.შ. ეს მტკივნეული პროცესია ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთია რეალობა.

პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ჰააგამ უკვე მიიღო ერთი მნიშვნელოვანი და მეორე დამატებითი გადაწყვიტილება და გააფრთხილა ისრაელი, თავიდან აეცილებინა პალესტინელთა გენოციდის ნიშნები, ხოლო მეორე გადაწყვეტილებით მოუწოდა ისრაელს, შეესრულებინა ეს პირველი გადაწყვიტილება. ისრაელი არც ერთ გადაწყვეტილებას არ ასრულებს და, სავარაუდოდ, არ შეასრულებს ჰააგის არც შემდგომ გადაწყვიტილებებს.

„ისრაელს თავისი ხედვა გააჩნია, მისი ამოცანაა, მთლიანად გაწმინდოს „ჰამასისგან“ ღაზის სექტორი, მაგრამ ეს არ გამოსდის. თუ რამის გამკეთებელი იყო ისრაელი, პირველ ორ- სამ კვირაში უნდა გაეკეთებინა, დღეს ისრაელის ნებისმიერი ნაბიჯი მის წინააღმდეგ მუშაობს და მსოფლიოში იზრდება მის წინააღმდეგ გამოსვლები და პროტესტი არა მარტო ხალხში, არამედ პოლიტიკოსებშიც, მათ შორის, ამერიკაშიც“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას და განმარტავს, რომ ჰააგა არ არის გამოსავალი, გამოსავალია 1948 წელს მიღებული გაეროს რეზოლუციის შესრულება, რომელი რეზოლუციის ერთმა ფურცელმაც ორი სახელმწიფო შექმნა - ისრაელი და პალესტინა. ისრაელი არსებობს, მაგრამ პალესტინა არ არსებობს. თუ ისრაელს უნდა, გააუქმოს გაეროს მაშინდელი რეზოლუცია, მაშინ საკუთარი თავი უნდა გააუქმოს, რადგან იმ რეზოლუციამ შექმნა ისრაელი.

ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, ვიდრე გაეროს ეს რეზოლუცია ცოცხალია და არავის დაუყენებია ეჭვქვეშ სხვა რეზოლუციის მიღება, მანამდე გაერო ავალდებულებს მსოფლიოს, როგორც შეიქმნა ისრაელი, ისე უნდა შეიქმნას პალესტინა. ამის წინააღმდეგია ისრაელი. ამიტომ ისრაელმა უნდა იპოვოს გამოსავალი. მანამდე კი, ანუ პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე, ასეთი ტერორისტული აქტები ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მოხდება.

„ვინც ვიცით ეს ისტორია, გვახსოვს, რომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ასეთი საშინელებები ხდებოდა. ასეთები არ იყვნენ პალესტინელები 50-იან წლებში, უფრო მემარცხენეები იყვნენ, უფრო პოლიტიკურად მოტივირებულნი, მოლაპარაკებაზე წამსვლელნი. დღეს კი „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რადგან პალესტინელმა ხალხმა ვერ მიიღო ის, რაც მიიღეს ებრაელებმა - სახელმწიფო. შესაბამისად, ისრაელი უნდა დაფიქრდეს, ყოველი ახალი თაობის შემდეგ როდემდე უნდა გაგრძელდეს ხელახალი სისხლისღვრა ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. სისხლისღვრა ნამდვილად გაგრძელდება, ვიდრე არ შეიქმნება პალესტინის სახელმწიფო. ამიტომ საჭიროა არა მარტო „ჰამასის“ განადგურება, არამედ ზრუნვა იმაზე, რომ მომავალი „ჰამასები“ აღარ შეიქმნას. უნდა დაიწყონ მოლაპარაკება, სად უნდა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, იმ ტერიტორიაზე, თუ სხვა ტერიტორიაზე. არაბული სამყარო ძალიან დიდია, ისრაელს გაუჭირდება არაბულ სამყაროსთან გარიგება. არაბული სამყარო მდიდრდება ნავთობით, ხოლო ღარიბი ხალხი ყოველთვის იქნება, რომლებიც შეავსებენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ტერორისტები იკვებებიან სწორედ იმ ბავშვებისგან, რომლებსაც ისრაელმა მშობლები დაუხოცა. ეს ბავშვები აუცილებლად გახდებიან მომავალი ტერორისტები, გაახსენდებათ დღევანდელი დღეები და იტყვიან, მე მაშინ მივხვდი, ვინ არიან ებრაელები. ისრაელმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე, რაღაცები დათმოს. როცა არაფერს არ თმობს, უფრო ცუდად მთავრდება ყველაფერი“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

trampi დიახაც........... ეგრეც მოხდება
აბა რომელი პალესტინელი დაივიწყებს იმ უბედურებას რასაც ეხლა ებრაელები ამერიკელების დახმარებით პალესტინელებს უკეთებენ
ჩქარა ვეღარ უშველის ამერიკა მაგათ და იძახონ მერე ტერორისტი ტერორისტიო
33 ათასი დახოცეს უკვე და აქედან 70 პროცენტი ბავშვი და ქალი.
.და გონიათ მაგათ ეს უბედურება შერჩებააათ??......
თვითონ ღმერთი გამოუყვანს მაგათ წირვას....
ალილო და ............ ხვალეო
8 თვის უკან