თითქოს ფაქტს ვერ გაურბიან, მაგრამ ძალიან მსუბუქად აფასებენ. ეს არის ის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებას და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომლითაც ნიკა გვარამიას ერთ-ერთ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ შეცდომებზე საუბრობს.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ.
„რა თქმა უნდა, ამით საზოგადოებას ვერ შეუქმნიან ვერავითარ განსხვავებულ წარმოდგენას. ამ ხალხზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და რა თქმა უნდა, ამ ხალხს ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ“-ს ეთერში განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები. როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის“.