პოლიტიკური დისკუსიის თემაა ნიკა გვარამიას განცხადება. "გირჩთან" ინტერვიუში გვარამიამ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის, დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო და ტელევიზიები.
გვარამიას თქმით, 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეცვლილიყო.
"ნაციონალური მოძრობის“ მძიმე შეცდომა მგონია ის, რომ 2012 წელს მოიგო ბიძინა ივანიშვილმა. მგონია, რომ ეს მათი მძიმე შეცდომების ბრალია და არა იმ ნაწილში, რა შეეშალათ, ციხე იქნება თუ გირგვლიანის საქმე... ეს არის ის პრობლემები, რომლებიც დღემდე აკიდია "ნაციონალურ მოძრაობას". გულწრფელები რომ ვიყოთ, დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, ტელევიზიები, სასამართლო, ანუ სხვაგან ჟანგბადი არ მოიპოვება. ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შეცვლილიყო, ყოველ შემთხვევაში, პაუზა მაინც გაეკეთებინა, როგორც სახელისუფლო პარტიას და სხვა მოსულიყო ხელისუფლებაში. მგონია, რომ შემდეგ მობრუნდებოდა "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ მოხდა ის, რომ ამ ნაბიჯების გამო გაიმარჯვა იმან, ვისაც შეეძლო სიტუაციის აფეთქება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მმართველი გუნდი ამ ინტერვიუს გვარამიას აღიარებად აფასებს და აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნება სურს ადამიანს, რომელმაც წამებისა და რეპრესიების სისტემა შექმნა, რისი მორალური უფლებაც გვარამიას არ აქვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას რადიკალიზმით პასუხობენ და იგივე რეჟიმით ემუქრებიან.
"როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაშორა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, იყო მოთხოვნები, რომ ყოფილიყო პროცესი, რომელიც რეჟიმის შემოქმედებს გაასამართლებდა.
თავის დროზე, ვერ მოხდა, გარედან ჩარევის გამო, მართლმსაჯულების აღსრულება. ნაცვლად იმისა, რომ სხვანაირად იქცეოდნენ ქართველ ხალხთან მიმართებაში, ისევ უბრუნებენ პასუხად რადიკალიზაციას და იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას," - აცხადებს პაპუაშვილი.