ვფიქრობ, სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბოიკოტის გზა აირჩიეს, რადგან ასეთ დროს, საზოგადოებას არამც თუ კითხვის ნიშნები აქვს, არამედ უარყოფითი პოზიცია უყალიბდება ასეთი დესტრუქციული ქმედებების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. კითხვა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრას ეხებოდა.
„საზოგადოება კარგად ხვდება, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს არა გაბუტვასა და გახლეჩაზე ორიენტირებული, არამედ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. როდესაც ამას თავს არიდებს პოლიტიკოსი, ბუნებრივია, რომ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა იწყება, რომელსაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. სამუშაო შეხვედრაში არ მონაწილეობს „ლელო“, რომელმაც პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.