BBC NEWS (თარგმნა ქეთი გიორგაძემ)
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი დანიშნა.
„დღეიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი გუნდი უხელმძღვანელებს.
„მე დავნიშნე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკიმ სირსკი „ყველაზე გამოცდილ უკრაინელ მეთაურად“ მოიხსეინა და გაიხსენა, რომ ის მეთაურობდა კიევის წარმატებულ დაცვას ომის დასაწყისში, შემდეგ კი წარმატებულ შეტევას 2022 წლის შემოდგომაზე ხარკოვის რეგიონში.
„მე მადლობელი ვარ გენერალ ზალუჟნის და ღიად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ცვლილებები უნდა მოხდეს არმიაში“ - თქვა ზელენსკიმ ზალუჟნისთან შეხვედრის შემდეგ.
„მე შევთავაზე, რომ გენერალ ზალუჟნიმ გააგრძელოს ყოფნა უკრაინის სახელმწიფოს გუნდში. მადლობელი ვიქნები მისი თანხმობისთვის“.
გაჭიანურებული გათავისუფლება
უკრაინული პრესა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება. გასული წლის ბოლოს, მედია აქტიურად წერდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის კონფლიქტის შესახებ.
სამხედრო გენერალი, რომელმაც მოახერხა რუსეთის შემოჭრის შეჩერება და ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება, ახლა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. დასავლური მედიის ცნობით, ზელენსკი გაღიზიანდა ზალუჟნის მზარდი პოპულარობით და მისი ინტერვიუებით, სადაც ის საუბრობს ფრონტის ჩიხში შეყვანაზე. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფდნენ, რომ მსგავსი კონფლიქტი ხდებოდა.
ზელენსკიმ თავის ვიდეო განცხადებაში ზალუჟნის გადადგომის შესახებ ახსენა გასულ ზაფხულს სამხრეთ ფრონტზე კონტრშეტევის წარუმატებლობა.
„ამ ომის მეორე წელს ჩვენ მოვიგეთ შავი ზღვა, მოვიგეთ ზამთარი, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია აღვადგინოთ კონტროლი უკრაინის ცაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენი სახელმწიფოს მიზნებს დეოკუპაციიის საკითხებში. გულწრფელად უნდა ვთქვათ: სამხრეთის მიმართულებით სტაგნაციის განცდამ და დონეცკის რეგიონის ბრძოლებში არსებულმა სირთულეებმა, გავლენა მოახდინა საზოგადოების განწყობაზე. უკრაინელები გამარჯვებაზე ნაკლებად საუბრობენ“, - თქვა პრეზიდენტმა და დასძინა: „მაგრამ უკრაინულ სულს არ დაუკარგავს გამარჯვების რწმენა. უკრაინა ინარჩუნებს თავის ისტორიულ შანსს და ჩვენი პასუხისმგებლობაა მისი განხორციელება. ეს წელი უნდა გახდეს უკრაინის დრო, დრო, როდესაც ყველა უკრაინელი ჯარისკაცი, როგორც ადრე, გაიგებს, რომ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის არმიას შეუძლია გაიმარჯვოს“.
კონფლიქტის ბოლო ფაზები
ზელენსკის გუნდსა და ზალუჟნის შორის კონფლიქტის შესახებ საუბარი უკრაინაში - ოფიციალური უარყოფის თანხლებით - ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ სავარაუდო კონფლიქტის ბოლო რაუნდი დაიწყო 2023 წლის 1 ნოემბერს.
ამ დღეს ბრიტანულმა ჟურნალმა Economist-მა გამოაქვეყნა სტატია და ინტერვიუ ზალუჟნისთან, რამაც ქარიშხალი გამოიწვია და დაიწყო პროცესი, რომელმაც საბოლოოდ მისი გათავისუფლება გამოიწვია.
ზალუჟნიმ ეკონომისტში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, პირველად ღიად აღიარა, რომ უკრაინის შეტევამ არ გამოიღო მოსალოდნელი შედეგები და მოლოდინი, რომ რუსეთის არმიას დიდი დანაკლისი ჰქონდა, მცდარი იყო.
იმ დღეებში, მაშინვე დაიწყო ახალი ჭორები ზალუჟნის შესაძლო გადადგომასა და მისი კონფლიქტის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც, სავარაუდოდ, განსხვავებული აზრი ჰქონდა ომის მიმდინარეობის შესახებ.
პრეზიდენტის გუნდი უარყოფდა ამ ჭორებს, მაგრამ კონფლიქტი გაღრმავდა. ცეცხლზე ნავთის დამატება იყო ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები განაგრძობდა პრეზიდენტის რეიტინგის კლებას და ზალუჟნის სტაბილურ პოპულარობას.
ზელენსკის და ზალუჟნის შორის საზოგადოებისთვის თვალსაჩინო უთანხმოების ბოლო წერტილი იყო კანონპროექტი მობილიზაციის გაფართოების შესახებ. პრეზიდენტს ნამდვილად არ სურდა ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება და ცდილობდა მის გადატანას სამხედრო სარდლობაზე. შედეგად, პროექტი არ დამტკიცდა და პარლამენტს განსახილველად წარედგინა ახალი ვერსია, რომელიც როდის მიიღება, ჯერჯერობით უცნობია.
ამ ფონზე, 1 თებერვალს, ზალუჟნიმ გამოაქვეყნა სვეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების და ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ვებსაიტებზე, რომელშიც, ისევ, როგორც ეკონომისტში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, მან გამოავლინა ომის ხედვა და აუცილებელი ცვლილებები არმიაში და ასევე გააკრიტიკა სამთავრობო უწყებები საჭირო მასშტაბის მობილიზაციის უუნარობის გამო და თავდაცვის ინდუსტრიის მუშაობა.
პოლიტიკური გათვლები
უკრაინელი პოლიტოლოგების თქმით, ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება ზელენსკის დიდი პოლიტიკური შეცდომაა. მათი თქმით, ამ გადაწვეტილებით ზელნსკიმ საკუთარი ხელით შექმნა კონკურენტი.
„ეს იქნება პრეზიდენტის ყველაზე საბედისწერო შეცდომა - ზალუჟნის გათავისუფლების მცდელობა. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ეს ავტომატურად აქცევს მას ზელენსკის მთავარ კონკურენტად“, - თქვა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ფესენკომ 2023 წლის შემოდგომაზე.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (KIIS), გასული წლის ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვაში დაადგინა, რომ უკრაინის არმიას ენდობოდა მოქალაქეების 96%: მიუხედავად ფრონტზე სტაგნაციისა მეორე წლისა, ომის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი ნდობის დონე არ დაეცა.
ზელენსკის კვლავ ენდობა უმრავლესობა, მაგრამ შესამჩნევად ნაკლები, ვიდრე ომის პირველ წელს. 2022 წლის ბოლოს პრეზიდენტს ენდობოდა გამოკითხულთა 84%, 2023 წლის ბოლოს - უკვე 62%. პირადად გენერალ ზალუჟნის, სოციოლოგების აზრით, გასული წლის ბოლოს უკრაინელების 88% ენდობოდა. მისი შესაძლო გადადგომის შესახებ კითხვაზე კი 72%-მა უპასუხა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს. მხოლოდ 2% იყო მომხრე.