წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის კუთვნილი მობილური ტელეფონები და iPad-ი ამოიღო. ამის შესახებ Nеw York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მანამდე პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ადამსის კონსულტანტის, ბრიონა საგსის სახლში და ნიუ-იორკის მერთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღო. გამოძიების თანახმად, 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადამსის შტაბი დაუკავშირდა თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა კამპანიის დასაფინანსებლად მათგან ფული მიეღო.
აშშ-ის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისგან წინასაარჩევნოდ დაფინანსების მიღებას კრძალავს. საგამოძიებო უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამ შემოწირულობის სანაცვლოდ ადამსს თურქეთის სასარგებლო ნაბიჯები უნდა გადაედგა.
ნიუ-იორკის მერმა განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს დასამალი და როგორც ყოფილი სამართალდამცველი, ის იმედოვნებს, რომ მისი თანამშრომლები კანონს დაიცავენ და გამოძიებასთან ითანამშრომლობენ.