ეს დაბარება ამ შემთხვევაში იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე გაკეთდებოდა ნებისმიერი სხვა ქვეყანაში, საქართველოს ელჩს რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ, გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით.
ის ასევე გამოეხმაურა 27 ელჩის განცხადებას. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსი ახლა საკუთარი პოზიციების დაცვის რეჟიმშია.
„ამ შემთხვევაში მოუწია ევროკავშირის დიპკორპუსს საკუთარი პოზიციების დაცვა. დაცვა, რომ გიწევს პოზიციების ისეთ მეგობრულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უკვე არ არის კარგი და ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც გეშლება დიპლომატიაში. მეორე, რატომღაც დაიჯერა ზოგიერთმა ელჩმა, რომ არის ქართველებზე მეტი ქართველი და საქართველოს მოქალაქეებზე მეტად უყვარს ჩვენი სამშობლო ან უფრო მეტად ახსოვს საიდან მოვდივართ ან სად მივდივართ. ასე რომ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ. და სწორედ ამით იყო გამოწვეული ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ეს ყველამ კარგად უნდა აღიქვას, რომ ჩვენ რადგან გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ პატივი ეცეს ჩვენს ინტერესებს. და თუ ვინმეს დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს დაბარება ამ შემთხვევაში იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე იქნებოდა გაკეთებული ნებისმიერ სხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩს რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე, სასამართლო პროცესების თანამონაწილე ყოფილიყო და ა.შ.“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების გარკვეული ნაწილი შეპყრობილია სიძულვილით საქართველოს ხელისუფლების მიმართ.