ისრაელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე არიელის დასახლებაში ავტობუსის გაჩერებაზე უცნობმა ადამიანებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა, ხოლო დანარჩენი ოთხი - გაჩერებაზე დამონტაჟებული შუშის ჩამომსხვრევის შედეგად დაშავდა. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. მათივე მტკიცებით, ორი თავდამსხმელი იყო. ერთ-ერთის ლიკვიდაცია ადგილზევე მოხერხდა, ხოლო მეორის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.