რა გახდა 16 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი?

რა გახდა 16 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი?

ქუთაისის 2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო. არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. გარდაცვლილი გოგი ძველაიას ოჯახის წევრების განცხადებით, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

გვიან ღამით ქუთაისის 2 საპყრობილეში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი. მინისტრის განცხადებით, დღის განმავლობაში იგი რამდენჯერმე მოინახულეს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა.

სოზარ სუბარის განცხადებით,  არასრულწლოვანმა ცალკე საკანში მოთავსება ითხოვა, მან შესაბამისი განცხადებაც დაწერა და საკანში მარტო იმყოფებოდა.

„ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა არასრულწლოვანის გარდაცვალება. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი. მას პატიმრობაც არ ჰქონდა მისჯილი, შეფარდებული ჰქონდა გირაო და ოჯახის მხრიდან თანხის გადახდის შემდეგ, გათავისუფლდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო სუიციდი, თუმცა საბოლოო პასუხს ამ კითხვას გამოძიება გასცემს. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და პირველად მოხდა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში", - აღნიშნა სუბარმა.

ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 16 წლის გოგი ძველაიას ოჯახის წევრების განცხადებით კი, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი ეს დაპირისპირება გამხდარიყო. გარდაცვლილი გოგა ძველაიას მამა ამბობს, რომ მისი შვილი პატიმრებმა მოკლეს. მან სამინისტროს საქმის გამოძიების ვადად ორმოცი დღე მისცა. გარდა ამისა, გარდაცვლილის მამა, დავით ძველაია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პატიმარს ექსპერტიზა ოჯახის თანხმობის გარეშე ჩაუტარდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი არის მოკლული და ამის მერე არის ჩამოკიდებული. ვკითხულობ, როდის იყო არასრულწლოვანს მშობლის უმისოდ ექსპერტიზა უტარდებოდა“, -აცხადებს დავით ძველაია და აქვე ამტკიცებს, რომ მის შვილს ციხის ე.წ. მაყურებელთან კონფლიქტი ჰქონდა.

მინისტრის განცხადებით კი მაყურებელთან დაკავშირებით კონფლიქტზე საუბარი შეუძლებელია, რადგან გარდაცვლილი განმარტოებულ საკანში იმყოფებოდა. თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, მისივე მოთხოვნით, ის ცალკე საკანში იყო, რადგან როგორც თავად ამბობდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეული კატეგორიის პატიმრებთან.

„ახალგაზრდა ადამიანი, 16 წლის ბიჭი პრაქტიკულად ერთი დღით იყო დაკავებული, მას არ ჰქონია შეხება არც ერთ სხვა პატიმართან. შესვლისთანავე მან დაწერა განცხადება და განმარტოებულ საკანში ყოფნა მოითხოვა და ის იყო განმარტოებულ საკანში მოთავსებული. ძალიან კარგად მესმის ოჯახის, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება და ოჯახს ყოველთვის აქვს ეჭვები, მაგრამ ამ წუთისთვის, რა ინფორმაციაც გვაქვს - ეს არის. მაყურებელზე ან ვინმესთან კონფლიქტზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ის შემოსვლისთანავე განმარტოებულ საკანში იყო.

ძალიან გაუგებარია რა მოხდა, რადგან თავად იცოდა, რომ რამდენიმე დღეში უნდა გათავისუფლებულიყო. გირაო ჰქონდა შეფარდებული. მისივე მოთხოვნით, ის ცალკე საკანში იყო, რადგან როგორც თავად ამბობდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეული კატეგორიის პატიმრებთან", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში იმაზე ნაკლები პატიმარი გარდაიცვალა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ერთ თვეში კვდებოდა. სუბარის განცხადებით, ციხეებში თვეში საშუალოდ 10-12 ადამიანი კვდებოდა, მათ შორის, 2011 წლის მარტში 23 ადამიანი გარდაიცვალა.

„პრაქტიკულად, 3 დღეში 2 ადამიანი კვდებოდა. მიმდინარე წელს ნაკლები ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე საშუალოდ თვეში კვდებოდა. ეს არის რეალური სტატისტიკა. ეს ხდება იმის გამო, რომ პატიმრების მკურნალობა და მათზე ყურადღება გაიზარდა. თუ მანამდე ერთი ადამიანის მკურნალობაში 148 დოლარი იხარჯებოდა, ახლა 780 დოლარი იხარჯება. ესაა რეალური ცვლილება.

ერთი წლის განმავლობაში იმაზე ნაკლები პატიმარი გარდაიცვალა, ვიდრე „ნაციონალების" მმართველობის პერიოდში საშუალოდ თვეში კვდებოდა.თუმცა, როცა ადამიანის სიკვდილზე ვსაუბრობთ, სტატისტიკით ვერ შემოვიფარგლებით. თითოეული ამბავი ცალკე ტრაგედიაა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.