სავარაუდოდ, დღეს უნდა წარედგინოს ბრალი ელენე ხოშტარიას. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველმა უკვე მოინახულა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს გამოძიება 14 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება.
მომხდარს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციის შეფასებით, თუ ელენე ხოშტარიას დააკავებენ, ეს პოლიტიკური დაკავება იქნება.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ფაქტზე რეაგირება უნდა მომხდარიყო.
"კონკრეტულად ეს ქმედება იყო საჯაროდ, გაცხადებულად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერები, წინა დღეების მსგავსად, პირდაპირ ეთერში დააზიანა ელენე ხოშტარიამ. ასე რომ, სამართალდამცავ უწყებებს სხვა არანაირი არჩევანი არ აქვთ, უფრო მეტიც - ვალდებულება აქვთ, რომ კონკრეტულად მსგავს თითოეულ კანონდარღვევასთან და დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდეთ შესაბამისი რეაქცია", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.