ძუძუები, რომელსაც ნუკრი წოვდა, მონადირემ თან წაიღო

ძუძუები, რომელსაც ნუკრი წოვდა, მონადირემ თან წაიღო

რამდენიმე კვირის წინ თქვენს სამსჯავროზე თბილისის სკოლების დირექტორების მიერ მაღალ ინსტანციებში გაგზავნილი წერილების ფრაგმენტები გამოვაქვეყნე. ამის გარდა გაგაცანით ქართული ენის მასწავლებლების ე. წ. „მარგალიტებიც“. „ნამუშევარმა“ გარკვეული მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე ახლობელმა ამ თემის გაგრძელება მომთხოვა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა ქართული ენის დაცვის მძიმე მისია იტვირთა. უახლოეს მომავალში მშობლიურ ენასთან მწყრალად მყოფი მას-მედიის წარმომადგენლები მკაცრად დაისჯებიან და საკუთარი ჯიბეების მნიშვნელოვნად შეთხელება მოუწევთ. რასაკვირველია ახალი თაოსნობა მისასალმებელია, მაგრამ ერთ კითხვასაც ტოვებს, - ჟურნალისტებს ვინ გააკონტროლებს? საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ „ხალხის რჩეულების“ ანუ დეპუტატების დიდი ნაწილი გამართული ქართული მეტყველებითა და იგივე გრამატიკული წესების ცოდნით თავს ვერ მოიწონებენ. ჩვენში დარჩეს და იმ დროს როდესაც ქვეყანაში არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა, მწერალი ხალხისთვის ჭკუის სწავლება ცოტა ზედმეტი მეჩვენება.

პარლამენტარებმა საკუთარი თავისა თავად იკითხონ, დღევანდელ კვირა დღეს კი თქვენი გუნება-განწყობილების ამაღლებისთვის უნდა ვიზრუნო. ჩემს მიერ შემოთავაზებული „მასალა“ პირობითად ორ ნაწილად დავყავი.

თავდაპირველად სხვადასხვა დროს ქართულ ტელესივრცეში „მიმობნეულ“ რამდენიმე სახალისო „ნაწყვეტს“ წარმოგიდგენთ. რასაკვირველია ჟურნალისტურ სოლიდარობას გამოვიჩენ და მათი ავტორების ვინაობის დასახელებიდან თავს შევიკავებ.  

„პარლამენტის წევრი გიორგი ასანიძე კურდღლის წელში დაბადებული ქალწულია“.

"საქართველოში ჩამოსულ ანდრია ბოჩელს ბათუმი დაათვალიერებინეს და მას ძალიან მოეწონა ზღვისპირა ქალაქი".

„ნელსაცხებლებით" შეზავებული ნიგვზიანი ბადრიჯანი“.

„დღეს „მწიგნობრივი შოუ" გვექნება“.

„ნიღბებს მარტო კარნავალებზე კი არ იყენებენ, არამედ ზოგადად".

ერთხელ ბათუმის დელფინარიუმში აღტაცებული რუსი ტურისტის ნათქვამი მავანმა და მავანმა ჟურნალისტმა ასე „გადმოაქართულა": - ქალბატონის აზრით, ეს „ასობები ყველაზე ახლოს არიან ადამიანთანო!"

ერთი  თოქ-შოუს სიმპათიური წამყვანები დიდხანს არკვევდნენ, რას ნიშნავს „ფურირემი". ბოლოს დაასკვნეს, რომ ფურირემი მამალი ირემია, „თვალსაჩინოებისათვის" კი დასძინეს, - ბემბის მამასავითო...

„ვინები არიან თქვენს ანსამბლში?"

„საკანატო გზა“.

„ხოცავდნენ ნადირს, განსაკუთრებით დათვზე იყო ზეწოლა“.

„ბალღის გასაბანებელი წყალი“.

„გარდაცვლილი ახალგაზრდა ლონდონში ცხოვრობდა, რადგან იცოდა, რომ მას მოსაკლავად დასდევდნენ. ბოლოს გარდაცვლილი მაინც ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას ჩაუსაფრდნენ და მოკლეს“.

მას-მედიის წარმომადგენლების შემდეგ დღევანდელი წერილის მეორე განყოფილებას მივადექით. სასკოლო გამოცდებიდან სულ ცოტა ხანი გავიდა, თუმცა, სოციალურ ქსელებში, ტრადიციისამებრ, უკვე ვრცელდება აბიტურიენტთა „მარგალიტებად“ წოდებული ციტატები. ამათგან განსაკუთრებით „საინტერესო და სალაღობო მაგალითებს“ თქვენს სამსჯავროზე გამოვიტან.

„ლექსები ჯერ პოეტურად ჩაიხატებიან, მერე უძრავ სურათებად იქცევიან და ბოლოს დინამიკურად მოძრაობენ“.

„ჯულიეტა შეიძლება სხვებისთვის ლამაზი სულაც არ იყო, მაგრამ რომეოსთვის აჩირაღდნებდა“.

„თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში“.

„შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა“.

„პოლიტიკოსები ნამდვილად ბაყაყებივით ყიყინებენ და ილანძღებიან”.

„გალაქტიონ ტაბიძეს ეგონა, რომ ფრთები ჰქონდა, ამიტომაც ფანჯრიდან გადახტა. მანამდე კი ლექსად დაწერა ფრთები მაქვსო“.

„ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა“.

„ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო“.

„ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო“.

„რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა“.

„ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა“.

„პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული“.

„აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა“.

„აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ”.

„ოტია იოსელიანს ღრუბლები ხან დევები ეგონა და ხან – ანგელოზები, რომლებიც დედის მაგივრად აცხობდნენ ხაჭაპურს და რძეს ადუღებდნენ ქოთნებში”.

„ალექსანდრე ყაზბეგი მსახიობიც იყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან მხოლოდ ცეკვა იცოდა და ისიც ლეკური”.

„ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შემდეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა”.

„გველეშაპი ადამიანებს ტანსაცმლიანად ყლაპავდა, მაგრამ მომღერალი მეჩონგურეს ფეხსაცმელები არ მოეწონა”.

„ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა”.

„დავით აღმაშენებელმა სამკურნალო საავადმყოფო ააშენა და იმ უბედურ ადამიანებს თვითონაც ნახულობდა მოსავლელად”.

„ერთ ღამეს დალის ქალღმერთს მონადირე შეეპარა და გვერდით მიუწვა და ამირანი ჩასახა”.

„სოლომან მორბელაძე სირბილით შოულობს ტკიცინა ათლარიანებს”.

„თბილისის შუაში მოედინება მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს და სხვადასხვა უბნებს წარმოშობს”.

„ვაჟა-ფშაველას ოჯახში ყველა სტუმარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას, თან აჭმევდნენ და ასმევდნენ და რა გასაკვირია, რომ მან სტუმარ-მასპინძლობაზე პოემა დაწერა?”.

„ძუძუები, რომელსაც ნუკრი წოვდა, მონადირემ თან წაიღო. ამის დანახვაზე პატარა შველს გული წაუვიდა”.

„ძიძიასგან დაბრმავებული ონისე გაიძახოდა, მომკალითო, მაგრამ ყველა გაშტერებული უყურებდა. ვერავინ წარმოიდგინა, რომ როცა ქვეყანას უჭირდა, ხევისბერის შვილი ქალთან გულაობდა”.

„მედეა ჯადოქარი იყო და ყაყაჩოს წვენით აძინებდა ურჩხულებს. მერე კი ოქროს საწმისს ხან სხვებს მოატაცინებდა და ხან თავის იაზონს”.

„ილია ჭავჭავაძე თერგდალეულების ლიდერი კი იყო, მაგრამ მდინარე თერგს ვერ იტანდა”.

„დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვამ ისე გაიტაცა, თურქების თავდასხმის ხმაც კი ვერ გაიგონა”.

„მზეთუნახავი ნესტანი კიდობანში ჩასვეს და წყალში ჩააგდეს. ზედ კი ორი ზანგი მონა დაასვეს”.

„ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა”.

„ადამიანები პირველად თიხაზე წერდნენ, მერე ცხოველების ტყავზე. სულ ბოლოს ჩინელებმა ფურცლები გამოიგონეს, მაგრამ ახლა ყველაზე ადვილი ინტერნეტში წერა და კითხვაა”.

„ვეფხისტყაოსანი” ყველა ქართველი პოეტის უდიდესი პოემაა”.

„ერეკლე მეფემ კრწანისის ომი წააგო და ისე დაიმალა, ქალები ვეღარ პოულობდნენ”.

„როცა ადამიანი კაიფშია, ხედავს, როგორ სხდებიან ტელევიზორში ჟირაფები, ლომები და სპილოები. ზოგი გეხახუნება. ანტილოპები და მარტორქები კი მოგდევენ და გაშინებენ”.

„ვაჟა-ფშაველას ცოლის მოყვანამდე ორი გოგო უყვარდა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ მათ ახლოსაც კი არ მიკარებია, მხოლოდ შორიდან უთვალთვალებდა”.

„ლუარსაბს ცხენი დაუმალეს და იფიქრა, რაც არის, არის, მაშინ დარეჯანს დავექორწინებიო”.

„ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები”.