როგორ „გადაურჩა“ გაძევებას  გელა კეტაშვილი

როგორ „გადაურჩა“ გაძევებას გელა კეტაშვილი

წინა კვირის ქართული სპორტული მოვლენები სანახაობით დახუნძლული არ გახლდათ და ჩვენი გულშემატკივრების ყურადღება ძირითადად ევროპის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრებისკენ იყო მიმართული.

სამწუხარო ფაქტია მაგრამ ქართველი ფეხბურთის თაყვანისმცემლები ამ ტურნირის ჯგუფური სტადიის შეხვედრების თბილისში ხილვაზე დღემდე უშედეგოდ ოცნებობენ. უფრო მეტიც. გასულ წელს რანგით მეორე შეჯიბრების - ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებს აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა, წელს კი ამავე ტურნირის შეხვედრების ხილვა ყაზახ გულშემატკივრებს გააჩნიათ. ბოლო რამდენიმე წელია ევროპის ლიგაში მოლდოვას „შერიფიც“ ასპარეზობს. იმედია ქართული კლუბები  უახლოეს წლებში თავის თაყვანისმცემლებს ბოლოს და ბოლოს გაახარებენ და დიდ ფეხბურთს დანატრებულ ქომაგებს სიხარულს მოუტანენ. ამ თემაზე საუბარს კი ბატონი რეზო ძოძუაშვილის სიტყვებით დავასრულებ:

„ქართული კლუბების ხელმძღვანელებს მივმართავ. ჩვენი გუნდები ბოლო დროს გარკვეულად მოფულიანდნენ. თუ სახსრები გაგიჩნდათ, ისე წარმართეთ საქმიანობა რომ ქართველ გულშემატკივრებს საქართველოში ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის მატჩების ხილვის ბედნიერება მიეცით. მერწმუნეთ, სწორად წარმოებული მუშაობის პირობებში ეს აუხდენელი ოცნება ნამდვილად არ გახლავთ.“

ამ ადამიანზე საუბრით თავი შეგაწყინეთ მაგრამ კვლავ თემურ ქეცბაიას დავუბრუნდები. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა ფეხბურთის თემაზე მწერალ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ერთგვარი ინტერაქტივი ჩაატარა და დაადგინა, რომ სრულიად ქართულ მას-მედიას საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცის გადადგომა სურს. საინტერესოა ამ ინფორმაციაზე ბატონი თემურის აზრი. ეს პიროვნება ჟურნალისტებს ყოველთვის ჭკუას ასწავლის და ამიერიდან ალბათ აღარავის გაესაუბრება.

რამდენიმე დღის წინ ერთ ღვაწლმოსილ ფეხბურთის სპეციალისტს ვესაუბრე და გავიგე რომ ეროვნული პირველობის პირველ და მეორე ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელების უმრავლესოის თვიური ანაზღაურება 200-300 ლარია. ამ თანხად მოთამაშეს ოსტატობის ამაღლებასა და მაღალი შედეგების მიღწევას ვერ მოსთხოვ. ამის შემდეგ მავანსა და მავანს უკვირს, საქართველოს თასზე თბილისის „დინამო“ ხობის „კოლხეთს“ გამანადგურებელი ანგარიშით - 9:0 რომ ამარცხებს. გასაკვირია ამ პირობებში ქართული ფეხბურთი არსებობას რომ განაგრძობს და დროდადრო იშვიათი წარმატებებითაც გვანებივრებს.

ერთხელ დამაინტერესა და იმ ქვეყნების ძიება ჩავატარე სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ. „აღმოჩენილმა“ ინფორმაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტაილანდი, ჩინეთი, ინდონეზია, ვიეტნამი, ინდოეთი - ქართველმა მობურთალებმა ამ ქვეყნების პირველობები უკვე დიდი ხანია დააჭაშნიკეს.

ალბათ დროა სახელმწიფომ ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელი სერიოზულად მოკიდოს. მესმის რომ თავდაპირველად მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გადავაგოროთ, მაგრამ ამ საქმეს დროული მიხედვა ესაჭიროება. რამდენიმე თვის წინ ქართულ გუნდებს 2-2 მილიონი ლარი უნდა გადასცემოდათ, მაგრამ ეს პროცესი ერთი წლით გადაიდო. არ მინდა პოლიტიკაში შევიჭრა, მაგრამ არსებობს მოსაზრება რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებიან. გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დიდი გახლდათ მოლოდინი რომ გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნება“ სხვა პრობლემებთან ერთად სპორტსაც, მათ შორის ფეხბურთსაც მიხედავდა, მაგრამ „ტყავის ბურთამდე“ რიგი ჯერ არ მისულა.

ნება მომეცით კალათბურთსაც შევეხო. ბოლო ორი წლის განმავლობაში  ეროვნული გუნდის თავკაცი იგორ კოკოშკოვი კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული. სპორტის ამ სახეობის ადგილობრივი სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ნაკრებს უფრო კვალიფიცირებული მწვრთნელი ესაჭიროება. კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება უკვე დაუსრულდა და მომავალ წელს გუნდს ალბათ ახალი სპეციალისტი ჩაიბარებს. აშშ-ში მოღვაწე იგორი კი შეიძლება სერბეთის ნაკრების თავკაცად მოგვევლინოს. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან ივკოვიჩი თანამდებობიდან გადადგა და ამ პოსტის შესაძლო მაძიებლებს შორის კოკოშკოვის გვარიც ფიგურირებს.

დღევანდელი წერილის მეორე ნაწილში ტრადიციულად სახალისო საფეხბურთო ისტორიებს წარმოგიდგენთ. თავდაპირველად სიტყვა ერთადერთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს გელა კეტაშვილს გადავცეთ..

„დნეპროპეტროვსკში ვთამაშობთ გასვლაზე ადგილობრივ ,,დნეპრთან”. პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მივიღე. მეორე ტაიმი რომ დაიწყო, პროტასოვი გადის ერთი ერთზე ოთარ გაბელიასთან. ყვირის ოთარი, - რამე მოუხერხეთ მაგ კაცსო. მეც ვარდნაში ვცადე ბურთის ართმევა, თუმცა, სუფთად ვერ გავაკეთე ილეთი და მსაჯმა დაუსტვინა. მერე გამოექანა ჩემკენ და მოემზადა წითელი ბარათის ამოსაღებად.

გაბელია იმწამსვე გაერკვია სიტუაციაში, გამოიქცა ჩემკენ და ალიყური მითავაზა. კარგა გვარიანად მწარე სილა გამოდგა. გავშტერდი, გაკვირვებული ვიყავი, ვერ გავიგე რაში იყო საქმე.

ბოლოს გაბელია მიუტრიალდა მსაჯს და უთხრა: პატივცემულო მსაჯო, მე უკვე დავსაჯე და თქვენ ნუღა შეწუხდებითო. ასე გადავრჩი გაგდებას".

 

ჩვენი შემდეგი სტუმარი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია იქნება.

„წინა საუკუნის 60-იანი წლებია. მოსკოვში ჩვენი „დინამო" ადგილობრივ თანაკლუბელებს ხვდებოდა „ლუჟნიკის" სტადიონზე.

იმ დღეს ჩვენმა ბიჭებმა რუს კოლეგებს მართლაც ქარიშხალი დაატეხეს. გამუდმებით უტევენ მათ კარს, მაგრამ... გოლი არ გადის. მე, როგორც ყოველთვის თან ვახლდი, მშვენიერ ადგილზე მოკალათებული. არც აპლოდისმენტებს ვაკლებ, არც შეძახილს, მაგრამ არა და არ გადის გოლი.

როგორც ხშირად ხდება - ერთი გუნდი გამუდმებით უტევს, „ფორტუნა" კი დაჩაგრულის მხარეზეა.

აი, ერთი მოსკოველი გაუსხლტა ჩვენს დაცვას და უხერხული კუთხიდან დაარტყა. სერგო კოტრიკაძის ელვისებური ნახტომი „უშედეგოა", - ბურთი ჩვენი კარის ბადეში აფართხალდა. გადაირივნენ რუსი ფანები. აგუგუნდა გახარებული სტადიონი. ჩვენ ენა ჩაგვივარდა, გამწარებული სერგო მსაჯს მიეჭრა - რაღაცას უმტკიცებს. ის კი ცენტრიდან თამაშის დაწყებას მიანიშნებს.

ნურავინ იტყვის, რომ ვაჟკაცობა თამაშში „ყურით მოთრეული უაზრობაა", თვითონ ის მოსკოველი „გოლის გამტანი" მივიდა მსაჯთან და რაღაც უთხრა. გაწბილებული მსაჯიც ჩვენი კარებისკენ გამოვარდა და ბურთი თავისი ხელით „გაჩითა". გარედან გახვეულიყო ბადეში. რაინდი ფეხბურთელი რაინდია, და არა მარტო ჩვენთან...“

წინა საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში თბილისის „დინამო“ იმდროინდელ დასავლეთ გერმანიაში იმყოფებოდა და ერთ საინტერესო „არასაფეხბურთო“ ღონისძიებას დაესწრო. ამ „შემთხვევას“ ბატონი მანუჩარ მაჩაიძე გაიხსენებს.

„დასავლეთ გერმანიაში ვართ. ჩვენი თაობა "ბითლსების" უკვდავი ხელოვნების ტრფიალი გახლდათ და მოგვეცა ბედნიერება ლეგენდარული მუსიკოსი პოლ მაკარტნის სოლო კონცერტს დავსწრებოდით.

გულახდილად უნდა აღვნიშნო ჩვენი პირველი გაკვირვება-გაოცება. ბატონი პოლი ესტრადის სცენაზე ჩვენთვის უჩვეულო ჩაცმულობით მოგვევლინა: თეთრი, უთეთრესი კოსტიუმი (პიჯაკი) პირდაპირ შიშველ ტანზე ეცვა. ეს არაფერი. ყველაზე მეტად ის გაგვიკვირდა, რომ ამ პიჯაკის შიგნით შიშველ მკერდს შავი ჰალსტუხი "აკომლექტებდა".

ხალხის ტევა არაა. მიღებულია ყველა ზომა, რომ უსიამოვნო ინცინდენტი არ მოხდეს. პოლიციის განუსაზღვრელი რაოდენობა, ძაღლები... მოკლედ საოცრებაში ვართ. ზღაპარში.

დაიწყო კონცერტი და გადაირია მაყურებელი. აპარატურა უზარმაზარ ხმაზეა დაყენებული. ყურები თუ არ დაგვისკდება - კარგია. აიზილა ყველაფერი ერთმანეთში.

ექვს ნომერს კი ვაჟკაცურად გავუძელით, მეშვიდეზე ვიგრძენით, რომ კიდევ ცოტა და სმენას დავკარგავთ. ზოგმა (ყვირილით) - უხერხულია ბიჭებო, მოგვეჭრება თავი თბილისში, პოლ მაკარტნის კონცერტი მიატოვესო, მაგრამ უმრავლესობამ თავისი გაიტანა და სულ ჯიკავ-ჯიკავით გამოვაგდეთ ერთმანეთი ამ კაკაფონიიდან.

დავრიგდით ნომრებში. ჩავრთეთ საღამოს ტელევიზორი და იქაური "ახალი ამბები" გვამცნობს, რომ ჩვენი გამოსვლა და იქ ჩხუბი ამტყდარააა! ვუყურებთ ტელევიზორის ეკრანზე, როგორი წივილ-წივილით დგანან რიგში სასწრაფოს მანქანები და გაჰყავთ ხელ-ფეხმოტეხილი, დამტვრეული, ნაცემი და ნაწამები მაყურებელ-ფანები.

მაშინ კი ვირწმუნეთ, რა ჭკვიანურად მოვიქეცით დროზე რომ დავტოვეთ იქაურობა...“