„ნაციონალური მოძრაობა“ სოზარ სუბარის უწყებას ბაჩო ახალაიას ფარულ მოსმენა-მიყურადებაში ადანაშაულებს. უმცირესობის ბრალდებას სარჩულად ის ვიდეო ჩანაწერი დაედო, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.
ჩანაწერი გადაღებულია სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შედიან ახალაიას საკანში ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები და დეპუტატი აკაკი მინაშვილი. ამას გარდა, მასალა ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს შეიცავს და ვიდეოში საუბარიც ისმის.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო განმარტავს, რომ ყოფილი მინისტრის საკანში ვიდეო-აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა. თავად ახალაიას ადვოკატები და აკაკი მინაშვილი ამტკიცებენ, რომ ახალაია საკანში მხოლოდ ვიზუალურ კონტროლს დათანხმდა.
მინაშვილის შეფასებით, საზოგადოებამ ის კადრები ნახა თუ როგორ უსმენენ ჟურნალისტებს, დეპუტატებსა და პატიმრებს.
„ქართული ოცნება“ საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ადამიანის უფლებებს დაიცავდა, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებას და არ იქნებოდა თვალთვალი, მაგრამ ეს პირობა ბლეფი აღმოჩნდა. თვალთვალისა და მიყურადების ფაქტი უკვე ვნახეთ“, - განუცხადა for.ge-ს მინაშვილმა.
დეპუტატის მტკიცებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიამ ვიდეო გადაღებაზე თანხმობა თავად განაცხადა, თუმცა, აუდიო ჩაწერა არ უნდა განხორციელებულიყო.
„ეს არის პატიმრის ფუნდამეტური უფლების დარღვევა და ეს ამ ხელისუფლების სახეს წარმოაჩენს. ხელისუფლება პატიმრებს უსმენს და ამით სტრატეგიებს იღებს. დამერწმუნეთ, მოსმენები განხორციელდება არა მხოლოდ ციხეში, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართაც. „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში პირდაპირ წერია, რომ პატიმრისა და მონიტორის შეხვედრა კონფიდენციალურია. მათ შორის შემდგარი კომუნიკაციის შინაარსი კი, არ შეიძლება ვინმესთვის ცნობილი იყოს, მითუმეტეს, სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის“, - აცხადებს მინაშვილი, რომელიც არაფერს ამბობს „პატიმრობის შესახებ“ კანონზე, რომლის გათვალისწინებითაც, სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციას ბრალდებულის საკნის ჩაწერის უფლება აქვს.
კერძოდ, კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, „პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა“.
კანონის 54-ე მუხლის გათვალისწინებით კი, „ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს - აუდიო-ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით, თუმცა, კანონის თანახმად, „ადმინისტრაცია ვალდებულია, გააფრთხილოს ბრალდებულები/ მსჯავრდებულები კონტროლისა და ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებების გამოყენების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
კანონის აღნიშნულ ნორმებზე აპელირებს მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე, რომლის განმარტებითაც, აღნიშნული ვიდეო ნოემბერშია ჩაწერილი.
მისი თქმით, კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, ბრალდებულს უფლება აქვს შეხვედრა დაწესებულებაში გამოყოფილი სპეციალურ ოთახებში გამართოს, სადაც მხოლოდ ვიზუალური კონტროლი ხორციელდება. თუმცა, აღნიშნულ ოთახს ბაჩო ახალაია ნოემბერში არ იყენებდა, ამჟამად კი, ყველა შეხვედრას ამ ოთახებში მართავს.
„კანონის საფუძველზე, ადმინისტრაციას უფლება აქვს ასეთი სახის კონტროლი განახორციელოს, თუმცა, პატიმარის წინასწარ საქმის კურსში უნდა იყოს ჩაყენებული. გასულ წელს, სუბარმა განაცხადა, რომ ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნებოდა და სწორედ, ამ მიზნისთვის იქნებოდა ზომები მიღებული, რის თაობაზეც, ის გაფრთხილებული იყო და ოქმი არსებობს, რომ მასზე ხორციელდებოდა კონტროლი“, - განუცხადა for.ge-ს გიორგაძემ.
მართალია, „ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება“, თუმცა, თუ ვინ გამოიტანა ვიდეო ჩანაწერი უწყებიდან და ვინ გადასცა მედიას, ამის თაობაზე გიგა გიორგაძე ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის გამოტანა მოხდა და თუ ვინ ჩაიდინა ეს ფაქტი, ამას გამოძიება დაადგენს.
საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და თუ რა მიზანს ემსახურებოდა ბაჩო ახალაიას „მსხვერლად“ წარმოჩენა, ეს საგამოძიებო პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ თავისთავად, ტრაგი-კომიკურია ის ფაქტი, რომ აკაკი მინაშვილი ფარულ ჩაწერა-მიყურადებაზე აპელირებს და ხელისუფლებას უკანონო მოსმენებში ადანაშაულებს. მინაშვილის სულისკვეთება გასაგებია, რადგან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალაიას განსაკუთრებით, ის და ნუგზარ წიკლაური „ქომაგობენ“, მაგრამ იმედია, დეპუტატს ის კადრებიც არ ავიწყდება, სადაც პატიმრებს ცოცხებითა და დუბინკებით აუპატიურებენ.