1-ელ ოქტომბერს სამართალდამცველებმა ავსტრიის რესპუბლიკაში წითელი ცირკულარით ძებნილი დავით ჩაგინავა დააკავეს. დავით ჩაგინავა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაპატიმრების და ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 10 სექტემბრიდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 144 -1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად დავით ჩაგინავა ინტერპოლის თბილისის ბიუროს მოთხოვნით გამოცემული წითელი ცირკულარის და ავსტრიის გენერალური პროკურატურის ბრძანების საფუძველზე იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს, შესაბამისად გამოძიება საქმის დეტალებზე არ საუბრობს. საქმეზე სულ დაკავებულია 9 პირი, მათ შორის არიან: შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი თანამშრომელი გოჩა შონია, მარლენ ხვიტია, გურამ ჭითანავა. დაკავებულებს შორის არიან შსს-ს სამეგრელოს თანამშრომლები: ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კობა თოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები გიორგი ბულია, ირაკლი ახალაია, პაატა ქირია, გიორგი გულია და თემურ უბირია. შსს-ს ცნობით, ვიდეო-მასალაზე აღბეჭდილ პირებზე სექსუალურ ძალადობას უშუალოდ ახორციელებდა თემურ უბირია.
გამოძიების ვერსიით, ზემოთ აღნიშნული პირები დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით მოხდა. ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა, ამჟამად, საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.
სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, კობა თოდუა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას ბიძაშვილია, თავს უდანაშულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ წამებაში, ან ცემაში მისი მონაწილეობა დადასტურდება, მზად არის ის სასამართლოს ნაცვლად, ხალხმა გაასამართლოს. გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი კობა თოდუა სამეგრელოში წამების ამსახველი ვიდეოფირების აღმოჩენის შემდეგ დააკავეს.
როგორც დაკავებულის ადვოკატი, ირაკლი ნარმანია აცხადებს გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს თოდუა დაკითხული, წინასწარი პატიმრობა კი ისე შეუფარდეს, რომ არ დაუკითხავთ. მისი თქმით, ძიებამ თოდუას თანამშრომლობა და ბრალის აღიარება შესთავაზა რაზედაც უარი მიიღო. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ფირზე, რომელიც გამოძიებამ დაცვის მხარეს გადასცა, არც კონდახით ცემის ფაქტი ჩანს, არც თოდუა და არც მისი ხმა, რაც დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ.
ირაკლი ნარამანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საქმეში დევს სამი ყოფილი პოლიციელის ჩვენება, რომელთაგან ერთ-ერთი თავად მონაწილეობდა დანაშაულში. ამ პიროვნების მიმართ კი, მისი მტკიცებით, სისხლის სამართლებლივი დევნა არ დაწყებულა და გამოძიებას საქმეში მოწმის სტატუსით ჰყავს წარმოდგენილი. ამასთან, როგორც ნარმანია აცხადებს, 16 სექტემბრის დადგენილებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაემტარა 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში დახმარება, რაზეც მისივე თქმით, მტკიცებულება არ არსებობს.
ირაკლი ნარმანია: გამოძიების სამთვიან ეტაპზე, რაც ბრალდების მხარემ მოიპოვა, ეს არის ოთხი პირის ჩვენება, ამ ოთხიდან სამი დაკავებულია და ბრალდებულია ამავე საქმეზე, ხოლო ერთ-ერთი გვარად ბალოიანი დღემდე გამოძიებას წარმოდგენილი ჰყავს მოწმის სტატუსით. თუმცა, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ეს პირი უშუალოდ მონაწილეობდა იმ დანაშაულებრივ ქმედებაში, რაშიც დაკავებულებს ედებათ ბრალი.
თუ ბალოიანის მონაწილეობა დოკუმენტებით დასტურდება, მაშინ რატომ არ იქნა ის პასუხისმგებაში მიცემული?
- ბალოიანი წლების განმავლობაში მუშაობდა შსს-ს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში, ბოლოს სამხედრო პოლიციაში. დღეს მას იყენებენ კობა თოდუას წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ერთი მთავარი მოწმე, ვინც თოდუას წინააღმდეგ გამოდის, ეს არის ბალოიანი. ჩვენი მოსაზრებით, სწორედ ამის გამო არ ხდება დღეს ბალოიანის პასუხისმგებაში მიცემა. ბალოიანი ამბობს, რომ თითქოსდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მივიდა დანაშაულის ადგილას და მონაწილეობას იღებდა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და წამაბაში, კერძოდ, მისი განცხადებით თოდუა იარაღის კონდახით სცემდა დაზარალებულ პირებს.
ვინ არიან ეს დაზარალებული პირები, თუ ასახელებს მათ ბალოიანი თავის ჩვენებაში?
- ბალოიანი ასახელებს 2 დაზარალებულ პირს და ისინი დღეს სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებას ოფიციალურად ჰყავს დაზარალებულად ცნობილი.
ვინ არიან ეს დაზარალებულები?
- მათი ვინაობის გახმაურება შეუძლებელია, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
თვითონ დაზარალებულები ადებენ ხელს თოდუას?
- არა. დაზარალებულები არც ერთ თავის ჩვენებაში ხელს არ ადებენ თოდუას. ჩატარდა ამოცნობაც და ამ შემთხვევაშიც მათ თოდუაზე ხელი არ დაუდიათ. მეტსაც გეტყვით, ექსპერტიზა ჩაუტარდა გამოძიების მიერ ამოღებულ დისკს, სადაც ასახულია უკანონო დაკავებისა და წამების ფაქტები სწორედ იმ ორი დაზარალებული პირის. ამ დისკის ექსპერტიზის შედეგად თოდუა იქ არ აღმოჩნდა. ამის მერე გამოძიებამ თოდუას და სხვა დაკავებულ პირებს აუღეს ხმის ნიმუშები, მოახდინეს მათი ფოტოგრაფირება, არც ხმის ნიმუშის შედეგად არ დადასტურდა თოდუას მონაწილება იმ კადრებში, რაც გამოძიების მიერ იყო წარმოდგენილი. თუმცა, ამის მიუხედავად მას ბრალი დაუმძიმდა.
ზუსტად იმ დღეს, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზიდან გამოძიებამ მიიღო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა, რომ იქ არ აღმოჩნდა თოდუა და მისი მონაწილეობა ამ დანაშაულში არ დასტურდებოდა, სასწრაფოდ ე.წ. მატროსოვის ციხეზე გამოძიებამ მესამედ და მეოთხედ დაკითხა დაკავებული პირები და 2 დაკავებულ პირს მიაცემინეს თოდუას წინააღმდეგ ჩვენება.
რომ დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს მიაცემინეს, ძალა იქნა გამოყენებული მათ წინააღმდეგ?
- ჩვენ გვაქვს ამის საფუძვლიანი ეჭვი, პირი, რომელიც სამჯერ იყო აქამდე დაკითხული, მას არც-ერთ ეპიზოდში არ დაუსახელებია თოდუა და ზუსტად მას შემდეგ, რაც გამოძიება მთავრდებოდა და თანაც მაშინ, როდესაც ექსპერტიზიდან მიიღეს პასუხი, რომელმაც დაადასტურა, რომ იქ თოდუა არ ყოფილა, ამ დროს, ხდება მის წინააღდეგ ჩვენების მიცემა. ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ გამოძიებამ ნახა რა თოდუა არ მონაწილეობდა ამ საქმეში ე.წ. ბრალდების გამყარების მიზნით, ამ პირების დამატებით დაკითხვა მოხდა, რათა მსგავსი ჩვენება მიღოთ. გამოძიება ობიექტური რომ იყოს, მაშინ, ამ სამი თვის განმავლობაში, რაიმე სტატუსით უნდა დაეკითხა თოდუა. თოდუა არც ერთხელ არ დაუკითხავთ, ხოლო პროკურორი გამოძიებელთან ერთად, მესამედ ჰკითხავდა სხვა დაკავებულებს, რომლებიც ადრე უკვე დაკითხული ჰყავდა. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ მათზე ზეწოლით მოხდა ჩვენების მიცემა თოდუას წინააღმდეგ.
თოდუას წინააღმდეგ ჩვენება პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს?
- დიახ.
სამსახურეობრივად თოდუას შეხება ჰქონდა იმ დკავებულებთან, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება?
- სამსახურეობრივად მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ. საუბარია 2011 წელზე, როცა ყველა სხვა ბარლდებული პირი მუშობდა შსს-ს სისტემაში, ხოლო თოდუა მაშინაც და დაკავების მომენტში მუშაობდა თავდაცვის სისტემაში, კერძოდ - დაზვერვის დეპარტამენტში და არც სამსახურეობრივი და არც პირადი ურთიერთობა არ ჰქონია ამ დაკავებულებთან.
თუ მათ არც სამსახურეობრივი და არც პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მაშინ რა მოტივით მისცეს თოდუას წინააღმდეგ ჩვენება?
- ამ ჩვენებების მიღება მოხდა 9 და 10 სექტემბერს, 16 სექტემბერს მათ ყველას მოეხსნა სსკ-ს 144-ე პრიმა მუხლი, ანუ წამების ბრალდება. თვიდანვე ისინი ბრალდებული იყვნენ ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება. მას შემდეგ, რაც თოდუას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, იმ პირებს, ვინც ამოიცნო დაზარალებულმა, მოუხსენს წამება, ხოლო თოდუას პირიქით, დაუმატეს კიდევ ერთი მუხლი და დაუმძიმეს ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ თოდუას წინააღმდეგ მტკიცებულება არ ჰქონდათ.
ექსპეტიზით დასტურდება 34 პირის მონაწილეობა და ზუსტად ამ დაკავებულებიდან 2 თვითონ ამოიცნო დაზარალებულმა. დაკავებულები ბარლდებას თავადაც აღიარებენ, მაგრამ ამის მუხედავად, პროკურატურამ მათ მოუხსნა წამების ბრალდება და მხოლოდ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლი დაუტოვა. არსებობს ინფორმაცია, რომ მათ პირდებიან საპროცესო გარიგებას.
რაც შეეხება თოდუას, მას წაყენებული აქვს სამი მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, (143) წამება (144 პრიმა მუხლი) და დაემატა 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში დახმარება. მესამე მუხლის დამატება, ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი ფსიქოლოგიური ბერკეტი. ცხადია, რომ ამ ბრალდებას და მითუმეტეს მესამე მუხლს ვერ დაამტკიცებენ, რადგან მთელი გამოძიების ეტაპზე, ამ მიმართულებით საერთოდ არ იკვეთებოდა თოდუას მონაწილეობა. ეს გაკეთებულია მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.