ღია კარის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის (ვიდეო)

ღია კარის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის (ვიდეო)

პროექტ „მარტო სამშობლო რა სათქმელია“-ს ფარგლებში, მცხეთაში მე-11 მექანიზირებული ბატალიონის ბაზაზე მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მასპინძლობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა და I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროებმა გაუწიეს.

ჯარისკაცებმა ბავშვებს ბაზაზე არსებულ გმირთა მემორიალთან ბატალიონის ისტორია გააცნეს და სამხედრო ტექნიკა და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ ტექნიკისა და იარაღის გამოყენების წესები და მოქმედების პრინციპები გააცნეს. დღესვე, მოსწავლეებმა სამხედროებთან ერთად ისადილეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მე-12 ბატალიონს მაცხოვრის ხატი უსახსოვრეს, ჯარისკაცებმა კი პროექტის მონაწილეებს მადლობის სიგელები და ტკბილეული დაურიგეს.

„ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც ჩვენ სამხედროებს, რომლებსაც ნატოს კოალიციურ ძალებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ავღანეთში წერილები მიწერეს. ასეთი სახის ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანია თოთოეული ჩვენი სამხედროსთვის, რათა მათ იგრძნონ რომ მთელი ერი დგას მათ გვერდით, განსაკუთრებით კი ახალი თაობა. გასაოცარია ის აღქმა, რაც ჩვენს ბავშვებშია - თუ რატომ იბრძვიან ჩვენი სამხედროები ქვეყნის გარეთ და რატომ იღებენ საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში მონაწილეობას. ეს ძალზე დასაფასებელია. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ამ ბავშვებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს. ჩვენს ბიჭებს კი, რომლებიც დღეს ავღანეთში იბრძვიან სახლში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო“ - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

ჯარისკაცებმა დღეს გამართული ღონისძიებით, მე-2 საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს გადაუხადეს მადლობა, ვინც პროექტის ფარგლებში, სამხედროებს ISAF-ის მისიაში ყოფნისას წერილები გაუგზავნეს. მისიის დასრულების შემდეგ კი, წერილების ავტორებმა ადრესატებს სკოლაში უმასპინძლეს და კონცერტი გაუმართეს. შემეცნებითი პროექტი მომავალ თაობებში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას ისახავს მიზნად.