„სოკ-ი არ აღიარებს არც „აფხაზეთს“ და არც „სამხრეთ ოსეთს“

„სოკ-ი არ აღიარებს არც „აფხაზეთს“ და არც „სამხრეთ ოსეთს“

გადაწყვეტილება მიღებულია. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც საუბარია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით, შუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ეს წერილი განმარტავს „აფხაზეთსა“ და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით წამოჭრილ ბოლოდროინდელ საკითხს.

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიის თანახმად, სპორტსმენი წარდგენილი უნდა იყოს მისი შესაბამისი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ. ოლიმპიური ქარტიის მიხედვით სოკ-ი არ აღიარებს არც „აფხაზეთს“ და არც „სამხრეთ ოსეთს“.

„სოკ-ი აღიარებს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც ეს აღიარებულია გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ. სოკ-ის პროტოკოლი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ტერიტორიების შემადგენლობა სოკ-ის აღიარების მიხედვით მკაცრად უნდა იყოს დაცული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მიერ, ყველა მათ მიერ განხორციელებულ თამაშებთან დაკავშირებულ ოპერაციებში, მათ შორის და არა მარტო სააკრედიტაციო სისტემის გათვალისწინებით“, - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წერილში.

როგორც ცნობილია, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქვეყანა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიურ თამაშებში. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიედენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და სპორტსმენს არ უნდა წაართვას ისეთ გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე გამოსვლის უფლება, როგორიც ილიმპიური თამაშია.

ამის მუხედავად, საქართველოს რეგიონში რუსეთი ისევ აგრძელებს მავთულხლართების აგებას. პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ეს პროცესი სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება. მისი თქმით, მთელი რუსეთი გადაყოლილია იმ თემას, რომ ოლიმპიადამ მშვიდობიანად ჩაიაროს. ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, მავთულხლართების აგება არც მათ პოლიტიკაში არ შედის. 

„ჩემი გადმოსახედიდან და იმის მიხედვით, რაც ვიცი ფორმალურად და არაფორმალურად, მავთულხლართების გაბმა უკავშირდება ოლიმპიადას. მთელი რუსეთი გადაყოლილია ამ თემას, რომ როგორმე მშვიდობიანად ჩაატაროს ოლიმპიადა. ჩვენ ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად გახსნილად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პირობები შევუქმნათ და მაქსიმალურად დავეხმაროთ. ჩემგანაც ყველა მითითება აქვთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ამას. ბათუმში თქვენ იცით, რომ დავაკავეთ ლაკაევი და ესეც ამას უკავშირდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ღირსეულად ჩაატარონ ეს ოლიმპიადა და მასში მონაწილეობასაც მივიღებთ. ამის შემდგომ ძალიან ბევრი რამე გამოიკვეთება.

ჩემი აზრით, დღეს, არც მათ აწყობთ ეს მავთულხლართები და არც მათ პოლიტიკაში არ შედის. ამას ნაციონალები, ალბათ, აიტაცებენ და იტყვიან, რომ ვეხმარები ოლიმპიადაში და მავთუხლართებსაც ვამართლებთ. არაფერსაც არ ვამართლებთ, ეს ძალიან მძიმეა და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ გვერდში დავუდგეთ დაზარალებულ მოსახლეობას. დღესაც ვაცხადებ, რომ დიახ, ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, გრძელდება მავთუხლართების აგება, რაც ძალიან სამწუხაროა. სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენ დამოკიდებულებებში ყველაზე დიდ მეზობელთან. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მაქსიმალურ მოთმენას ვამჟღავნებთ, ამავდროულად, პრინციპულად მივუთითებთ და ხმას ვიმაღლებთ იმ დარღვევებზე, რაც ხდება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სოჭის ოლიმპიადის მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილ, რომლის თქმით ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლად არ იქნება წარმოდგენილი.

„რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადაზე ანკეტაში გამოჩენილ ინფორმაციებს, დარწმუნებული ვარ, მასპინძელი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი ვალდებულია და იძულებულიც იქნება, გაითვალისწინოს საერთაშორისო ნორმები, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, ვინაიდან არც აფხაზეთის, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის-ცხინვალის რეგიონის ე.წ. ოლიმპიური კომიტეტები არ არის ცნობილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტების მიერ. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ოლიმპიადაში. მიუხედავად ამ პროვოკაციებისა, აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო მიიღებს მონაწილებას და არ იქნება იქ დამოუკიდებლად წარმოდეგენილი ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს მყარი გარანტია იმისა, რომ არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისივე განმარტებით, ქართული მხარე აღნიშნულის შესაძლებლობას თეორიულადაც კი არ უშვებს. 

„იყო შემთხვევა, რომ რომელიღაც ჟურნალისტურმა ასოციაციამ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოლიმპიადის მონაწილე მხარეებად დააფიქსირა. ამის შესაბამისად გადაიდგა სათანადო ნაბიჯები - ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და ვფიქრობ, ეს პრობლემა უკვე მოიხსნა. ყოველ შემთხვევაში, ოლიმპიური კომიტეტის არცერთ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ მონაწილეებად არ ფიგურირებენ. თეორიულადაც ვერ დავუშვებთ, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, არც ერთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეხება, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად არ არის მოხსენებული. მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სპორტული ჟურნალისტების ევროპული ასოციაციის (რომელიც ჟურნალისტების აკრედიტაციას ახორციელებს) გვერდზე იყო ჩამონათვალში. მისივე თქმით, ეს პირველ რიგში, ოლიმპიური კომიტეტის საქმეა იმდენად, რამდენადაც სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო.

„პირველ რიგში, ეს მათ უნდა აინტერესებდეთ და დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ მათ ეს აინტერესებთ, ამიტომ მათი გზით უნდა მოხდეს ამ ხარვეზის გასწორება. მე რამდენადაც ვიცი, შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნილია, რომ ეს იყოს გასწორებული. თუ ამას დასჭირდება ყველა სტრუქტურა მზად არის ამაზე თავისი პრეტენზია განაცხადოს, მაგრამ ქმედითობიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური იქნება ეს საკითხი ოლიმპიური მოძრაობის ფარგლებში მოგვარდეს“, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
პოლიტოლოგი ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ არგუმენტები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს სერიოზულია. აქედან გამომდინარე, მას უჭირს პასუხის გაცემა მიუხედავად დვანში განვითრებული მოვლენებისა, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაზე.

„ვისურვებდი, რომ ადამიანებს რომლებსაც ეხნებათ ეს საკითხები, ერთმანეთისთვის შეეთავაზებინათ ეს არგუმენტები და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება. ძალიან ცუდია ის, რაც ხდება დვანში და როგორც ნიშნები არის, ეს შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ამასთანავე გასათვალისწინებელია რუსეთის პოლიტიკის ირაციონალურობა, გასათვალისწიბელია რუსეთის პოლიტიკა, რომელიც არასოდეს არ ჩამოართმევს სამეგობროდ გაწვდილ ხელს მეორე მხარეს, მეგობრულ ჟესტში ყოველთვის ხედავს საპირისპირო მხარის სისუსტეს. აქედან გამომდინარე, მიჭირს რაიმე დასკვნა გავაკეთო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ იმდენად სერიოზული დაბრკოლება და უკუსვლა აქვს ხელისუფელბას დიცთან და დვანთან დაკავშირებით, რომ ეს ძალიან ართულებს პროცესებს.

„მაგრამ ამის გამო, ჩვენ, პტოტესტის ნიშნად უარი უნდა ვთქვათ თუ არა ოლომპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, თავს შევიკავებდი ამაზე საუბრისგან. ეს იმდენად მნიშვნელოვანი გზავნილია, რომლითაც დასტურებდა, რომ ჩვენ ვაპირებთ ახალი პოლიტიკის გატარებას, თუ რუსეთი ამაზე წამოვიდა და გამოიჩინა კეთილი ნება, ჩვენ სერიოზულდ ვთავაზობთ დიალოგს და თანამშრომლობას იმ საკითხებში, სადაც ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება. ახლა უარის თქმა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, ეს გამოჩნდებოდა მერყეობა იმ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, გვინდა თუ არა სერიოზულად აფხაზებთან და ოსებთან განვავითაროთ დიალოგი. ეს მოსაზრება მაფიქრებინებს იმას, რომ ასეთი დემარში ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი ხუციშვილმა.