შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა, შესაძლოა, ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმა განახორციელოს. შვედური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.
„რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენებს მაღალ მიდრეკილებას პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ტელეკომპანიის ცნობით, ანგარიში ასახავს შვედეთის ახალ თავდაცვის დოქტრინას, რომელიც ეფუძნება ნატო-ს წევრობას, განსხვავებით წინა დოქტრინისა, რომელიც დაფუძნებული იყო სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, რომლის რატიფიცირება თურქეთსა და უნგრეთს ჯერჯერობით არ განუხორციელებიათ.
თურქეთმა მარტში ფინეთის ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო რატიფიცირების პროცესი დაასრულა, თუმცა ანკარა ამბობს, რომ შვედეთი იცავს იმ შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ისინი ტერორისტებად მიიჩნევენ. ანკარას მსგავსად, რატიფიცირების პროცესს უნგრეთიც ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, არსებობს მოლოდინი, რომ თურქეთი და უნგრეთი პოზიციას შეიცვლიან და შვედეთი ნატოს ვილნიუსის სამიტზე ან მანამდე ალიანსის წევრი გახდება. ალიანსში ძალიან დიდია მოლოდინი იმისა, რომ შვედეთის დროშა აღიმართება ვილნიუსში.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე არ არის დარწმუნებული, რომ შვედეთი შესაძლოა რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის ობიექტი გახდეს. როგორც კიკნაძე აცხადებს, შვედეთი არ შედის რუსეთის ინტერესების სფეროში. რუსეთს პრეტენზია აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. რაც შეეხება თურქეთის პოზიციას შვედეთთან დაკავშირებით, როგორც კიკნაძე აცხადებს, ის მშვენივარად ვაჭრობს და შეიძლება რაღაცის საფასურად ოფიციალურმა ანკარამ აღარ დაბლოკოს შვედეთის გაწევრიანება.
„შვედეთის ნატოში გაწევრიანება რომ გაამართლონ, სწორედ ამისთვის კეთდება ასეთი ინფორმაცია. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ ეს ინფორმაცია სანდოა. საერთოდ, თუ ჩვენ გადავხედავთ მიმდინარე პროცესებს, ნატო ფართოვდება და უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთი კი ექსპანსიონისტურ ომს აწარმოებს მხოლოდ იქ, სადაც განიხიალვს, რომ ეს არის მისი გავლენის სფერო და პოსტსაბჭოთა სფეროს ის განიხილავს თავისი გავლენის სფეროდ. ულტიმატუმში, რომელიც წარუდგინა პუტინმა დასავლეთს, ახსნილი იყო რატომ არ დაუშვებს საქართველოს, იგივე უკრაინას ნატოში გაწევრიანებას. რუსეთის აზრით, ეს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის მას. ფინეთი, რომელიც გახდა ნატოს წევრი, თავის ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია რუსეთთან ამ მეზობლობით და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობით. ფინეთზე არ ჰქონდა რუსეთს რეაქცია. ამიტომ, არა მგონია, რომ შვედეთზე ჰქონდეს რეაქცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ შვედური მედიის ინფორმაცია ორ ვარიანტად უნდა განვიხილოთ. ერთი, როგორც რეალობა და მეორე დეზინფორმაცია. პირველ რიგში, თუ ეს დეზინფორმაცია არის, შესაბამისად, მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დეზინფორმაციის ნიშნების შემცველი ქმედება, რომლის დანიშნულებაა შვედეთმა თავისი პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები დააკმაყოფილოს.
„ეს არის მისი ლტოლვა, გაერთიანდეს ნატოში. ასე რომ, საზოგადოებრივი აზრის განწყობისათვის როგორც საკუთარ ქვეყანში, ისე საერთაშორისო არენაზე და მათ შორის ნატოში, ასეთი ინფორმაციის გაჟღერებას თავისი დანიშნულება გააჩნია, რომ შვედეთმა აღასრულოს თავისი ინტერესები. რაც შეეხება რეალობას, თუ ჩვენ გავაანალიზებთ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, ამ დოკუმენტში ასახულია, რომ ნატოს გაფართოება წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის ფედერაციისათვის. იგი ნატოს აღიქვამს, როგორც მტრულად განწყობილ ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე, ნებისმერი გაფართოება რუსეთის ფედერაციისათვის არის მიუღებელი და მიუხედავად იმისა, რომ მთელი დატვირთვა გადატანილია უკრაინაზე, შესაძლებელია კონკრეტული სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი ქმედებები შვედეთის საწინააღმდეგოდ განხორციელდეს“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
მისი თქმით, განსაკუთრებულად მტკივნეულია თანამედროვე პროცესები ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც კომფორტში ცხოვრობენ. ე.წ. მაძღარ ერებს ძალიან მტკივნეულად გადააქვთ ნებისმიერი კონფლიქტური ვითარება, საომარი კონფლიქტი და აქედან გამომდინარე, კუხალაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი განწყობისათვის, ევროპისათვის, ამერიკისათვის და ნატოსათვის ამ ინფორმაციის გავრცელებას აქვს სტრატეგიული დანიშნულება.
„არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ თუ მოვლენები არ შეჩერდება და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ბოლომდე დააზიანებს, ამ შემთხვევაში, არ შეიძლება გამოირიცხოს სხვადასხვა ხასიათის შეიარაღების გამოყენება. შეიძლება ცოცხალი ძალით არ მოხდეს შვედეთზე პირდაპირი შეტევა, არსებობს უამრავი ქმედებები, რომელიც შეიძლება ომის, ან სპეციალური ოპერაციის კვალიფიკაციაში შევიდეს და განხორციელდეს სხვადასხვა ხასიათის დამანგრეველი ზემოქმედება შევედეთის ერვოვნული უსაფრთხოების მდგრადობაზე. ვსაუბრობ საიდუმლო ოპერაციაზე. ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური, ან ქიმური იარაღის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საბოტაჟი, ტერორიზმი და ა.შ. რაც დააზიანებს ოპერატიულ ვითარებას შვედეთში და პრაქტიკულად, ქვეყანას არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ნატოში გასაწევრიანებელ სახელმწიფოს გააჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.