„ამერიკა უპატივცემულობას მხოლოდ საქართველოს მიმართ არ გამოხატავს, ევროპაც საყვედურობს ამერიკას, ჩვენს სუვერენიტეტს პატივი ეციო“

„ამერიკა უპატივცემულობას მხოლოდ საქართველოს მიმართ არ გამოხატავს, ევროპაც საყვედურობს ამერიკას, ჩვენს სუვერენიტეტს პატივი ეციო“

რატომ არ აწესებს ამერიკა პირდაპირ ფრენებს საქართველოსთან?! ასეთი კითხვა უჩნდება ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკის ელჩის ადგილას, სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე იზრუნებდა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სტატისტიკასაც იშველიებს და ამბობს, რომ ამერიკის საკონსულოს შარშანწინდელი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების მხოლოდ 37%. მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზების გაცემის სტატისტიკა 63-დან 88%-მდე მერყეობდა. ასევე იყო სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებითაც.

კობახიძისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი პოლიტიკა გქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რატომ არ უნდა ჩაურტყა ბავშვს, ახალგაზრდას ვიზა მაშინ, როდესაც დაფინანსება აქვს მიღებული ამერიკაში.

„დააწესე პირდაპირი ფრენები, ან უვიზო მიმოსვლა, ან თავისუფალი ვაჭრობა. ხომ საუბრობენ, რომ ექსპორტ-იმპორტზე ვართ დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან, შენ რატომ არ აფორმებ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას?!“, - აინტერესებს კობახიძეს და ანსამბლ „მართვეს“ მაგალითი მოჰყავს, როცა 50 ბავშვს შეატანინეს აშშ-ის ვიზაზე მოთხოვნა, საბოლოოდ კი ანსამბლი საგასტროლოდ არ გაუშვეს და დატოვეს საქართველოში.

30 წლის განმავლობაში რატომ არ დგამს ამერიკა უფრო მეტად დაახლოების ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებით?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან უბრალოდ გასატარებელი არ არის ასეთი ქცევა, რომ საქართველოსთან არც პირდაპირ ფრენებს აწესებს და არც თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს დაშვებული. ჩვენმა ქვეყანამ შეუმჩნეველი არ უნდა დატოვოს ასეთი საკითხები, რაც, ნაწილობრივ, ამ ქვეყნის შეურაცხყოფას გულისხმობს, რადგან სხვა ქვეყნებთან მიმართებით ვხედავთ ვიზების გაცემის გამარტივებულ პროცედურებს, მათ შორის, ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც ამერიკას დაპირისპირება აქვს, საუბარია რუსეთზე.

„ერთადერთი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოს დაბალ ღობედ თვლიან, მიიჩნევენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელთანაც სირთულეები არ ექნებათ და ამიტომ არ იწუხებენ თავს იმაზე, ჩვენი გული მოიგონ. როგორც ჩანს, ამერიკაში ფიქრობენ, რომ თავიანთ ნებასა და სურვილს საქართველოში მაინც გაატარებენ, იმის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ამერიკის პოლიტიკის მიმართ კმაყოფილები იქნებიან თუ არა. ასეთი საკითხებით მხოლოდ კელი დეგნანი არ უნდა იყოს დაინტერესებული, არამედ ამერიკაში საქართველოს ელჩმაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან ანსამბლ „მართვეს“ პრობლემა, ანუ გულდაწყვეტილი ბავშვების პრობლემა ცალკე აღებული მოვლენა არ არის, ეს მოვლენების ჯაჭვშია მოსახსენიებელი. კერძოდ, იქ მოსამართლე არ გაუშვეს ამერიკაში, რადგან ჩათვალეს, რომ გვარამიას ანგარიში არ გაუწია, იქ ცალკეულ მოსამართლეებს დაადეს სანქციები, იქ რეკომენდაცია გასცეს, რომ ვასილ მაღლაფერიძე უნდა გადადგეს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან. რა მაგათი საქმეა, მაღლაფერიძის გადადგომა-არგადადგომა?! მთელი რიგი საკითხებია, რომლის ფონზეც იკვეთება ამერიკის უპატივცემულობა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსის აზრით, ამერიკა უპატივცემულობას მხოლოდ ჩვენს მიმართ არ გამოხატავს. შემთხვევითი არაა, რომ ევროპაც საყვედურობს ამერიკას, ჩვენს სუვერენიტეტს პატივი ეციო. საქართველოც ამას საყვედურობს, ასე რომ, საქართველო და ევროპა ერთ დღეშია ამ ამბავში.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ამერიკას შეცდომების კასკადი აქვს საგარეო პოლიტიკაში, რომელზე რეაქციაც აქვთ ცალკეულ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა მაინც ნომერ პირველი ქვეყანაა, მთელი მსოფლიოს ინტერესშია, მან ნორმალური პოლიტიკა აწარმოოს, ამდენად, ალბათ, მთელი მსოფლიოს ძალისხმევით, ამერიკას ზედმეტი თავდაჯერებულობა ჩაუქრება.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-ამერიკას შორის პირდაპირი ფრენების დაწესებას ბიზნესინტერესები სჭირდება. ამერიკიდან საქართველოში არ არის ისეთი დატვირთვა, რომ ყოველდღიური ფრენები განახორციელოს ვინმემ. ამდენად, რაღა ამერიკელებს მოუწოდებენ პირდაპირი ფრენების დაწესებისკენ, დაავალონ ეს საქართველოს კომპანია „აირზენას“, რომ მან განახორციელოს ფრენა ამერიკაში.

პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკელები ფრენის საშუალებას მისცემენ „აირზენას“, მაგრამ თავად ქართულ კომპანიებს არ აწყობთ ამერიკაში ფრენა, რადგან ამერიკაში გაფრენის მოსურნე ძალიან ცოტაა და ძალიან ძვირადღირებულია ეს რეისი, ასე რომ, ვერ ამოიღებენ დანახარჯს.

„ამერიკაში კი არა, სომხეთში ვერ დაფრინავს თვითმფრინავი ამერიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სომეხი ცხოვრობს ამერიკაში და ისინი იწვევენ თავიანთ ნათესავებს ამერიკაში, ანუ რომელიღაც ადამიანი გარანტიაში უდგება სომხეთიდან ჩასულს, რომ ამერიკის ვიზის მიღების შემდეგ თავად მიიღებს ამ ადამიანს ამერიკაში, მაგრამ არარენტაბელურია სომხეთ-ამერიკას შორის ფრენა. მაშინ, როცა რუსეთიდან ათასობით ადამიანს სურს, ჩამოვიდეს საქართველოში დასასვენებლად, ამერიკელები არ ჩამოდიან საქართველოში დასვენების მიზნითაც კი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.

ის, რომ ცალკეულ ადამიანებს არ უკმაყოფილებენ ამერიკაში ჩასვლის სურვილს, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნაწილია. საქართველოშიც არ უშვებენ ზოგიერთებს, თუნდაც რუს ლიბერალებს, ირანელ დისიდენტებს ისე, რომ მიზეზსაც არ ასახელებენ, ეს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხია და საიდუმლოაო, ანუ სახელმწიფოს უფლება აქვს, არ გიპასუხოს, ისე მიიღოს გადაწყვეტილება თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

„შესაბამისად, ამერიკის სუვერენიტეტის ნაწილია, გიპასუხოს ან არ გიპასუხოს, რატომ არ აძლევს ვიზას საქართველოს მოქალაქეებს. მე მინისტრი ვიყავი და ჩემს შვილს ამერიკამ უარი უთხრა ვიზაზე. არც კი მითქვამს ეს არსად, თქვენ გეუბნებით პირველად, ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. შეიძლება ქართველებს იმიტომ უზღუდავენ ამერიკაში ჩასვლას, რომ ქართველები რჩებიან აშშ-ში, არღვევენ სავიზო რეჟიმს, უამრავი ქართველი ვიზალიბერალიზაციით შევიდა ევროპაში და იქ კრიმინალურ დანაშაულს ჩადის“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალ ვაჭრობას, ანალიტიკოსს აინტერესებს, რა უნდა გავყიდოთ ამერიკაში, მხოლოდ ღვინო? რას ვაწარმოებთ ჩვენ? მაგალითად, რუსეთში ვყიდით ავტომობილებს, სადღაც ვყიდულობთ და რუსეთში ვყიდით მანქანებს, ნაცვლად იმისა, რამე ვაწარმოოთ. ჩვენ პალეოლითის ხანაში ვართ, როცა ადამიანი ბუნებიდან მოიპოვებდა რაღაცას, კი არ თესავდა, არამედ მოიპოვებდა, საქართველოც ასეა, კენკრას ვაგროვებთ და ვყიდით, ლოკოკინას ვაგროვებთ და ვყიდით. ერთადერთი, რასაც ვაწარმოებთ, ყურძენია და აქ რომელ ვაჭრობაზეა საუბარი?!

 

ცუგო- ზაქარეიშვილს ჩვევაში აქვს ყველა საკითხზე საქართველოს საწინააღმდეგო თქვას და ამერიკას მონურად ასიამოვნოს...
1 წლის უკან
trampi პოლონეთი ჩაერევა .........და კაი ჩიტსაც დაიჭერს
1 წლის უკან