ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში ლი ჰუი 15 მაისს ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ეწვევა. განხილვის თემა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარება იქნება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ლი ჰუის ვიზიტი ჩინეთის მიერ მოლაპარაკებების ხელშეწყობის კიდევ ერთი გამოხატულებაა და მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მსოფლიოს მხარეს.
ჩინელი დიპლომატის განცხადებით, გაჭიანურებული და გამწვავებული უკრაინის კრიზისის ფონზე, ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებაში.
სანამ ჩინელი დიპლომატი უკრაინაში ჩავა და 12-პუნქტიანი გეგმის დეტალებზე ისაუბრებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ვატიკანში მიდის. უკრაინის პრეზიდენტი ჯერ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს შეხვდება, ამის შემდეგ შემდეგ კი დაგეგმილია შეხვედრა რომის პაპ ფრანცისკესთან. ზელენსკი იტალიას 13 მაისს ესტუმრება.
ჩინეთის შემდეგ ვატიკანი - რომის პაპმა უნგრეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ვატიკანი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში და ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის. როგორც პაპმა განაცხადა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ესაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებულია მშვიდობის დამყარების გზის პოვნაში. გარდა ამისა, პაპმა თქვა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს იმ უკრაინელი ბავშვების რეპატრიაციის პროცესში, რომლებიც რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიყვანეს.
„მე მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო შუამავალი კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
იმის მიუხედავად, რომ რომის პაპმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილ სამშვიდობო მისიაში ვატიკანის ჩართულობა დაადასტურა, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვატიკანის მისიისა და ჩართულობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე მსგავს დისკუსიას უკრაინის სახელით არ დათანხმებია. თუკი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ისინი ჩვენი ინფორმირებულობის და ლოცვა-კურთხევის გარეშე მიმდინარეობს“, - განუცხადეს CNN-ს პრეზიდენტის ოფისიდან.
ჩინეთის პარალელურად, ვატიკანის ჩართულობას მნიშვნელოვანს უწოდებს დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი, რომლის განცხადებით, ვატიკანს გეგმის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ზოგადი განცხადება - მოწოდება მშვიდობისკენ ცნობილია. რამდენად იქნება ეფექტური ის ნაბიჯები, რასაც ვატიკანი გადადგამს, მენაღარიშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი ძალიან ძნელია, მაგრამ იმედი აქვს, რომ ზემოქმედებას მოახდენს.
„ვატიკანის ძალა მარტო სამხედრო პოტენციალში როდია. შეგახსენებთ სტალინის ნახევრად ხუმრობით ნათქვამს, როცა მას უთხრეს, რომ ვატიკანი რაღაცა საკითხებში წინააღმდეგია იმ პოზიციის, რასაც საბჭოთა კავშირი იჭერდა, სტალინის კითხვა იყო ასეთი: „ხომ არ იცით ვატიკანს რამდენი დივიზია ჰყავს?“ - გასაგებია აქ ირონია. ეს მაშინაც ირონია იყო და ახლაც ირონიაა, იმიტომ, რომ ვატიკანს ძალისმიერი ზემოქმედება არ შეუძლია მხარეებზე. საუბარი არის რუსეთზე, მაგრამ არის თეორიული შანსი, რომ მორალური ზემოქმედება გამოდგეს მხარეების დასარწმუნებლად მშვიდობის სასარგებლოდ“, - აცხადებს მენაღარიშვილი.
თუმცა, მისი თქმით, სწორედ აქ არის კითხვა, რაზეც პასუხი არც არავის აქვს, რამდენად არის რუსეთის ხელისუფლება განწყობილი, რომ გაითვალისწინოს ვატიკანის და კათოლიკური სამყაროს აზრი.
„მოგეხსენებათ, რომ რუსეთი ისედაც სრული ოსტრაკიზმის პირობებშია დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროსგან და ამ შემთხვევაში ძნელად პროგნოზირებადია რუსეთის რეაქცია. სხვათა შორის, იგივე ეხება ჩინეთის თემასაც. როცა ჩინეთმა პირველად განაცხადა, რომ მას აქვს სამშვიდობო გეგმა, მაშინ მთელ მსოფლიოს გაუჩნდა იმედი, რომ ჩინეთს, რომელსაც ძალიან სერიოზული გავლენა აქვს რუსეთზე, შეძლებდა რუსეთის დათანხმებას ხელი აეღო აგრესიულ გეგმებზე, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, არ მოხდა, თუ ვერ მოხდა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ფაქტია, ჩინეთის ამ ე.წ. მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. ვნახოთ, მეორე ეტაპზე ჩინეთის მოქმედებები, სადაც იგი ბევრად უფრო აქტიურია და რამდენიმე ვიზიტი აქვს დაგეგმილი ევროპაში, რუსეთში და უკრაინაში. ვნახოთ, საინტერესოა როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა, გულახდილად გითხრათ, ოპტიმიზმით აღსავსე არ ვარ. ვნახოთ, იმუშავებს თუ არა საერთოდ ეს გეგმები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ვატიკანი ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც სამხედრო უსაფრთხოებას ეხება. ეს არის როგორც გლობალური, ისე რეგიონალური თვალსაზრისით. როგორც კუხალაშვილი ამბობს, ვატიკანს გააჩნია ერთ-ერთი უძლიერესი სადაზვერვო სამსახური და მათ შორის რელიგიური დაზვერვის მიმართულება, რომელიც არის პოლიტიკური დაზვერვის ქვემიმართულება.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვატიკანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაში და ისტორიული ანალიზიც ამის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვატიკანი იყო, როგორც დამკვირვებელი, მაგრამ სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში და ასეთი აუცილებლობის არარსებობს შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვატიკანი მუდმივად ფიქრობს იმაზე, რომ მან მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი ნებისმიერი იმ მოვლენისაგან, რომელიც მსოფლიოში ვითარდება და არსებობს კიდევ ერთი მომენტი - თუ ვატიკანი რეალურად ამ სამშვიდობო პროცესს საფუძველს ჩაუყრის, მისი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ უფრო წინ წაიწვეს და, რა თქმა უნდა, ეს არის მისთვის ძალიან ხელსაყრელი. ის, ამ პროცესში თავშივე მიიღებს პოლიტიკური დაზვერვის კუთხით მნიშვნელოვან სასარგებლო ეფექტებს, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება სხვა მნიშვნელოვანი სარგებელიც, რომელიც ყოველთვის თან სდევს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მშვიდობიანი პროცესის ორგანიზებას. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ლიდერი, პატრიარქის სახით, რომელმაც ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას და უკრაინას, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს“, - ამბობს კუხალაშვილი.
როგორც ექსპერტი ამბობს, აქ არის ჩართულობის ორი დონე - პირდაპირი და ირიბი ჩართულობა და ზოგადად, ასეთი ტიპისა და მასშტაბების კონფლიქტში ჩაურთველობა ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს არ გააჩნიათ თავიანთი სტრატეგიული ინტერესები.
„სადაზვერვო საქმიანობის პრინციპში ასე არის მითითებული, რომ მონაწილეობის და არმონაწილეობის მიუხედავად, სახელმწიფოები სამხედრო თეატრალური წარმოდგენების ირგვლივ უნდა ღებულობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ ექნებათ თავიანთი სამხედრო სტრატეგიები, რომელიც სამხედრო პოლიტიკური ამონაცანების დაგეგმვასა და გადაწყვეტაში ეხმარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ავტორო, პატივცემული თამთა ქაჩავავ, სანამ ტექსტს გამოაცხობთ, შინაარსს თუ არ ეცნობით, თარგმანს მაინც მიხედეთ?!
სად დგას ჩინეთი?
მსოფლიო მხარეს?
Миру мир, армянам деньги?
Стоять на стороне МИРА - ნიშნავს მშვიდობის მხარეს, და არა მსოფლიოს მხარეს დგომას.
ხოლო საით დგას ე.წ. "ცივილიზებული სამყარო", ანუ თქვენებურად მსოფლიო, ყველამ კარგად ვიცით.