როგორც მოსალოდნელი იყო, სადაზღვევო კომპანიები ფინანსური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ. ნაწილი უკვე გაკოტრებულია, ნაწილი - სულს ღაფავს, ხოლო ყველა დანარჩენს ასე თუ ისე პრობლემები აქვს. ამჯერად „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ჯერი დადგა.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო კომპანიის საქმიანობას ამოწმებს. „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ 19 აგვისტოს 17:30 საათზე, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ და ვითარების შესწავლა დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას დროებითი ადმინისტრაციული მმართველი, იურისტი ვლდადიმერ ძირკველიშვილი ორი თვით დაუქირავა.
ეს ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობისთვის. ისინი მაკონტროლებლების რეაგირების გამო შეშფოთებულნი არიან.
„ზედამხედველობის სამსახური შემოვიდა შემოწმებაზე, რაც იგეგმება სხვა სადაზღვევო კომპანიებშიც, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ. ჩვენთან შემოსულია დროებითი ადმინისტრაციული მმართველი, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. იმის გამო, რომ არ ველოდით მსგავს შემოწმებას, ჩვენი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი საქმიანი ვიზიტით იმყოფება ამერიკაში, მან შეწყვიტა ვიზიტი და საქართველოში ბრუნდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოდიან ჩვენი კომპანიის აქციონერებიც“, - განაცხადა ნათია კახეთელიძემ.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს ექვემდებარებოდა, თუმცა არჩევნების შემდეგ იგი ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კომპანია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და დაზღვეულებს ემსახურება.
მზღვეველების ამ პოზიაციას კატეგორიულად არ იზიარებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე.
„კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესებული იყო. მივწერეთ წერილი და ვთხოვეთ რეაბილიტაციიის ის გეგმა წარმოედგინათ, რომელიც სიტუაციას გამოასწორებდა. პასუხად მივიღეთ, რომ ცოტა ხანი დაგვაცადეთ და სიტუაცია გამოსწორდებაო. ასეთი პასუხი, რა თქმა უნდა, მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება და იქ არის დარღვევები. სამწუხაროდ, აუცილებელია ჩარევა და ამიტომაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იძულებითი ადმინისტრატორი დაგვენიშნა. როდესაც კომპანია ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ პარამეტრებს არღვევს და ვალდებულებას თითქმის არ ასრულებს, რატომ უნდა იყოს მისთვის მოულოდნელი დროებითი მმართველი დანიშვნა?“ - განაცხადა ნიკოლაძემ.
„არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ ბაზარზე 2007 წლიდანაა. კომპანია მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში საქმიანობს და 2010 წლიდან ის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობს. თბილისში კი ნულიდან 5 წლამდე ბავშვების, სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაზღვევასაც უზრუნველყოფს.
„არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია. კომპანია ბენეფიციარებს თბილისში, კახეთში და სენაკში ემსახურება. კომპანიაში სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა რიცხვი 360 000 შეადგენს.
საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ კი მართლაც დიდი მასშტაბები მიიღო. 1 დღეში უნივერსალური დაღზვევით, საშუალოდ, 1000 ადამიანი სარგებლობს. როგორც ცნობილია, პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით, დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა.