"კურიერისთვის" ცნობილი ხდება 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა. დაკავებულია შპს "ფინის" დირექტორი კახა კოტორაშვილი.
49 წლის მამაკაცს, 2022-24 წლებში, უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, მან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ კახა კოტორაშვილი კომპანია "ფინის" 100%-იანი წილის მფლობელია. როგორც ადგილობრივი მოვაჭრეები ყვებიან, კახა კოტორაშვილი ამ კომპანიას უკვე მრავალი წელია ფლობს და სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა მისი დაკავება.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა კახა კოტორაშვილი დააკავეს, სავალუტო ჯიხურში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულის კუთვნილ სავალუტო ჯიხურში 2022-24 წლებში ხდებოდა დიდი ოდენობით თანხის შეტანა.
ადგილობრივი მოვაჭრეები ამბობენ, მათი ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა თავად კახა კოტორაშვილის სახლშიც.
ამავე საქმეზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა. სებ-ში თქვეს, რომ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან და ჩართულები არიან საგამოძიებო პროცესში.