კლინიკების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი იწყება

კლინიკების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი იწყება

სახელმწიფო საავადმყოფოების მართვას უბრუნდება. ექსპერტები თვლიან, რომ დროთა განმავლობაში ეს პრობლემას შექმნის, რამდენადაც კლინიკების ტექნოლოგიური წინსვლა ვერ მოხდება და მომსახურების ხარისხის მხრივ პრობლემები შეიქმნება. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ პრობლემები საავადმყოფოებში (განსაკუთრებით რეგიონებში) ახლაც თავსაყრელადაა. მათი მუშაობით არც მედპერსონალი და არც პაციენტები კმაყოფილნი არ არიან. ასე რომ, ამ ჩიხიდან გამოსავალი როგორმე უნდა მოიძებნოს.

არამომგებიანი კლინიკების მართვას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს და მზადაა, რეგიონებში მდებარე, ბიზნესისთვის წამგებიანი სამედიცინო დაწესებულებები სამართავად მუნიციპალიტეტებს გადასცეს.

სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ნიკოლაძის ინფორმაციით, მთიან რეგიონებში არსებული კლინიკები კერძო სექტორისთვის არამომგებიანია და ამიტომ მათ აღნიშნული კლინიკების სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

„არის რეგიონები, სადაც, მაგალითად, თვეში მხოლოდ სამი მშობიარობა ხდება. ასეთ პირობებში მუშაობა კი კერძო სექტორისთვის არამომგებიანია. მუნიციპალიტეტებს ამ სერვისის შენარჩუნება სურთ და მზად არიან ეს კლინიკები საკუთარ მმართველობაში აიღონ“, - აცხადებს ნიკოლაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფო მთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო სერვისის გარეშე ვერ დატოვებს.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს თქმით, ონკოლოგიური ცენტრი და კომპანია „ადითის“ მართვის ქვეშ მყოფი კლინიკები სახელმწიფო მართვაში გადავა. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების გადმოცემის პროცესს აწარმოებს.

„სხვა სამედიცინო დაწესებულებების მუნიციპალურ მართვაში გადაცემა მასობრივად არ მოხდება“, - განაცხადა სერგეენკომ.

თუმცა საქმე ისე მიდის, რომ დაწყებული პროცესი მხოლოდ რამდენიმე კლინიკას არ შეეხება და საავადმყოფოების მუნიციპალიტეტებისთვის გადაბარება უმეტეს რეგიონს შეეხება. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში აღიარებენ პრობლემების არსებობას სადაზღვევო კომპანიებისა და კლინიკების ურთიერთობებში.

ექიმები სადაზღვევო კომპანიების სახელფასო პოლიტიკას მუდმივად აკრიტიკებენ, ხოლო პაციენტები მომსახურებით მუდმივად უკმაყოფილონი არიან. ექიმთა პროფკავშირების ხელმძღვანელის ჯონი ჯანაშიას თქმით, არ არსებობს არც ერთი კლინიკა, რომლის მიმართაც სადაზღვეოებს არ ჰქონდეთ დავალიანება. პრობლემის სიმწვავეს ადასტურებენ ჯანდაცვის უწყებაშიც.

„სერიოზული პრობლემაა, რაც ყველას გვაქვს გაცნობიერებული და ვსწავლობთ გზებს, როგორ შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. საუბარი არის პროცესში მუნიციპალიტეტების მონაწილეობაზეც. ასეთი ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრიდანაც გაჟღერდა, თუმცა აქ საუბარი იყო ე.წ. მაღალმთიანი რაიონების კლინიკების მიმართ. ეს ის ნაწილია, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო, კომერციული ინტერესები არ არსებობს და მიდგომა უნდა შეცვლილიყო“, – აცხადებდა ნიკოლაძე.

რამდენად ეფექტური მმართველი შეიძლება იყოს სახელმწიფო კლინიკისთვის? ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, სახელმწიფო, როგორც წესი, ცუდი მმართველია და ის ჯანდაცვის სისტემაში კორუფციას და პაციენტის მიერ „ჯიბიდან გადახდის“ პრაქტიკას დანერგავს.

„ნამდვილად არ არის წამგებიანი რეგიონებში კლინიკები, ჩვენ ამ კუთხით სწორი, დასავლური სისტემა გვქონდა, თუმცა ახლა სოციალისტურ პრინციპებზე დამყარებულ სისტემაზე გადავიდივართ,“ - აცხადებს კალანდაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.

 მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რამდენიმე წელიწადში მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიები გახშირდება, რადგან სახელმწიფო მის მართვაში არსებულ კლინიკებში თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ დანერგავს და მომსახურების ხარისხის მხრივ პრობლემები შეიქმნება.