სექტემბრიდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შევა და ავტობუსები იმოძრავებენ

სექტემბრიდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შევა და ავტობუსები იმოძრავებენ

საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის ავტობუსები იმოძრავებენ, რაც 2006 წლიდან აღარ მომხდარა. საერეთოდ კი, საავატომობილო მიმოსვლის აღდგენაზე გადაწყეტილება მიღებულია. სექტემბრიდან ჩრდილოეთისკენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც დაიძვრება. პირველ რიგში, თხილს, ჩაის და მშრალ ხილს გაიტანენ.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტო-სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის 6-კაციანი კომისია საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტი 21 აგვისტომდე გაგრძლდება და მისი მიზანია რუსეთმა ქართული მხარის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გაცემული სერტიფიკატების აღიარება მოახდინოს.

„როსსელხოზნადზორის“ კომისია როგორც აღმოსავლეთ ისევე დასავლეთ საქართველოში განთავსებულ ლაბორატორიებს შეამოწმებს და აქცენტი მაღალი რისკის შემცველ პროდუქციაზე გაცემულ სერტიფიკატებზე გაკეთდება. პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რუსული მხარე ქართულ სერტიფიკატებს აღიარებს და ამ სერტიფიკატის მქონე პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიღება.

„რუსი ექსპერტები საქართველოში დაათვალიერებენ საწარმოებს, ლაბორატორიას და სერტიფიკაციის გაცემის წესს გაეცნობიან. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რისი დაცვაც მკაცრად მოგვეთხოვება. სისტემას გაეცნობიან და შესაბამის დასკვნას გამოიტანენ, ჩვეულებრივი პროცესია. როგორც კი მუშაობას დაასრულებენ, ექსპორტისთვის სამზადისს შევუდგებით. პროდუქტი შემოწმდება ადგილზე, ასევე საბაჟოზეც და შემდეგ უკვე რუსეთშიც, სანამ სავაჭრო ქსელში შევა.

ყველა პირობაა იმისთვის, რომ ექსპორტისთვის მოვემზადოთ. ზუსტი თარიღი არ ვიცით, თუმცა პროცესი დროში არ გაიწელება. შემოწმების პროცესი ერთ კვირას გასტანს, საბოლოო დასკვნა გაკეთდება და ონიშჩენკოს გადაწყვეტილებას დაველოდებით“, - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი გიგა ქუდოვანიძე.

სავარაუდოდ, სექტემბრიდან სავარაუდოდ, სექტემბრიდან რუსეთში ქართული ხილი და ბოსტნეული შევა. ექსპორტზე, პირველ ეტაპზე, დაბალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე პროდუქციას, კერძოდ, თხილს, ჩაის და მშრალ ხილს გაიტანენ.

ეს საკითხი რომ გადაწყვეტილია, შემდეგი ფაქტიც მოწმობს - საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს 2013 წლის 6-7 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ქ. მოსკოვში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა“ და რუსეთის ფედერაცის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების შესაძლებლობები.

რუსეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში პროცედურების შეჩერების გამო, ორ ქვეყანას შორის გადაზიდვებით დაკავებულები არიან აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის გადამზიდავები. ამიტომ ქართულმა მხარემ პრინციპულად დააყენა საავტომობილო მიმოსვლის აღდგენისათვის ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის საკითხი, რასაც რუსული მხარეც დაეთანხმა.

მხარეებს შორის პირველ ეტაპზე გაიცვალა 500 ერთეული სატვირთო გადაზიდვის ნებართვა 2013 წლისათვის, რაც საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდველებს გადაზიდონ ტვირთი რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით. მოხდა ასევე შეთანხმება მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცვლის თაობაზეც.

მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის, რაც 2006 წლიდან შეწყვეტილი იყო.