საქართველოს პრეზიდენტისა და მინისტრების დაპისრიპირებამ უკვე სერიოზული ხასიათი მიიღო. თუ ადრე სააკაშვილისადმი უმწვავესი განცხადებებით (მთავრობის წევრთა დიდმოხელეებს შორის) კახა კალაძე გამოირჩეოდა, ახალ მას მხარი სხვებმაც აუბეს. ამჯერად კი დაპირისპირება ტურიზმმა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეფასებამ გამოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიას ესტუმრა. იგი ტურისტული სეზონისა და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა, რომელთა განხორციელება წინა მთავრობის დროს დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროექტების გაგრძელება, რადგან, ერთი მხრივ, აქ დასაქმებული მოსახლეობა არ დარჩეს უმუშევარი და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო განვითარდეს ანაკლიის საკურორტო ზონა.
სააკაშვილის ანაკლიის მსგავსი კლიმატი საქართველოში მხოლოდ ორ ადგილზეა - გაგრასა და ბიჭვინთაში. ამიტომ, მისი თქმით, ამ ადგილის განვითარება მნიშვნელოვანია კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც. პრეზიდენტის ინფორმაციით, ანაკლიის სასტუმროებში ქართველ დამსვენებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც იმყოფებიან, რაც, მისი თქმით, მკაფიო პასუხია მათ ბრალდებაზე, ვინც ამ ობიექტების მშენებლობას ხელისუფლების ზეწოლად აფასებდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სააკაშვილის პათოსმა და პოზიციამ აღაშფოთა და პრეზიდენტს პასუხი მყისვე შეაგება. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიაში მიმდინარე პროექტები შეჩერდა, რამაც მისი, როგორც საკურორტო ზონის, განვითარება შეაფერხა.
„პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, ცრუობს. გარდა ამისა, ის დღემდე ვერ ასხვავებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ფუნქციებს. ანაკლიაში ინფრასტრუქტურული პროექტები რომ არ შეჩერებულა, ამას იქ მიმდინარე სამუშაოებიც ადასტურებს, რადგან ამ დროისთვისაც მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გარდა ამისა, ერთი თვის წინ ხელი მოეწერა 60 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს, რომლითაც, ფოთსა და ქუთაისთან ერთად, ანაკლიას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამუშაოები სულ მალე დაიწყება.
ამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, ანაკლიაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იწყება - ესაა ანაკლიის 4-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის ტეტრაპოდებით გამაგრება. მსგავსი მეთოდით საქართველოში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. დაგეგმილია ანაკლიის პლაჟის კეთილმოწყობაც, რაც კურორტს ტურისტებისთვის გაცილებით მიმზიდველს გახდის.
რაც შეეხება ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობას, არაერთხელ გვითქვამს და ახლაც მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, სახელმწიფომ ბიუჯეტის ხარჯზე აშენოს სასტუმროები და კაფეები და ამაში ათეულ მილიონობით ლარი გაფლანგოს ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. სახელმწიფოს ფუნქცია ადგილებზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.
ანაკლიაში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მისი, როგორც პერსპექტიული საკურორტო ზონის, განვითარებას უწყობს ხელს და სულ მალე შევქმნით ისეთ პირობებს, რომ ეს ადგილი როგორც ტურისტისთვის, ისე ბიზნესის განვითარებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, ვიდრე ეს ამ წლების მანძილზე იყო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, უარი თქვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
სააკაშვილის მწვავე კრიტიკაში სამინისტროს არ ჩამორჩა ტურიზმის ადმინისტრაციაც. საერთოდ, ბოლო დროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ რამდენჯერმე გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სიცრუეში დაადანაშაულა. მისი რეაქცია პრეზიდენტის განცხადებებმა გამოიწვია.
„ერთადერთი, რაც აცოცხლებს დღეს საქართველოს ეკონომიკას, არის ჩემ მიერ, ჩვენ მიერ შექმნილი და მათ მიერ დაწუნებული ტურიზმი, მაგრამ ამას თუ მუდმივად წყალი არ უსხი, ეს გაიფურჩქნება და მერე დაჭკნება. წყალი არის უსაფრთხოება, წყალი არის რეკლამა, წყალი არის ქვეყანაში ზოგადი დადებითი კლიმატი. ამიტომ CNN-ზე და BBC-ზე რეკლამას სხვა ფუნქციაც ჰქონდა, უსაფრთხოების ფუნქციაც“, - ასე შეაფასა ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობა სააკაშვილმა.
გიორგი სიგუამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უარს ამბობს ძვირადღირებულ პიარკამპანიაზე დასავლეთის ქვეყნებში და მეზობელ სახელმწიფოებში სარეკლამო აქტივობით შემოიფარგლება. ძირითად მიმართულებებს შორის სახელდება რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასე შემდეგ. სიგუას განცხადებით, მას ურჩევნია თანხები მიზნობრივ ბაზრებზე დაიხარჯოს:
„მირჩევნია, რომ დავხარჯო ფული იმ მიზნობრივ ბაზრებზე, საიდანაც არის პირდაპირი ავიარეისები, საიდანაც არის უვიზო რეჟიმი, საიდანაც არ არის ენობრივი ბარიერი. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო CNN-ზე საქართველოს გარეკლამების, თუმცა ვთვლი, რომ იმ თანხად, რაც ეს ღირს, გაცილებით მეტი შედეგის მიღწევა შეიძლება უკრაინაში, პოლონეთში“, - ამბობს სიგუა.
„ივლისში ბათუმში საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ეს რიცხვი არის 609 ათას 189 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც არის აბსოლუტური რეკორდი ამ თვისთვის. 2013 წლის 1-ლი აგვისტოსთვის ჩვენ უკვე გვყავდა 2 მილიონ 797 ათას 910 ვიზიტორი.
რაც შეეხება მიხეილ მიუნჰაუზენისა და მისი დამქაშების განცხადებას, თითქოს, ქუთაისის აეროპორტი არ მუშაობს და მას საქართველოს მთავრობა ვერ უვლის, გეტყვით, რომ რეისების რაოდენობა 10 თვის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - დასძინა გიორგი სიგუამ.