„ამ ომის დასრულება იმაზეა დამოკიდებული, მსოფლიო რაზე შეთანხმდება - რა უნდა იყოს რუსეთის დამარცხება და რა უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება“

„ამ ომის დასრულება იმაზეა დამოკიდებული, მსოფლიო რაზე შეთანხმდება - რა უნდა იყოს რუსეთის დამარცხება და რა უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება“

უკრაინაში ფრონტის ხაზზე ახლა ორი მნიშვნელოვანი ცხელი წერტილია. რუსები უკრაინელებს ბახმუტის და კუპიანსკის მიმართულებაზე უტევენ. საქართველოს შეიარაღებული გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ უკრაინელებიც და რუსებიც ახლა პოზიციურ დაპირისპირებაში იმყოფებიან, ხოლო იმისთვის, რომ უკრაინამ გაზაფხულზე კონტრშეტევა წამოიწყოს, დასავლეთის მხრიდან იარაღის მიწოდება სჭირდება. ამიტომ წინასწარ რთულია იმაზე საუბარი, ფრონტის ხაზზე მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს, ბევრი რამ ისევ დასავლეთის გადაწყვეტილებაზე და უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე იქნება დამოკიდებული. ამ და სხვა კითხვებზე გენერალი for.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.

რა ხდება ახლა ბრძოლის ველზე, სად არის ძირითადი ცხელი წერტილები და ვის მხარეს არის უპირატესობა?

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, ამ ეტაპზე პოზიციური დაპირისპირებაა. ის ქადილი, რომ რუსებს 24 თებერვალს ბახმუტი უნდა აეღოთ, არ გამოუვიდათ. მერე თქვეს, რომ პირველ მარტს უნდა ავიღოთო და ეგეც არ გამართლდა. ახლა კიდევ თავს იმშვიდებენ, რომ პირველ აპრილს ავიღებთო. თუმცა, ჯერჯერობით, ამის რაიმე წინაპირობა არ ჩანს. აღნიშნულ ვითარებაში ფრონტის ხაზზე ორი ცხელი წერტილია, ეს არის ბახმუტი-ავდეევკა და კუპიანსკის მიმართულება. აშკარად ჩანს, რომ რუსებმა ბახმუტის მიმართულებაზე ყურადღება შეამცირეს და დიდად შეტევებს აღარ ახორციელებენ. ეს რამოდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული. მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ის დაპირისპირებაა, რომელიც ვაგნერსა და რუსეთის გენშტაბს შორის არსებობს.

ახლა მთავარი დატვირთვა ავდეევკას და კუპიანსკის მიმართულებაზე გადაიტანეს. ავდეევკის მიმართულებაზე რუსები ალყის გაკეთებას ცდილობენ, თუმცა აქაც ისე ადვილად ვერაფერს ახერხებენ. კუპიანსკის მიმართულებაზე კი თითოეული გოჯი მიწისთვის ორივე მხარე თავგანწირვით იბრძვის. ორივე მხარე სერიოზულ დანაკარგს განიციდის. რუსები ისევ მობილიზაციის გამოცხადებას იწყებენ. არადა სულ ნახევარი წლის წინ სადღაც 3000-იანი კონტიგენტი შეკრიბეს. აშკარად ეტყობათ, რომ ამ კონტიგენტს შევსება სჭირდება. რაც შეეხება სამხრეთის მიმართულებას, საუბარია ზაპროჟიეზე, აქ აქტიურ საჯარისო დაპირისპირებას ადგილი არა აქვს. უფრო საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობს.

ზელენსკის განცახდებაზე მინდა გკითხოთ, სადაც ის ამბობს, რომ გაზაფხულზე კონტრშეტევის წამოსაწყებად მათ სათანადო იარაღი არა აქვთ და ამისთვის დახმარებას ითხოვს. რა სიტუაციაშია ახლა უკრაინა?

- ვინაიდან ახლა პოზიციური ბრძოლები მიდის, დაპირისპირების დროს სამხედრო მასალაში ძალიან დიდი ხარჯვა აქვთ. მაგალითად, რუსების მხრიდან დღე-ღამური ხარჯი 17 ათასიდან 20 ათასამდე გასროლილი ჭურვია, რომელსაც უკრაინელები 5 დან 7 ათასამდე პასუხობენ. ეს რომ ერთ თვეზე გადავიყვანოთ, უკრაინა, დაახლოებით, საშუალოდ, 300 000 ჭურვს საჭიროებს. ეს კი რთულად შესაგროვებელი მარაგია. უკრაინამ კონტრდარტყმა რომ შეძლოს, ჯერ ეს რესურსი უნდა ჰქონდეს. ამიტომ მას კონტრშეტევაზე გადასასვლელად, მომზადებულ დანაყოფებთან ერთად, ამ რაოდენობის შეიარაღება სჭირდება. ნუ, რიგი მიზეზების გამო დასავლეთიდან ამას ერთნაირად ვერ იღებს. აქ არის მარაგებზე საუბარი, რომ თავად დასავლეთშიც ამის მობილიზება რთულია და ა.შ.

ბელარუსის ტერიტორიაზე რუსების მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება რას ნიშნავს და არის თუ არა ეს პუტინის მხრიდან მსოფლიოს დაშანტაჟების მორიგი მცდელობა?

- სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, ეს არანაირი მნიშვნელობის მატარებელი არ არის. თუ საცავს გააკეთებენ, ეს არ მოხდება, არც უკრაინის და არც პოლონეთის საზღვრებთან ახლოს. ეს იქნება ბელარუსის სიღრმეში. რაკეტის გასროლის მანძილზე რამდენიმე კილომეტრის მიმატებას, არსებითად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უფრო, სუფთა პოლიტიკური აქტია, პუტინი ამით ისევ კუნთების ჩვენების მცდელობით არის დაკავებული და მეორე - ვითომ, ამით უკრაინის საზღვარს მიუახლოვდა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან, ეს არის ბელარუსის რუსეთზე საბოლოო მიბმა. როცა ეს განხორციელლდება, ბელარუსს, უბრალოდ, გაიფორმებს. ეს ქვეყანა რუსეთთან ერთად ჩაძირვის დიდი კანდიდატი იქნება.

რა შემთხვევაში შეიძლება პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტოს და ამით ხომ არ არის განპირობებული დასავლეთის სიფრთხილე, თუნდაც უკრაინისთვის იარაღის სრულად მიწოდებაზე? ანუ, არ უნდათ, რომ ეს რისკი რეალური გახადონ. თავად დასავლეთი ამას რამდენად სერიოზულად აღიქვამს?

- რუსეთს ყველაზე მძიმე სიტუაცია როცა ჰქონდა და უკან დახევა დაიწყეს, მაშინაც კი არ ყოფილა ნიშნები, რომ პუტინი ამ რისკზე წასვლას აპირებდა. პუტინის პერიოდული განცხადებები, რომ გადაყვანილია სტრატეგიული ძალები საბრძოლო მოქმედების უმაღლეს დონეზე, ეს არის ბლეფი, რადგან სტრატეგიული ძალები ისედაც უმაღლეს დონეზეა გადაყვანილი. ამის გარდა არსებობს ის ინდიკატორები, რომელიც ბირთვული მუქარის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. დასავლეთის ყველა სახის დაზვერვა, იქნება ეს კოსმოსური თუ რადიაციული, ყველა მათგანი ამ მიმართულებას უმაღლეს დონეზე აკვირდება. არ გამოეპარებათ რუსეთის პატარა გატოკებაც კი. იმედია, რომ რუსეთი მზად არასდროს იქნება, რომ ბირთვული იარაღით ომისთვის მომზადება დაიწყოს. ეს იქნება უდიდესი კატასტროფა, რომელსაც, პირველ რიგში, რუსეთის განადგურება შეუძლია. პუტინის გარშემო არის ხალხი, რომლებიც მას ამ სიგიჟეს, ბოლომდე მჯერა, რომ არ ჩაადენინებენ. ამის უფლება სულ მცირე 7-მდე კაცმა მაინც უნდა მისცეს. ასე არაა, რომ პუტინი რაღაცას გადაწყვეტს და ხელს დააჭერს.

ჩინეთის როლზე მინდა გკითხოთ, პუტინი ჩინეთის ლიდერს შეხვდა, რომლის მხრიდან შესაძლო დახმარება უკრაინის ომზე გავლენას მოახდენს. დიდი ხანია პუტინი ჩინეთისგან დახმარების მიღებას ცდილობს და ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩინეთი ამ ომში რუსეთის მხარეს დაიკავებს, ეს ომის ბედს მის სასარგებლოდ გადაწყვეტს. რამდენად რეალურია ამ  მიმართულებით ჩინეთის გააქტიურება?

- ახლა ჩინეთს უკრაინაში გაჭიანურებული ომი ყველაზე მეტად აწყობს. ეს არის რუსეთის დასუსტება. რუსეთი და ჩინეთი ვერასდროს სტრატეგიული პარტნიორები ვერ გახდებიან. ამის მიზეზი კი საერთო კონკურენციის არეალებია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს ვიზიტი პუტინს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ჩინეთს. პუტინმა ვითომ ამით მსოფლიოს აჩვენა, რომ მთლად ესე მარტოც არ არის. ჩინეთისთვის კი ეს არაფრისმთქმელი და განმცხადებელი ვიზიტი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირი გააჩნია, მაგრამ სამჯერ მეტი ეკონომიკური კავშირები აქვს ჩინეთს ამერიკასთან. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს, ჯანკოის ბოლო დაბომბვა უკრაინელებმა ჩინური წარმოების დრონებით განახორციელეს. ეს სიტუაცია ყველაზე მეტად ჩინეთს აწყობს. მას დასუსტებულ რუსეთთან უფრო მეტი უპირატესობის მოპოვება შეუძლია. ამიტომ ჩინელები თამაშობენ ისე, როგორც თავად აწყობთ.

ამ სიტუაციაში რაზე იქნება ომის დასრულება დამოკიდებული და კიდევ რამდენ ხანს შეიძლება დროში გაიწელოს? ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ წელს უკრაინამ რუსეთის გადატეხვა უნდა შეძლოს. რა კონტურებიც ახლა იკვეთება, რისი პროგნოზირების გაკეთებაა შესაძლებელი?

- პირველ რიგში, ეს არის ბრძოლის ველზე რუსეთის სამხედრო დამარცხებაზე დამოკიდებული. არ მგონია, რომ პუტინი თუ შეიცვალა და პირობითად ხელისუფლებაში პროგოჟინი მოვიდა, ამით რამე შეიცვლება. პუტინზე უკეთესიც რომ მოვიდეს, ეს პოლიტიკა მაინც არ შეიცვლება. ყველაზე დემოკრატი ელცინი ჰყავდათ, მაგრამ ზუსტად მის დროს იყო ჩეჩნეთის და აფხაზეთის ომები. ამიტომ ზედა ეშელონებში ცვლილებები ვერაფერს შეცვლის, რაც, დიდი ალბათობით, არ მოხდება. ამ დაპირისპირების დასრულება დიდად არის იმაზე დამოკიდებული, მსოფლიო რაზე შეთანხმდება, რა უნდა იყოს რუსეთის დამარცხება და რა უნდა იყოს უკრაინის გამარჯვება. დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ის მარაგები, რაც მას გააჩნდა სამხედრო აღჭურვილების სახით, უკვე გახარჯა. ამიტომ მას მუდმივად დახმარება ესაჭიროება. გასარკვევია ვინ რაზე შეთანხმდება - ეს უნდა იყოს სტატუს-კვო 24 თებერვლამდე, თუ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება? ეს იქნება იმაზე დამოკიდებული, მსოფლიო რა გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდება. რუსეთს ახლა ომის გაწელვა აწყობს. თუნდაც დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. არა მარტო რუსეთში, 2024 წელს ევროპის სხვა ქვეყნებში და ამერიკაშიც არჩევნებია. ამიტომ მთავარია დასავლეთში ომით გადაღლა არ მოხდეს. ბევრი რამე ამაზეც იქნება დამოკიდეებული.

 

merab რუსეთი რომ გატოკდება, ბრიტანეთს 14 წუთი აქვს და ამერიკას ალბათ -20. ისიც, თუ კონტინენტიდან გაუშვა რაკეტა და თუ გემიდან, წყალქვეშა ნავიდან ან თვითმფრინვიდან - გაშვება და დარტყმა მომენტალური იქნება.
დააიმედე ლიბერალები უფრო მონდომებულად! ჟანგიანი ტანკები და ბომბები უთავდებათი!
1 წლის უკან